სსრკ: ლეგიტიმური დასასრული
2016 წლის 25 დეკემბერს პოსტსაბჭოთა სივრცესა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში ბევრი გაიხსენებს სსრკ-ს, ალბათ მასთან დაკავშირებული სრულიად განსხვავებული გრძნობებით. 25 წელი სრულდება იმ დღის შემდეგ, როდესაც ბელარუსის ტერიტორიაზე ხელი მოეწერა ბელოვეჟის შეთანხმებას, რომლითაც საბჭოეთის ქვეყნის დაშლა დაფიქსირდა.
ბელარუსის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე სტანისლავ შუშკევიჩი ევრორადიოს სტუდიაში ჰყვება, თუ რისთვის შეიკრიბნენ იმ დღეს ბელოვეჟის ტევრში ბელარუსის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები და სინამდვილეში ვისგან მოდიოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შეთავაზება.
– წაკითხული მაქვს ასეთი მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლას, ჩვენთვის დღეს ცნობილ ბელოვეჟის შეთანხმებებს, ამზადებდნენ რუსეთის და უკრაინის ხელმძღვანელები ბორის ელცინი და ლეონიდ კრავჩუკი. ხოლო სტანისლავ შუშკევიჩმა თითქოს არც იცოდა, თუ რაზე უნდა მოეწერა ხელი ვისკულში.
საბჭოთა კავშირის გარდამავალი პერიოდის მითოლოგია ზოჯერ გაგაოცებს! რისთვის შევიკრიბეთ ვისკულში? ბელარუსში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო: არ ვიცოდით 1991-1992 წწ ზამთრისთვის როგორ უნდა გაგვეძლო. ნავთობი და ბუნებრივი აირი გვჭირდებოდა, მაგრამ ფული არ გვქონდა. არც საიმისო ავტორიტეტი გაგვაჩნდა, რომ სესხი მოეცათ. ჩვენ, უბრალოდ, გვინდოდა შეგვეჩერებინა საბაზრო რეფორმები, როდესაც ყველფრისთვის ფულის გადახდა იყო საჭირო; გვინდოდა, რუსეთისთვის გვეთხოვა, საბჭოურად, ძველებურად, უბრალოდ მოეცა ჩვენთვის ნავთობი და ბუნებრივი აირი.
პრემიერმა კებიჩმა არაერთხელ მთხოვა, ელცინი ბელარუსში სნადიროდ მომეწვია, რომ ამ დროს ნავთობსა და ბუნებრივ აირზე დაგვეთანხმებინა. დაპატიჟება რომ მომეხერხებინა, მასთან პირისპირ უნდა დავრჩენილიყავი. 1991 წლის 20 ოქტომბერს მიხაილ გორბაჩოვმა მორიგი სახელმწიფო საბჭო შეკრიბა, სადაც რესპუბლიკების პარლამენტების მიერ რატიფიცირებამდე, ახალი საკავშირო შეთანხმება შემოგვთავაზა. ეს პროექტი საშინლად არ მომეწონა, რაც ვუთხარი კიდეც გორბაჩოვს. ელცინმა კიდევ უფრო მძაფრად დამიჭირა მხარი.
გორბაჩოვი უსიტყვოდ ადგა და წავიდა. “თქვენ ჩვენ გორბაჩოვთან წაგვაჩხუბეთ, – გვითხრა კარიმოვმა მე და ელცინს. წადით, მოძებნეთ და უკან მოიყვანეთ.” სწორედ მაშინ დავრჩი ელცინთან ერთი-ერთზე და ბელოვეჟის ტევრში, ვისკულის რეზიდენციაში სანადიროდ დავპატიჟე. მაშინვე დამთანხმდა.
აი, ასე დაინიშნა ეს შეხვედრა. სხვა საკითხია, რომ უხერხულობას ვგრძნობდი, ელცინს ნავთობი და ბუნებრივი აირი ბელარუსისთვის უკრაინის ხარჯზე რომ უნდა მოეცა – მათთვის უნდა წაერთმია და ჩვენთვის მოეცა. კებიჩის წინადადებით, ამ შეხვედრაზე უკაინული მხარეც მოვიწვიეთ.
