პირველი ონლაინშეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველად გაიმართა ონლაინმოლაპარაკებები.
ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ელმარ მამედიაროვის მონაწილეობით ვიდეოკონფერენციას ორგანიზება ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესის შუამავლებმა – ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა გაუწიეს. მათი აზრით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ გავლენა არ უნდა მოახდინოს მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. მინისტრების ონლაინკონფერენცია თითქმის ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგრაბ მნაცაკანიანმა და ელმარ მამედიაროვმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ფარგლებში სამომავლო ნაბიჯები განიხილეს. ისინი მოლაპარაკებების უახლოეს პერიოდში გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ვიდეოშეხვედრისას ასევე განიხილეს COVID-19-ის გლობალური პანდემიის გავლენა რეგიონის ცხოვრებასა და ადრე დაგეგმილ ღონისძიებებზე. კერძოდ, გადაიდო მინისტრების შეხვედრა და თანათავმჯდომარეების ვიზიტი რეგიონში.
ონლაინმოლაპარაკებები იმით იყო აღსანიშნავი, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები საუბრობდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის მნიშვნელობასა და გლობალური კრიზისის პირობებში, რაიმე სახის პროვოკაციისგან თავშეკავებაზე.
ინფორმაცია ერევნიდან
მნაცაკანიანსა და მამედიაროვს შორის ონლაინშეხვედრის შესახებ 20 აპრილს გახდა ცნობილი. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანნა ნაგდალიანმა განაცხადა.
იმავე დღეს მოეწყო ვიდეოკონფერენცია სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელსა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შორის.
„მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში არსებული პრობლემები განიხილეს. მნაცაკანიანი არცახში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საკითხს შეეხო“, – დაწერა პრესმდივანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
21 აპრილს, პრესკონფერენციაზე, რომელიც ერევანში, ონლაინმოლაპარაკებებამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი გამოსავლის ძებნა რთულ სიტუაციაშიც კი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეიქმნა:
„იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება კორონავირუსის პანდემიის გავრცელებაზეა გადატანილი, კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება და ყველანაირი რისკების გამორიცხვა, პირველხარისხოვან ამოცანაზე უფრო მნიშვნელოვანია“.
იმავე პრესკონფერენციაზე, ზოგრაბ მნაცაკანიანმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებაზე.
მოლაპარაკებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სომხეთში, სერგეი ლავროვის განცხადება გამოქვეყნდა. მან თქვა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებებზე განიხილება კონფლიქტის ეტაპობრივი მოგვარების პროექტი, რომელსაც ორივე სომხური მხარე კონფლიქტის მოგვარების მიზნით მიუღებელ მიდგომად მიიჩნევს.
„მჯერა, რომ პირველ ეტაპზე საჭიროა ყველაზე აქტუალური პრობლემების გადაჭრა, მთიანი ყარაბაღის გარშემო გარკვეული რაიონების გათავისუფლება და სატრანსპორტო, ეკონომიკური და სხვა სახის კომუნიკაციაზე ბლოკის მოხსნა“, – განაცხადა რუსმა მინისტრმა.
რაზეც, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ონლაინმოლაპარაკებების წინ, ზოგრაბ მნაცაკანიანმა უპასუხა: ტერიტორიები, რომელზეც ლავროვმა ილაპარაკა, სხვა ყველაფერთან ერთად, წარმოადგენს უსაფრთხოების ზონას და თავდაცვის საშუალებას ყარაბაღისთვის:
„შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ ორიდან ერთ-ერთი სომხური მხარე მაინც, შეიძლება, დათმობებზე წავიდეს, რომელიც საფრთხის წინაშე დააყენებს არცახის მოსახლეობას“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობიანი დარეგულირება შესაძლებელია ორმხრივი დათმობების პირობებში და „ისინი თანაბარი ზომის უნდა იყოს“.
ინფორმაცია მთიანი ყარაბაღიდან – ჩამოაგდეს აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატი
უშუალოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინმოლაპარაკებების წინ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთიანი ყარაბაღის საჰაერო თავდაცვის დანაყოფმა, სამხრეთის მიმართულებით, 21 აპრილს, აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში, წინა ხაზზე, გახშირდა აზერბაიჯანული საფრენი აპარატების მოძრაობა, რომელიც ატარებს როგორც სასწავლო, ისე დაზვერვით ხასიათს:
„აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სახის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გარდა, პროცესში ასევე ჩართულია უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც დაზვერვის მიზნით ცდილობენ არცახის რესპუბლიკის საჰაერო ტერიტორიაზე შეღწევას. ასეთი მცდელობა იყო დღესაც. არცახის თავდაცვის სამინისტრომ კვლავ მოუწოდებს აზერბაიჯანულ მხარეს, თავი შეიკავოს პროვოკაციული ნაბიჯებისგან და აფრთხილებს, რომ ნებისმიერი აგრესიული ქმედება მიიღებს პროპორციულ პასუხს“.
სომეხ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ინციდენტი – მხარეების კონტაქტის ხაზთან სიტუაციის დაძაბვის ტრადიციული მცდელობაა, რომელიც, როგორც წესი, ყარაბაღის საკითხზე ოფიციალური მოლაპარაკებების წინ ხდება ხოლმე.
ინფორმაცია ბაქოდან
აზერბაიჯანში, დიდად კომენტარს არ აკეთებენ მინისტრების შეხვედრაზე და არც უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებაზე ამბობენ რამეს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, ბევრი არაფერი დამატებია ეუთოს განცხადებას.
JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი მიიჩნევს:
„ეს მოლაპარაკებები წინა შემთხვევებისგან მხოლოდ ფორმით განსხვავდებოდა – უფრო ზუსტად იმით, რომ ის ონლაინ წარიმართა. მაგრამ არაფერი ახალი არ გვითხრეს. გრძელდება იმიტაცია და უაზრობა. ისევ, ალბათ, კორონავირუსმა შეიტანა ახალი ფერები, ამ რუტინულ პროცესში“.