ოქსფორდში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე ტესტირება დაიწყეს. სექტემბერში აცრა იქნება?
ბრიტანელმა მეცნიერებმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან 23 აპრილს დაიწყეს კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა.
მათ იმედი აქვთ, რომ უკვე სექტემბრისთვის მილიონი დოზა კორონავირუსის ვაქცინა ექნებათ.
პროექტის მხარდამჭერია ბრიტანეთის მთავრობა. ვაქცინის ტესტირებისთვის 20 მილიონი ფუნტი სტერლინგია გამოყოფილი.
როდის დაიწყო ვაქცინაზე მუშაობა?
ამ ვაქცინაზე მუშაობა ოქსფორდის უნივერსიტეტმა 11 იანვარს დაიწყო, იმ დღეს, როდესაც ჩინელებმა კორონავირუსის გაშიფრული გენომი გამოაქვეყნეს. ანუ ჯამში ვაქცინის შექმნას 3.5 თვე მოანდომეს, რაც რეკორდულად ცოტა დროა.
როგორ მოახერხეს ვაქცინის ასე სწრაფად შექმნა?
ერთი მიზეზი ის არის, რომ კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე, ოქსფორდელი მეცნიერები ატარებდნენ ცდებს და კვლევებს მოდელირებულ გლობალურ ეპიდემიასთან გასამკლავებლად. ამისათვის მათ გამოგონილი “დაავადება X”-ის წინააღმდეგ პოტენციური ვაქცინისთვის ბაზის შექმნა დაიწყეს.
ამ ბაზის შესაქმნელად ბიოლოგება გამოიყენეს ვირუსი, რომელიც შიმპანზეებში მწვავე რესპირატორულ სინდრომს იწვევს. შიმპანზეს ვირუსს მათ გენეტიკა შეუცვალეს და იგი ადამიანისთვის უვნებელი გახადეს. შედეგად ეს ადენოვირუსი იქცა უნივერსალურ ბაზად, ერთგვარ ყალიბად და მასრად, რომელშიც შეგიძლია სხვადასხვა ანტიგენი განათავსო.
სწორედ ამ გამოგონილი დაავადების წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის ბაზა გამოიყენეს კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელადაც.
როდესაც ჩინელებმა კორონავირუსის გენომი გაშიფრეს და გამოაქვეყნეს, ოქსფორდელმა მეცნიერებმა რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნეს კორონავირუსის ანტიგენი, რომელიც უკვე მზა ბაზაში “ჩაასხეს”.
ვინ მიიღებს მონაწილეობას კვლევაში?
კვლავაში 500 ჯანმრთელი მოხალისე ქალი და კაცი მიიღებს მონაწილეობს. მათი ასაკია 18-დან 55 წლამდე.
როგორ მიმდინარეობს კვლევა?
ამ 500 ადამიანს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ორ ჯგუფად გაყოფენ – ერთ ჯგუფს პლაცებოს სახით გაუკეთებენ მენინგიტის ჩვეულებრივ აცრას. ხოლო მეორე ჯგუფს – კორონავირუსის საცდელ ვაქცინას.
ამის შემდეგ ხუთასივე ადამიანი აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას. მეცნიერებს კი ისღა დარჩენიათ, დაელოდონ, თუ როდის გადაედებათ მათ კორონავირუსი. კვლევის თანახმად, კორონავირუსის გადადება ბუნებრივად უნდა მოხდეს. შემდეგ ამ მონაცემებს ნახავენ, შეაჯამებენ და დასკვნას დადებენ.
თუმცა, ეს მხოლოდ ადამიანებზე გამოცდის პირველი ეტაპია. მეორე ეტაპზე კვლევაში უკვე მოწყვლადი ჯგუფები უნდა ჩაერთონ ანუ 70 წელს ზემოთ ადამიანები და ასევე სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონენი.
ხომ შეიძლება კვლევაში მონაწილე ადამიანებს კორონავირუსი დიდხანს არ გადაედოთ. არ შეიძლება კვლევის დაჩქარება?
თუ ბრიტანეთის მთავრობამ საკარანტინო ზომების გატარებით ვირუსის კარგად შეჩერება შეძლო, მაშინ მართლაც არის დიდი შანსი, რო ეს პროცესი გაიწელოს.