– ვერ ვხვდები, როგორ მიხვედით ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესახებ მოლაპარაკებებიდან სსრკ-ს დაშლამდე?
– დავიწყეთ ნავთობისა და ბუნებრივი აირის საკითხზე მსჯელობით, და მივხვდით, რომ თუ კანონის მიხედვით ვიმოქმედებდით, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენელ ნაწილებს, სხვა არაფერი დაგვრჩენოდა, ეს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელისთვის, გორბაჩოვისთვის უნდა გვეთხოვა.
და უცებ ფილოსოფოსი, მარქსისიტ-ლენინისტი გენადი ბურბულისი (რსფსრ-ს სახელმწიფო მდივანი – ევრორადიო), რომელსაც, ისევე როგორც ყველა ამგვარ ფილოსოფოსს მე პატივს არ ვცემდი, ამბობს: “ხომ არ დათანხმდებოდით, ხელი მოგეწერათ ასეთი ფრაზისთვის :” სსრკ, როგორც გეოპოლიტიკური რეალობა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტი წყვეტს თავის არსებობას.”
და უცებ ყველა დათანხმდა. “ამის ხელმოწერა არ კმარა, – თქვა ელცინმა, – ისიც უნდა ვთქვათ, რა იქნება ეკონომიკის მხრივ, საზღვრებთან, ჯართან, ბირთვულ იარაღთან, ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით”. წამში შევკრიბეთ ექსპერტებისგან შემდგარი კომისია და დავავალეთ, ერთი ღამის განმავლობაში მოემზადებინათ შეთანხმების ტექსტი. მაგრამ ეს გამანადგურებელი შეთანხმება არ ყოფილა, პირიქით აღმშენებლური იყო: ჩვენ შევქმენით დამოუკიდბელ სახლმწიფოთა თანამეგობრობა…
ერთი სიტყვით, ღამის განმავლობაში ამ შეთანხმების 18 მუხლი შემუშავდა, და თითოეული კონსენსუსის საფუძველზე მივიღეთ. შედეგად დაგვრჩა 14 მუხლი – აი, ასე იყო მთელი ეს თავგადასავალი.
– სამმა ქვეყანამ დაშალა კავშირი, რომელშიც 15 ქვეყანა შედიოდა. როგორ აღიქვეს თქვენი გადაწყვეტილება სხვა რესპუბლიკებმა?
– მაპატიეთ და, საბჭოთა კავშირი ვინ შექმნა? რუსეთმა, უკრაინამ, ბელარუსმა და ამიერკავკასიის ფედერაციამ. 1935 წელს ამიერკავკასიის ფედერაცია გაქრა, მას კანონმემკვიდრე არ ჰყავდა. საბჭოთა კავშირის ყველა სხვა შემქმნელი კი სახეზე იყო, ყველაფერი ლეგიტიმურად ხდებოდა: საბჭოთა კავშირის შექმნის გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ, და ჩვენვე შეგვეძლო მისი ლიკვიდირება.
-… და წერტილი დაუსვით მიხაილ გორბაჩოვის პოლიტიკურ კარიერას. 25 წლის განმავლობაში მისი თქვენდამი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ჩვენი შეხვედრის წინ მიხაილ სერგეევიჩს დავუკავშირდი და ვთხოვე, სატელეფონო საუბარში თქვენთან ერთად გაეხსენებინა 1991 წლის მოვლენები. აი, რა მიპასუხა: “ვინ, შუშკევიჩი?.. ეგენი ყველანი გათახსირებულები არიან!”.
– ამით შემიძლია მხოლოდ ვიამაყო! იცით, როდესაც 1984-ში ვნახე, თუ როგორ პასუხობდა გორბაჩოვი ზეპირად უცხოელი ჟურნალისტების შეკითხვებს, მისი პორტრეტი ჩემს კაბინეტში – ბელარუსის სახელმწიფი უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრის ხელმძღვანელის ოთახში დავკიდე.
მაგრამ, როდესაც 1986-ში ჩერნობილის შესახებ გააკეთა განცხადება… იცით, ეს ფაქტობრივად დანაშაული იყო! მას რომ გავეფრთხილებინეთ და სიმართლე ეთქვა, გაცილებით ნაკლები ბავშვი დაავადდებოდა ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნით. ის პორტრეტი დავხიე და გადავაგდე.
