დაწვით, ან წყალში მაინც ჩაყარეთ სახელმძღვანელოები
ახლახან აფხაზეთში 8 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა სასკოლო წიგნი სახელწოდებით “აფხაზეთის ისტორია”, რომლის გამოსვლასაც სკანდალი მოჰყვა. ს.ლაკობასა და ო. ბგაჟბას რედაქციით გამოცემული ეს სახელმძღვანელო მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.
წიგნის ავტორებს 2013-2014 წლებში აფხაზეთში განვითარებული შიდაპოლიტიკური მოვლენების ფალსიფიკაციაში დასდეს ბრალი.
კამათი წიგნის “უახლოესი ისტორიის” ნაწილის მეცამეტე პარაგრაფმა გამოიწვია -კერძოდ კი ტექსტობრივმა მასალამ იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ ჩატარდა 2014 წელს აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.
საზოგადოებრივმა მოძრაობა “აითაირამ” განაცხადა, რომ სახელმძღვანელოს ავტორებმა 2013-2014 წელს მომხდარი მოვლენების ფალსიფიცირება მოახდინეს.
“ჩვენ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასგან ამ წიგნის მიმოქცევიდან ამოღებასა და სახელმძღვანელოს გამოცემაზე პასუხისმგებელი პირების (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელების) წინააღმდეგ სათანადო ზომების მიღებას ვითხოვთ. სხვა შემთხვევაში, ხელისუფლების უმოქმედობა შეფასდება როგორც პირდაპირი მონაწილეობა აფხაზეთის ისტორიის ფალსიფიკაციასა და აფხაზური საზოგადოების განზრახ გახლეჩვაში – მათ შორის მოზარდი თაობის დონეზეც კი,” – აღნიშნულია განმარტებაში.
მცირე ხნის წინ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა წამოძახილმა, რომელიც ოპოზიციისა და ოჩამჩირის მოსახლეობის შეხვედრისას გაისმა.
აფხაზეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “აითაირას” ხელმძღვანელმა, ლეონიდ ლაკერბაიამ განაცხადა, რომ ახალი სახელმძღვანელოები აუცილებლად უნდა ამოიღონ ხმარებიდან. დარბაზში ვიღაცამ იყვირა, რომ აღნიშნული წიგნები ცეცხლს უნდა მიეცეს. ამ რეპლიკის პასუხად ლაკერბაიამ განაცხადა, რომ დაწვა ძვირი დაჯდება და ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუკი სახელმძღვანელოები წყალში ჩაიყრება.
“აფხაზეთის ისტორიის” სახელმძღვანელოს თანაავტორის, ისტორიკოს სტანისლავ ლაკობას თქმით, ეს წიგნი გამოსაცემად ჯერ კიდევ ალექსანდრ ანქვაბის პრეზიდენტობის დროს მზადდებოდა. ამის შემდეგ ანქვაბმა ვადაზე ადრე დატოვა პოსტი და სახელმძღვანელოს გამოცემა გაჯანჯლდა, რადგან ვერ შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა ყოფილიყო გადმოცემული 2014 წლის მოვლენები.
“სახელმძღვანელო ჯერ კიდევ სექტემბერში გაავრცელეს სკოლებში, მაგრამ [ოპოზიციამ] ნოემბრის დასაწყისში მოულოდნელად ატეხა აურზაური. წიგნში გადმოცემულია მოვლენები უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდამდე. მასში ძალიან ბევრი სიახლეა შესული – ისეთი მასალები, რომლებიც მანამდე არ ყოფილა, და არ ღირს ასე ხელაღებით იმის თქმა, რომ აფხაზეთის ისტორია არასწორადაა დაწერილი,” – განაცხადა ლაკობამ.
მისი აზრით, პრობლემის მიზეზი ისაა, რომ ოპოზიცია არ ეთანხმება წიგნში გამოთქმულ შეფასებას, რომ 2014 წლის 27 მაისის მოვლენები იყო მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებიდან არ გამოსულა და ძალაუფლება პარლმენტს გადაეცა.
“ზოგიერთს აფხაზეთის ისტორია და საკუთარი, პირადი ისტორია ერთმანეთში ერევა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხელნაწერები არ იწვის. სახელმძღვანელო გამოვიდა და ამას ვერაფრით შეცვლი; იმ შემთხვევაშიც, თუკი წიგნების დაწვასა და განადგურებას დაიწყებენ,” – ამბობს სტანისლავ ლაკობა.
დისკუსიაში უფრო მეტი ადამიანის ჩართვის მიზნით “აითარამ” მოიწვია მრგვალი მაგიდა, რომელზეც განიხილეს ზემოაღნიშნული სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თავი – “2014 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში”.
მრგვალი მაგიდის შემაჯამებელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “იმ მოვლენების ინტერპრეტაცია, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის კანონიერად არჩეული პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის არაკონსტიტუციური წესით გადაყენებას უძღოდა წინ, პოლიტიკური კონიუნქტურის გამოვლინებაა”.
- 2014 წლის 27 მაისს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული მრავალათასიანი მიტინგის მონაწილეებმა რესპუბლიკის მეთაურის სასახლეზე იერიში მიიტანეს. ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ აფხაზეთის პრეზიდენტი იყო, იძულებული გახდა, თავი გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზისთვის შეეფარებინა, ოთხი დღის შემდეგ კი ოფიციალურად გადამდგარიყო.
- ოპოზიციისა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მაშინ მომხდარ მოვლენებს “კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლად” აფასებს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია:13.11.2016