ახალი დუბაი
მოულოდნელად, ტურიზმის სამინისტრო ძალიან “ღია” გახდა. თუკი ადრე შეუძლებელი იყო სტატისტიკური მონაცემების მოძიება, ახლა ეს უწყება ანგარიშებს ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებს. საიდან მოდის ეს სიკეთე? საქმე ისაა, რომ 2015 წლის ნოემბრიდან გამარტივდა ვიზის გაცემა არაბეთის გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებისათვის, 2016 წლის თებერვალში კი – ყატარის, ომანის, საუდის არაბეთის, იაპონიის, ჩინეთის სინგაპურისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ამ ზომამ გავლენა მხოლოდ გაერთიანებული საემიროებისა და ბაჰრეინის შემთხვევაში იქონია. მაგალითად, ბაჰრეინიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 42-დან 322-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ამ სფეროს განსაკუთრებული აღმავლობა არ დაფიქსირებულა, თუმცა, ეს ხელს არ უშლის ტურიზმის სამინისტროს იტრაბახოს, რომ გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, გასული წლის ივლისის მონაცემებთან შედარებით, 100-ჯერ გაიზარდა.
რაც უფრო მეტად ეფლობა აზერბაიჯანის ეკონომიკა კრიზისში, მით უფრო მეტს ლაპარაკობენ ტურიზმის განვითარებაზე. რაღაც გაურკვეველი მიზეზით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ტურიზმის განვითარება ეკონომიკის არასანავთობო სექტორის ყველაზე “მარტივი” მიმართულებაა. მაგრამ, სამწუხაროდ, მატულობს მხოლოდ საუბრების სიხშირე, რეალური აქტივობა კი ძველ ნიშნულზე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა 2002 წლიდან ტურიზმის განვითარების ორი პროგრამა მიიღო, ეს ქვეყანა ამ სფეროში მეზობელ საქართველოსაც კი ვერ უწევს კონკურენციას. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აქტიურად იყენებს სტატისტიკას და ცდილობს ტურისტული სექტორის “ზრდის” დემონსტრირებას. მაგალითად, ხშირად აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მშპ-ის 4,5% ტურიზმზე მოდის.
ქვეყანას ტურისტები შემოესევიან
პირველ რიგში, ტურიზტის მნიშვნელობა განვსაზღვროთ. გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, ტურისტად მიიჩნევა “ინდივიდი (ადამიანი), რომელიც 24 საათიდან ერთ წლამდე პერიოდის განმავლობაში პირადი (საქმიანი, ტურისტული ან სხვა) მიზნებითა და სურვილით გადაადგილდება და, თან თავის ქმედებებისთვის ანაზღაურებას არ იღებს.” აზერბაიჯანში ტურისტების კატეგორიას მიაკუთვნებენ თითქმის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყანას სტუმრობს. სტატისტიკურ მონაცემებში ცალკე გრაფა ეთმობათ იმ პირებს, რომლებიც “ქვეყანაში ერთ დღეზე ნაკლები ვადით შემოდიან”. ტურისტებად არ განიხილებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც აზერბაიჯანში სამუშაოდ ჩადიან (2015 წელს ამ კატეგორიაში 84 ათასი ადამიანი მოხვდა). ყურადსაღებია, რომ 2011 წლამდე ის პირები, რომლებიც აზერბაიჯანში მცხოვრები ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად ჩამოდიოდნენ, ტურისტების კატეგორიაში არ ხვდებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით სტატისტიკის სახელმწიფო კომისიამ გადაწყვიტა, ეს ადამიანებიც ტურისტების რიცხვში შეეყვანა. შედეგად 2011 წელს მოულოდნელად, ტურისტების რიცხვი 274 ათასი ადამიანით გაიზარდა (იმ 374 ათასი ადამიანის ხარჯზე, რომლებიც ნათესავების მოსანახულებლად ჩამოვიდნენ) 2012 წლს კი ამ მაჩვენებელმა 424 ათასით იმატა (ნათესავების მოსანახულებლად ჩამოსული ადამიანების რიცხვმა იმ წელს 608 ათასი შეადგინა).