– ვისკულის შედეგი ის იყო, რომ კავშირის ყველა რესპუბლიკის ხელმძღვანელები დამოუკიდებელი ქვეყნების ლიდერები გახდნენ. იქნებ სწორედ ამაზე ზრუნავდნენ?
იმ დროის შვედური დიპლომატიური მიმოწერა რომ გააანალიზოთ – იქ ყველგან სამოქალაქო ომის საშიშროებაზეა ლაპარაკი. და შვედი დიპლომატების აზრით, ამ გადაწყვეტილებით ჩვენ საბჭოთა კავშირს ავაცილეთ სამოქალაქო ომის საშიშროება, რომელშიც შეიძლებოდა სამ-ოთხ ბირთვულ ქვეყანას მიეღო მონაწილეობა.
– ვის ვისთან შეიძლებოდა ეომა?
– სამოქალაქო ომის დროს ერთმანეთს მდიდრები და ღარიბები ებრძვიან ან სახვადასხვა რელიგიის წარმომდგენლები. ასეთი ომის დაწყების საფუძველი იმ დროისთვის ნამდვილად იყო. ამის კარგი მაგალითია იუგოსლავია.
– 25 წელიწადი გავიდა და თითქოს არც ისე შორს ვართ წასულები საბჭოთა წარსულიდან. ეს რისი ბრალია?
– აბა, ევროპის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციები გაიხსენეთ: რამდენი წელია გასული მათი გამარჯვებიდან იქამდე, ვიდრე ყველაფერი იმ წესების მიხედვით მოეწყო, რასაც ისინი თავიდან ქადაგებდნენ? ან რამდენი რევოლუციონერი განადგურდა, თუნდაც რევოლუციის მოწინააღმდეგეები. ადრე ვერ ვხვდებოდი, რომ პირველ რიგში საჭიროა ადამიანების მენტალობისთვის ბრძოლა.
ადამიანებს რბილად უნდა განემარტოთ მათი რჩევები, ვისაც საზოგადოების ტრანსფორმაციის ეს პროცესი უკვე გავლილი აქვს. ჩვენთან კი ამბობენ: “ძველი წესები უნდა დავაბრუნოთ – ჩვენ კარგი გზით მივდიოდით!”. და მაგალითად ჩინეთი მოჰყავთ და არა ევროპა, სადაც ადამიანების ზნეობრივი თავისუფლება ჩვენსას არც შეედრება. მაგრამ, ჩვენ საზოგადოება აქეთკენ არ მიგვყავს; ტელევიზია სულ სხვა ფასეულობების პროპაგანდას ეწევა; ხოლო რუსული ტელევიზია, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად, საერთოდაც იმპერიის აღორძინებას ქადაგებს. დააკვირდით – პატრიარქი კირილი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცეკას მდივანივით ლაპარაკობს, და არა მღვდელივით.
რუსეთის ლიდერი კი ამბობს, რომ სსრკ-ს დაშლა მთელი საბჭოთა ხალხის ტრაგედიაა.
– ბელარუსის ლიდერმაც ხომ არაერთხელ გამოთქვა წუხილი “ძლევამოსილი სახელმწიფოს” დაშლის გამო.
– ბელარუსის ლიდერი იმასაც ამბობდა, რომ უმაღლეს საბჭოში მან ბელავეჟის შეთანხმების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა, თუმცა ელექტრონული რეგისტრაცია ადასტურებს, რომ მან საერთოდ თავი შეიკავა ხმის მიცემისგან!
– ერთი სიტყვით, რას დაარქმევდით ვისკულში მომხდარს?
– გაყრა. ძალადობისა და ყვირილის გარეშე. და ეს 1991 წლის 19-21 დეკემბერს ალმა-ატაში ყველა დანარჩენმა რესპუბლიკამაც აღიარა. შემდეგ დამოუკიდებელმა ქვეყნებმა უკვე საკუთარი ცხოვრების შენება დაიწყეს. ამ დროს კი შეცდომაც დასაშვებია და პოპულისტებზე აყოლაც, რაც ბელარუსს დაემართა.
გამოქვეყნდა: 09.12.2016