ევროპაში უვიზოდ! მთავარი წესები
553 ხმით 66-ის წინააღმდეგ – 2 თებერვალს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სავიზო ლიბერალიზაციას საქართველოსთვის. გადაწყვეტილება მიღებულია – უკვე მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში იმოგზაურებენ. საქართველო სამხრეთ კავკასიის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლას მიაღწია.
ვინ და რა პირობებით ისარგებლებს უვიზო მიმოსვლით?
ინტერნეტში ტრიალებს სპეციალური ვიდეორგოლი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესებს აცნობს:
ევროპასთან უვიზო მიმოსვლით საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ისარგებლებს, რომელსაც ბიომეტრიული პასპორტი ექნება.
ბიომეტრიული პასპორტის აღება 10 სამუშაო დღის ვადაში იუსტიციის სახლში შეიძლება და იგი 100 ლარი ღირს.
ახალი წესების თანახმად, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია უვიზოდ გაემგზავროს შენგენის ზონაში და ნახევარი წლის განმავლობაში (180 დღე) დაჰყოს იქ საერთო ჯამში 90 დღე. ამ პერიოდის განმავლობაშ თავისუფლად შეგიძლიათ ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობა.
იგივე წესები მოქმედებს ასევე ევროკავშირის წევრობის ოთხ კანდიდატ ქვეყანასთან (რუმინეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, ხორვატია).
საერთოდ არანაირი საბუთი არ არის საჭირო?
იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლით ისარგებლოს, საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიულ პასპორტთან ერთად საზღვარზე შეიძლება მოსთხოვონ ჯანმრთელობის დაზღვევა, ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი, ასევე უკან დასაბრუნებელი ბილეთი და სასტუმროს ჯავშანი. ამ საბუთების ქონის ვალდებულება არ არსებობს, თუმცა მესაზღვრეს აქვს უფლება ისინი მოითხოვოს. ყველა ამ დოკუმენტს საქართველოს მოქალაქე წარადგენს საზღვარზე და არა საკონსულოში.
რაც შეეხება ბანკიდან ამონაწერს, იმის შესახებ, რომ ყოველ თვე გერიცხებათ ხელფასი, ასევე სამსახურიდან ცნობას და სხვა საბუთებს, რომლებსაც მანამდე საკონსულოში გვთხოვდნენ – ისინი საჭირო არ იქნება. თუმცა, საჭირო იქნება საბუთი, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვენ ფინანსურად უზრუნველყოფილი ხართ იმისთვის, რომ შენგენის ზონაში იმოგზაუროთ. მაგალითად, შეიძლება მოითხოვონ საკრედიტო ბარათი და დაინტერესდნენ გაქვთ თუ არა გარკვეული რაოდენობის თანხა.
რა ემუქრება უვიზო რეჟიმის პირობების დამრღვევებს?
იმ შემთხვევაში, თუ 90 დღეზე მეტხანს დარჩება (ერთი წუთითაც რომ გადასცილდეს 90 დღეს), საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონიდან გამოაძევებენ. ჯერ დააკავებენ, შემდეგ კი საქართველოში დააბრუნებენ, რის შემდეგაც ის მოხვდება “შავ სიაში” და 5 წლის განმავლობაში მისთვის შენგენის ზონა დაიკეტება.
ვინ ვერ ისარგებლებს უვიზო მიმოსვლით?
ვიზალიბერალიზაცია არ ეხება სამუშაო ან გრძელვადიან სასწავლო ვიზებს. ასეთი ვიზების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა კვლავ საკონსულოებს უნდა მიმართონ.
თუმცა, ამავე დროს უვიზო რეჟიმით შეუძლიათ ისარგებლონ მათ, ვინც მოკლევადიან სასწავლო კურსებზე(როგორიცაა ენის შემსწავლელი 2-3-კვირიანი კურსები) ან კონფერენციებსა და ტრენინგებზე დასასწრებად მიემგზავრებიან.
რატომ გაიწელა პროცესი?
საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლას მიმდინარე წლის დასაწყისიდანვე ელოდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.
გარდა იმისა, რომ მიმდინარეობდა “სწრაფი შეჩერების მექანიზმზე” მუშაობა, შემაფერხებელ ფაქტორად სახელდებოდა ევროპაში მიგრანტების პრობლემა. ასევე, ის გარემოება, რომ სტატისტიკური მონაცემებით, შენგენის ქვეყნებში თავშესაფარს საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ითხოვს. მაგალითისთვის, მხოლოდ 2013 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 9 110-მა მოქალაქემ მიმართა, რაც ევროპელების აზრით, იმას ნიშნავს, რომ საქართველო ვერ უქმნის თავის მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების პირობებს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად და ევროკავშირის დაჟინებული რეკომენდაციით, საქართველომ გასულ წელს ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რომელიც ნებისმიერი ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციას და დევნას კრძალავს.
რა არის შეჩერების მექანიზმი და რა შემთხვევაში ამოქმედდება ის?
მარტივად რომ ვთქვათ, შეჩერების მექანიზმი ნიშნავს იმას, რომ ევროპა უკან დასახევ გზას იტოვებს და ნებისმიერ დროს შეუძლია გადაიფიქროს საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მიღება. ევროკავშირს შეუძლია შეაჩეროს ვიზალიბერალიზაცია, თუკი:
1. საქართველოდან მკვეთრად გაიზრდება არალეგალი მიგრანტების რიცხვი;
2. გაიზრდება თავშესაფრის მოთხოვნები;
3. თუ საქართველოს ხელისუფლება არ ითანამშრომლებს არალეგალი მიგრანტების დაბრუნებაზე;
4. თუ საქართველოს მოქალაქეები, საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის წესრიგს და უსაფრთხოებას.
შეჩერების მექანიზმი მოქმედებს ასე: თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა აღმოაჩენს, რომ ზემოჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე მაინც ირღვევა, ის მიმართავს ევროკომისიას და მოითხოვს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ევროკომისია ამ საკითხს ერთი თვის ვადაში შეისწავლის და გადაწყვეტილებას მიიღებს. გადაწყვეტილება მიღებისთანავე შევა ძალაში. თავდაპირველად, უვიზო მიმოსვლა 9 თვით შეჩერდება, მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა, 18 თვემდე გაიზრდება.
- ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებელი ვიზის აღება საქართველოს მოქალაქეებს უფრო უჭირდათ, ვიდრე მეზობელი ქვეყნების – რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის მაცხოვრებლებს. ევროკავშირის ვიზის გაცემაზე საქართველოში 2013 წელს უარი უთხრეს აპლიკანტთა 12 პროცენტს, 2012 წელს 13,3 პროცენტს, 2011 წელს – 14,8 პროცენტს. ევროკავშირი ქვეყანასთან სავიზო ურთიერთობებში უსაფრთხო, ანუ დასაშვებ მაჩვენებლად ვიზაზე უარის თქმის 3%-ს განიხილავს. გასული წლების მონაცემებით, ევროკავშირის ვიზაზე უარის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რუსეთს და ბელარუსს აქვს – 1,2 და 0,9 პროცენტი.
- ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველომ ათეულობით კანონი შეცვალა – ეს ეხება პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონს, ასევე ტრეფიკინგის, კორუფციისა და სხვა საკითხებზე კანონმდებლობას.