აზერბაიჯანში ჩამოსული ტურისტების საერთო რაოდენობაზე საუბრისას მინისტრებისა და სხვადასხვა უწყებების განცხადებებში ქვეყანაში შემოსული ადამიანების საერთო რაოდენობაა მითითებული. ამიტომ ხშირად აღნიშნავენ, რომ 2011 წელს (რომელიც “ტურიზმის წლად” გამოცხადდა) ვიზიტორების ორმილიონიანი ზღვარი გადაილახა (თუმცა, სინამდვილეში ოფიციალურად, ტურისტების რაოდენობა მხოლოდ 1,5 მილიონით განისაზღვრებოდა), 2013 წელს კი ვიზიტორთა რაოდენობამ ორ მილიონ-ნახევარს გადააჭარბა. ამიტომ, უწყებების მიერ მოყვანილ რიცხვებს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აზერბაიჯანში შემოსულ ყველა უცხოელს ტურისტად მივიჩნევთ, მათი რაოდენობა იმ აზერბაიჯანელებზე ნაკლები იქნება, რომლებიც უცხოეთში ტურისტული მიზნებით ჩადიან.
აქ ბევრ ფულს დახარჯავენ
ამ შემთხვევაში, გასაგებია, თუ საით არის მიმართული ხელისუფლების მიერ ტურიზმის სტიმულირებისთვის გაწეული ძალისხმევა. ტურიზმის მთავარი მიზანი ხომ უცხოური ვალუტის მოზიდვაა. თავისთავად, ტურიზმს უზარმაზარი შემოსავლის მოტანა არ შეუძლია (მაგალითად, ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებმა 5,5 მილიონი მანათი გამოიმუშავეს). სამაგიეროდ, ტურიზმი უცხოური ვალუტის მუდმივი და სტაბილური წყაროა. უცხოური ვალუტა კი აუცილებელია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორციცაა, მაგალითად, აზერბაიჯანი, რომელსაც ამ რესურსის მიღების არც ისე ბევრი საშუალება აქვს – განსაკუთრებით, დევალვაციისა და კრიზისის პირობებში.
მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ტურიზმიდან შემოსული უცხოური ვალუტა არაფერზე მოქმედებს, რადგან საზღვარგარეთ გასული აზერბაიჯანელები “ტურისტული მომსახურებების” (აქ მხოლოდ ტურისტული ხარჯები იგულისხმება, და არა ინვესტიციები და სხვ.) მისაღებად უცხოელების მიერ აზერბაიჯანში დატოვებულ თანხაზე მეტს ხარჯავენ.
ტურიზმით მიღებული შემოსავლების სალდო ჩვენს ქვეყანაში უარყოფითია. მინიმალური მაჩვენებელი 2012 წელს აღინიშნა. იმ წელს აზერბაიჯანში მრავალრიცხოვანი საერთაშორისო ღონისძიება (სხვადასხვა ტიპის ფესტივალები, კონფერენციები და ა.შ.) გაიმართა, რომლებსაც ათასობით სტუმარი დაესწრო. მომდევნო წლებში ასეთი პროექტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, მინიმუმს 2015 წელს მიაღწია, და უცხოელების ხარჯების სრული დაფარვის ტენდენცია საგრძნობლად იყო შემცირებული.
ფაქტობრივად, ტურიზმს მხოლოდ ადგილობრივი და უცხოური ავიაკომპანიებისთვის მოაქვს შემოსავალი, დანარჩენი ეკონომიკა კი, შეიძლება ითქვას, ტურისტების შემოსვლას ვერც კი “გრძნობს”.
ქვეყანაში შემოსული ადამიანების უმრავლესობა აქ არა ფულის დასახარჯად, არამედ ნათესავების მოსანახულებლად და კონტრაქტების დასადებად (კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად და ა.შ.) ჩამოდის.
ჩვენთან ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან
ამასთან, აზერბაიჯანში ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილი სულ რამდენიმე ქვეყნდან ჩამოდის. კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილის ნ.სამედოვის თქმით ტურისტების 95 პროცენტი რუსეთიდან, საქართველოდან, თურქეთიდან და ირანიდან შემოდის. სინამდვილეში, ოფიციალური მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მცირეა, მაგრამ ამ ქვეყნების მოქალაქეები მაინც აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ. მხოლოდ ბოლო დროს შეინიშნება გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით. ამ ოთხეულის ხვედრითი წილი თანდათან მცირდება (განსაკუთრებით “არაბული ზაფხულის” შემდეგ), მაგრამ მთლიანობაში ეს ქვეყნები დომინანტურ მდგომარეობას მაინც ინარჩუნებენ.
ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტურიზმის მდგომარეობა აზერბაიჯანში არ უმჯობესდება. ტურისტების ძირითად ნაკადს რუსეთში, თურქეთსა და ისრაელში გადახვეწილი, ნათესავებისა და მეგობრების სანახავად ჩამოსული აზერბაიჯანელები და ქართველი და ირანელი აზერბაიჯანელები ქმნიან. 2015 წელს განსაკუთრებული ცვლილებები არც მომხდარა. მათი საერთო წილი მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა და 84,5%-ს გაუტოლდა. შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული ღონისძიებების ჩატარება არცაა საჭირო – ეს ადამიანები ისედაც ჩამოვლენ ხოლმე.
ჩვენი ცნობიერებისთვის ტრადიციული “უცხოელი ტურისტები” აქ, ფაქტობრივად, არ არიან. 2014 წელს მათი ხვედრითი წილი მხოლოდ 7-8%-ს შეადგენდა.
ახალი დუბაი
ტურიზმის განვითარების პრობლემებზე საუბრისას ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი – ობიექტური აუცილებლობა და ინფრასტრუქტურის არსებობს.
შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანი სხვა საკურორტო ზონებისგან არაფრით გამოირჩევა. აქ მხოლოდ რამდენიმე უნიკალური ადგილი გვხვდება. მაგალითად, ნაფთალანი – სამკურნალო კურორტი, სადაც ნაფტალანის უნიკალურ ნავთობს მოიპოვებენ. 80-იან წლებში ნაფტალანის რეკორდი წელიწადში 75 ათასი დამსვენებლით განისაზღვრა; და ეს მაშინ, როდესაც ქალაქში სულ 3 ათასი ადამიანი ცხოვრობდა (ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა რიცხვი კიდევ უფრო მცირე იყო). ოფიციალურად, ქალაქში 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 2015 წელს კი დამყარდა რეკორდი – კურორტს 16 ათასი ტურისტი ეწვია, რომელთაგან მხოლოდ 3 ათასი იყო უცხოელი. ჩვენ არსებულ პოტენცალსაც კი ვერ ვიყენებთ (ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალაქს შეუძლია, დღეში 2 ათასი ტურისტი მიიღოს, თუმცა, 2016 წელს მთელი პირველი კვარტალის განმავლობაში მხოლოდ 3 ათასი ადამიანი მიიღო).
სხვა კოზირების გათამაშებაც შეგვიძლია, მაგრამ ამჟამად ჩვენ “დუბაის გზას” ვადგავართ. ამასთან, არც ვფიქრობთ იმაზე, თუ ვინ ჩამოვა ბაქოში მაშინ, როდესაც დუბაი და სტამბოლი არსებობს.
ინფრასტრუქტურის საკითხიც მოიკოჭლებს. ოფიციალურად, ქვეყანაში მხოლოდ 19 ათასი ნომერი და დაახლოებით 38 ათასი ადგილია. შესადარებლად შეგვიძლია გავიხსენოთ თურქეთის პატარა ქალაქი მარმარისი, რომელსაც დღეში 40 ათასი ადამიანის მიღება შეუძლია (ყოველწლიურად კი ამ ქალაქს 3,3 მილიონი ადამიანი სტუმრობს, აზერბაიჯანს კი 2015 წელს 2 მილიონი ადამიანი ესტუმრა). თუკი პერსპექტივებზე ვისაუბრებთ, აქაც პრობლემებს გადავაწყდებით. საერთაშორისო “კონსალტინგჯგუფის”, JLL-ის მონაცემებით, ქვეყანაში საექსპლუატაციოდ 1200 ნომერი გაიცა და ჩვენ რუსეთის შემდეგ პირველი ადგილი დავიკავეთ. ერთი წლით ადრე მესამე ადგილზე ვიყავით, მაგრამ 2016 წელს ოფიციალრად მხოლოდ 148 ნომრის გაცემა იგეგმება. შედეგად, ჩვენ დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანას ჩამოვრჩით და ბოლოდან მეორე ადგილზე გავედით.