თეორიულად შეიძლება კვლევაში მონაწილეებს განგებ შეჰყარონ ვირუსი, თუმცა მეცნიერებმა ჯერ არ იციან, ხომ არ იმოქმედებს ეს კვლევის შედეგებზე, ამიტომ ეს ვარიანტი მხოლოდ მსჯელობის ეტაპზეა.
როდის გავიგებთ კვლევამ გაამართლა თუ არა?
დიდი ალბათობით, გაამართლა თუ არა ადამიანებზე ცდებმა, გავიგებთ შემოდგომის დასაწყისში. ოქსფორდის ჯგუფის წევრები ვარაუდობენ, რომ ამ დროისთვის კვლევაში მონაწილეთა კორონავირუსით დაინფიცირება უკვე უნდა მოხდეს.
მეცნიერები შეამოწმებენ ცდაში მონაწილე ინფიცირებულებს, გაარკვევენ თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი – პლაცებოს ჯგუფს თუ პოტენციური ვაქცინის და მხოლოდ ამ შედეგებზე დაყრდნობით გაკეთდება დასკვნა.
ოქსფორდისჯგუფის ხელმძღვანელი სარა გილბერტი, რომელიც თავის დროზე MERS-ის ვაქცინაზეც მუშაობდა,საკუთარი ვაქცინის ვარგისიანობაში 80 პროცენტითაა დარწმუნებული.
მეტიც, მან შეძლო ბრიტანეთის მთავრობის დარწმუნება, რომ არ დაელოდონ ცდების შედეგებს და კვლევის პარალელურად უკვე დაიწყონ ვაქცინის წარმოება დროის მოდების მიზნით. ოღონდ, ამ წარმოებულ ვაქცინას ჯერჯერობით შეინახავენ და მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენებენ, რაც კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.
მარტო ოქსფორდელმა მეცნიერებმა შექმნეს ვაქცინა?
არა. ვაქცინაზე 80-ზე მეტი კომპანია მუშაობს. ხოლო მინიმუმ ორ ქვეყანაში – აშშ-ში და ჩინეთში უკვე ადამიანებზეც დაიწყეს ვაქცინის გამოცდა.
ანუ სექტემბერში ვაქცინა იქნება?
ეგ ჯერ არავინ იცის. ექსპერტების დიდი ნაწილი (მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც) ასეთ მოკლე დროში ვაქცინის წარმოებას მაინც სკეპტიკურად უყურებენ. გავრცელებული აზრით, ამ საქმეს 12-18 თვე მაინც სჭირდება.
ამ ვაქცინის წარმატების გარანტია არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს ბევრი რისკი, რომ კვლევა ჩავარდეს და წყალში ჩაიყაროს დრო, შრომა და ფული.
კვლევას შეიძლება ხელი შეუშალოს ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულმა კარანტინმა – ანუ, კვლევაში მონაწილეები უბრალოდ არ დაინფიცირდებიან კორონავირუსით და ვერ გავიგებთ აცრა მუშაობს თუ არა.
ასევე, დიდი პრობლემაა წარმოებაა. იმ შემთხვევაში კი, თუ ცდებმა გაამართლადა დადგინდა, რომ ვაქცინა მუშაობს, მასებთან მისვლას ის მაინც დააგვიანებს.
ბრიტანეთს არ აქვს საკმარისი სიმძლავრეები, რომ საჭირო რაოდენობის ვაქცინები სწრაფად აწარმოოს.
და ეს არა მარტო ბრიტანეთის, არამედ გლობალური პრბლემაა. მარტივი არითმეტიკა: პლანეტაზე 7,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. პრაქტიკულად ყველა ასაცრელი იქნება. და ეს მაშინ, როდესაც ყოველწლიურად მსოფლიოში ჯამში მხოლოდ 5 მილიარდ დოზა ვაქცინას აწარმოებენ. საუბარია ყველა ვაქცინაზე ერთად აღებულზე, მათ შორის 1.5 მილიარდი სეზონური გრიპის ვაქცინაა.
ანუ ყველა სხვა ვაქცინის წარმოება რომ შეჩერდეს და ყველა რომ მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაზე გადავიდეს, ამ საქმეს წელიწადნახევარი მაინც დასჭირდება.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ოქსფორდის კვლევის წარმატება მნიშვნელოვნად შეამცირებდა ამ პროცესს.
წყარო: ბი-ბი-სი