საქართველო: გვინდა თუ არა მასობრივი ტესტირება? ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ თანხმდება
კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების ფარგლებში მოწყვლადი ჯგუფების შემოწმებაც დაიწყება. covid-19-ზე ტესტირება იწყება მოხუცებულთა თავშესაფრებში და სათემო პანსიონატებში, სადაც შშმ ადამიანები იმყოფებიან. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს საკმარისი არ არის და ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური სურათის უკეთ დანახვის მიზნით მასობრივი ტესტირება უნდა დაიწყოს. ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგები კი ამბობენ, რომ ინფექციის კონტროლისთვის მიზნობრივი ტესტირება სჯობს.
29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5124 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 168 გამოჯანმრთელდა და 6 გარდაიცვალა.
ალგორითმის ჩამონათვალში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა, აქამდე სიმპტომიან პაციენტებთან ერთად კიდევ რამდენიმე სოციალური ჯგუფი შედიოდა. მათ შორის: იმ კლინიკების მედპერსონალი, სადაც პაციენტების დიდი ნაკადი მიდის, ჯარისკაცები, ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტები და სასულიერო პირები. ახლა ამ ჯგუფს მოხუცებულთა თავშესაფრების და სათემო პანსიონატების ბენეფიციარებიც დაემატებიან.
პროტოკოლის მიხედვით, ამ ჯგუფებში მყოფ ყველა ადამიანს სწრაფი ტესტი უტარდება. თუ ტესტის შედეგი ანტისხეულებზე დადებითია, მაშინ დამატებით ცხვირ-ხახის ნაცხს იღებენ PCR კვლევისთვის.
თებერვლიდან დღემდე საქართველოში covid-19-ზე 12 593 ადამიანია შემოწმებული. www.worldometers.info-ს მონაცემებით, საქართველო ყოველი 1 მილიონი ადამიანიდან კორონავირუსზე მხოლოდ 3157-ს ამოწმებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროპის მასშტაბით საქართველოზე ნაკლებ ტესტს აკეთებს უკრაინაა. უკრაინა ამ დროისთვის კორონავირუსზე 1 მლნ ადამიანიდან 2390 ადამიანს ამოწმებს. საქართველოზე უკეთესი მონაცემები აქვთ მეზობელ ქვეყნებს. აზერბაიჯანი 1 მლნ-დან 13082 ადამიანს უკეთებს ტესტს, ხოლო სომხეთი – 6813-ს.
ოპოზიცია და ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი მთავრობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის შეჩერებისა და ეკონომიკის დროული ამუშავებისთვის საქართველოში მასობრივი ტესტირების ჩატარებაა საჭირო.
თუმცა, ასე არ ფიქრობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და კორონავირუსის კონტროლის კლინიკური ჯკგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე. მისი თქმით, ინფექციის კონტროლისთვის ეფექტურია მიზნობრივი და არა მასობრივი ტესტირება.
ცერცვაძე ამბობს, რომ მთელი მოსახლეობის გამოკვლევა შეუძლებელია და მთავარია, გაფართოებული ტესტირება სამიზნე ჯგუფებში ტარდებოდეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ არასამიზნე ჯგუფებში კორონავირუსის დადგენის ალბათობა ძალიან დაბალია, სამიზნე ჯგუფები კი ყოველკვირეულად ფართოვდება.
“იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მასობრივი ტესტირება ჩაატარეს და ასახელებენ ყველაზე წარმატებულ ქვეყნებად, ისრაელს და გერმანიას, გადახედეთ, ნახეთ, ამ ქვეყნებმა შეძლეს, გამოეკვლიათ მოსახლეობის სულ 3%, მეტი ვერა. დანარჩენი 97% გამოუკვლეველია. მოახდენს ეს რაიმე სერიოზულ გავლენას ეპიდემიის კონტროლზე? არა, რა თქმა უნდა.
სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, თუ საქართველო ტესტირების საერთო რაოდენობის მხრივ ჩამორჩება რიგ ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფების ტესტირების მხრივ ის უსწრებს ძალიან ბევრ ქვეყანას,” – ამბობს ცერცვაძე.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
თენგიზ ცერცვაძის ამ განცხადებას ევროპული საქართველოს წევრი და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოეხმაურა.
“თუ ამ მაჩვენებლით წინ ვართ, მაშინ გაუგებარია, რატომ გვაქვს მნიშვნელოვანი ჩამორჩენა მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან”, – ამბობს ჭიაბერაშვილი და დასძენს, რომ აუცილებელია გაიზარდოს ტესტირების რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს უფრო ზუსტი ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა და ხელისუფლებამ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გამოაქვეყნოს არა მხოლოდ ტესტირების რიცხვი, არამედ ისიც, თუ ვის ჩაუტარდა ტესტირება და რა რაოდენობით უტარდება შემოწმება სამედიცინო პერსონალს.
“მთელი მოსახლეობა რომ გამოიკვლიო, ასეთი რამ არ არსებობს“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, გერმანიაში მხოლოდ სიმპტომიან ადამიანებს ტესტავენ და საქართველოც გერმანულ მოდელს მიჰყვება.
„ტელეკონფერენციაზე, რომელიც რობერტ კოხის ინსტიტუტთან გვქონდა, მათ ხაზი გაუსვეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომიან ადამიანებს ტესტავენ. ანუ, ვისაც სიმპტომი აქვს და შემდგომ, რა თქმა უნდა, სიმპტომებიდან, თუ დადებითია, გადიან კონტაქტებზე. ისევე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – ამბობს გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ საქართველო სერიოზულად ავსებს ტესტების მარაგებს.
„დღეს 21 000 PCR ტესტის მარაგი გვაქვს. ამაღამ, ჩარტერით ჩამოდის 40 000 ტესტი. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რომ მაისის ბოლოსთვის 100 000 და შემდეგ, ივნისისთვის ასევე 100 000 ტესტის მარაგი იყოს,“ – ამბობს გამყრელიძე.
მისი თქმით, ამჟამად საქართველოში დღეში დაახლოებით 700 ტესტი კეთდება, მაისში კი დღეში 1500-2000 ტესტი ჩატარდება.