ტურიზმის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული 340 სასტუმროდან 149 ბაქოშია განლაგებული. ამასთან ასი “ვარსკვლავებიანი” სასტუმროდან 25 ხუთვარსკვლავიანია, 20 კი – ოთხვარსკვლავიანი. ანუ ყოველი მეოთხე სასტუმრო ხუთვარსკვლავიანია – მაშინ, როდესაც მსოფლიოში, საშუალოდ, ყოველი მეათე სასტუმროა ხუთვარსკვლავიანი. ბოლო დროს გახსნილი სასტუმროების უმრავლესობა კი ხუთვარსკვლავიანია.
ფაქტობრივად, გამოდის, რომ ჩვენ ტურიზმის მხოლოდ მიმართულებებს ვავითარებთ, რომლებიც მდიდარ “არისტოკრატებზეა” გათვლილი. მაგრამ აქ ჩნდება შეკითხვა – რატომ? მათი საერთო რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის 1%-ს არ აჭარბებს. ისინი უკვე ისვენებენ აშშ-ში, ევროპასა და დუბაიში. კასპიის ზღვისთვის აქ არავინ ჩამოვა. ამასთან, ტურიზმის ამ სექტორს მხოლოდ ცალკეული მეწარმისთვის მოაქვს შემოსავალი, და არა ქვეყნისთვის.
ერთხელ, ერთ-ერთი დიდი ღონისძიების წინ, საფრანგეთის ელჩმა აზერბაიჯანში აღნიშნა, რომ თვითფრინავით პარიზიდან ბაქოში ჩასვლა საშუალოსტატისტიკურ ფრანგს იმდენივე უჯდება, რამდენიც სამკვირიანი ტური ღირს პორტუგალიაში, სადაც ამ ფასად სამვარსკვლავიან სასტუმროში შეიძლება ცხოვრება. ასეთი ხარჯის გათვალისწინებით, ადვილი მისახვედრია, თუ რატომ ჩავა ის საშუალოსტატისტიკური ფრანგი პორტუგალიაში, ესპანეთში, ტუნისსა და სხვა ქვეყნებში, მაგრამ არ ჩავა აზერბაიჯანში. ძვირი ავიაბილეთები, ვიზებთან დაკავშირებული დაბრკოლებები და ძვირიანი სასტუმროები ტურისტის ქცევაზე ახდენს გავლენას.
ბუნებრივია, გარკვეული ტიპის ცვლილებებიც მოხდა. ვიზის ღირებულება შემცირდა და, დევალვაციის გამო, საცხოვრებელი ხარჯებიც შემცირდა, მაგრამ ეს საკმარისი მიზეზი არ არის საიმისოდ, რომ ტურისტებმა საქართველო, ან ტუნისი აზერბაიჯანით ჩაანაცვლონ.
“ევროვიზია” დაგვეხმარა
ყველა შემთხვევაში, მთავრობა აღნიშნავს, რომ ევროვიზია, პირველი ევროპული თამაშები და ფორმულა 1 აზერბაიჯანის იმიჯს მაღლა წევს და ქვეყანაში ტურისტებს იზიდავს. მაგრამ მოდით, დეტალურად განვიხილოთ, რომელმა ღონისძიებამ რამდენი ტურისტი მოიზიდა. ამისათვის გამოვიყენოთ ოფიციალური მონაცემები, რომლებიც ამ ღონისძიებების დასრულებისთანავე გამოქვეყნდა.
კულტურისა და ტურიზმის მინისტრის განცხადებით, “ევროვიზია 2012”-ის მიმდინარეობის პერიოდში, 15 დღის განმავლობაში, აზერბაიჯანში 103 ათასი ადამიანი ჩამოვიდა. ამასთან, 6-7 ათასი ადამიანი მონაწილეთა დელეგაციებში შედიოდა. უშუალოდ ტურისტული მიზნებით 50 ათასი ადამიანი ჩამოვიდა. მაგრამ “ევროვიზია” – არა 15, არამედ 6 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის მონაცემებით, კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში აზერბაიჯანში 10 ათასზე მეტი ტურისტი ჩავიდა (შესაბამისად, ბაქოს სასტუმროს ნომრების ფონდის 95% დაკავებული იყო). თუკი 6-7 ათასიან დელეგაციას გავითვალისწინებთ, გამოვა, რომ ტურისტების რაოდენობა დაახლოებით 3-4 ათას ადამიანს შეადგენდა. საზღვარგარეთული მედიასაშუალებების მონაცემებით, აზერბაიჯანში 7 ათასი ტურისტი ჩავიდა (2014 წელს დანიაში “ევროვიზიის” კონკურსზე 39 ათასი ტურისტი ჩავიდა), რომლებმაც ქვეყანაში 10 მილიონი დოლარი დახარჯეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბაქოში გამართულ ევროპულ თამაშებზე 28 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა. ამასთან, ამ რიცხვში შედის სპორტული გუნდების შემადგენლობები, ტექნიკური მხარის პერსონალი და ჟურნალისტები (რომელთა საერთო რაოდენობაც 12 ათასს აღწევდა). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უცხოელების თითქმის ნახევარი ჩვენი სახსრებით ჩამოვიდა აზერბაიჯანში.
“ფორმულა 1”-თან დაკავშირებით ბაქოს აეროპორტმა საინტერესო მონაცემები მოგვაწოდა. 10-22 ივნისის პერიოდში ქვეყნიდან გაფრინდა 71 ათასი მგზავრი და ჩამოფრინდა 41 ათასი ადამიანი (მ.შ. ტექნიკური შემადგენლობის 800 წევრი). მაგრამ ყველა მათგანი ტურისტი არ არის. არ დაგვავიწყდეს საზღვარგარეთიდან ჩამოსული ჩვენი თანამოქლაქეები, რომელთა რაოდენობაც 13 დღის განმავლობაში დაახლოებით 24 ათასს ადამიანს შეადგენს. რჩება მხოლოდ 17 ათასი ადამიანი, რომელთაგანაც 1 ათასი მგზავრი ტექნიკურ პერსონალს წარმოადგენდა და, ამდენად, საერთო რაოდენობას ეს რიცხვიც უნდა გამოაკლდეს.
ამდენად, ღონისძიებათა რეიტინგი ასე გამოიყურება:
მთლიანობაში ღონისძიების ორგანიზებისათვის დაიხარჯა 3,8 მილიარდი, 250 მილიონი და 721 მილიონი აშშ დოლარი (Crystal Hall-ის მშენებლობის ხარჯებსაც თუ გავითვალისწინებთ). ამდენად, 59 ათასი უცხოელისათვის (რომელთაგან 20 000 ღონისძიების მონაწილე გახლდათ) 5 121 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი ტურიზმის აღმავლობაზე, მაგრამ სტატისტიკა ჯიუტია და გვეუბნება, რომ უახლოეს მომავალში ეკონომიკის ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივები არ არსებობს. 2016 წლისთვის მთელი აზერბაიჯანული ტურიზმის მიღწევად მხოლოდ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნოვრუზის დღესასწაულზე ბაქოს 44 ირანელი ესტუმრა, რომელთა ხარჯებიც 30-35 მილიონ დოლარს ვერ გადააჭარბებდა (სავარაუდოდ, ამ მაჩვენებელზე დაბალიც კი იყო – ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემები არ არსებობს). ასეთი “შემოტევამ” გამოიწვია ის, რომ ქალაქის ყველა სასტუმრო გაივსო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მთლიანად გადაიტვირთა. ასე რომ, თუკი ევროპელი ტურისტები გადაწყვეტდნენ, რომ იმ დღეებში ჩამოსულიყვნენ, მათ უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი არ ექნებოდათ.
სტატიაში გამოყენებულია სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემები და ინფორმაცია ღია წყაროებიდან:
http://www.cbar.az/lpages/statistics/external-sector-statistics/
http://stat.gov.az/news/?id=2887
http://www.kaspiy.az/news.php?id=28787
http://news.day.az/society/774756.html
http://mct.gov.az/styles/doc/mehmanxana.pdf
გამოქვეყნდა 30.08.2016