ბრძოლის 25 წელი
სომხეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ყველაზე სერიოზული შემთხვევები ყოველთვის ხელისუფლების შეცვლის უფლების შეზღუდვას უკავშირდებოდა. პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას – არჩევნებისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში, ადამიანების უფლებები მასობრივად ირღვეოდა.
ასე მიაჩნიათ სომეხ უფლებადამცველებს. მათ ნათქვამს ადასტურებს წლიური მოხსენებები, რომლებშიც სომხეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობაა შეფასებული.
რატომ ვერ მეგობრობენ ადამიანის უფლებები და პოლიტიკა?
კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის უფლება აქვს, მაგრამ ეს უფლება საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევების სახით გამუდმებით ილახება. სომხეთის ჰელსინკის კომიტეტის ხელმძღვანელი ავეტიკ იშხანიანი დარწმუნებულია, რომ:
“სომხეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სავავალო მდგომარეობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი. ხელისუფლება არ არის დაყოფილი. სასამართლო სისტემას პრეზიდენტი აკონტროლებს. იმ პირობებში, როდესაც პოლიცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პროკურორი და მოსამართლეები პრეზიდენტს ექვემდებარებიან, მართლმსაჯულებაზე საუბარიც ზედმეტია.”
უფლებადამცველის თქმით, მოქალაქეები და ოპოზიცოონერები სომხეთში ჩატარებული ყველა არჩევნების შემდეგ არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ და ქუჩაში გამოსვლით საკუთარი ხმების დაცვას ცდილობდნენ.
“პირველი ამგვარი საპროტესტო აქცია 1996 წელს გაიმართა. განრისხებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და რამდენიმე დღეში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის შტურმის ასაღებად გაეშურა. დაიწყო შეხლა-შემოხლა და ქალაქში სამხედრო დანაყოფები შემოიყვანეს. “ერკრაპის” [“ერკრაპის” მოხალისეთა კავშირის] წარმომადგენლებმა სამოქალაქო პირებს ცეცხლი გაუხსნეს. ეს იყო პირველი ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა.
2008 წელს ხალხი ისევ გამოვიდა თავისუფლების მოედანზე და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, მაგრამ ამ აქციის შედეგად პირდაპირ ერევნის ცენტრში 10 ადამიანი მოკლეს, მკვლელები კი დღემდე არ დაუსჯიათ.”
ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის დასაწყისი
ლარისა ალავერდიანი პირველი უფლებადამცველია სომხეთში. მისი აზრით, ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკა სომხეთში საბჭოთა პერიოდში ჩაისახა:
“სომხეთის მოქალაქეებმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პროცესში რეფერენფუმის შედეგად საბჭოთა კავშირის დატოვებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღეს. რეფერენდუმის გზით სომეხმა ხალხმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას სომხეთი შეზღუდული იყო და სუვერენიტეტი არ გააჩნდა.”
“ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის” ვანაძორის ოფისის თავმჯდომარე, არტურ საკუნცი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისა და სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობდა.
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს გამოკვეთილი ლიდერები პოლიტიკურ მოღვაწეებად იქცნენ და პარტიები შექმნეს.
უფლებადამცველი ორგანიზაციები მოგვიანებით შეიქმნა. ლარისა ალავერდიანი აღნიშნავს:
“1988 წელს ე.წ. “საქველმოქმედო ორგანიზაციები” შეიქმნა, რომლებიც, რეალურად, უფლებადამცველ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი სტატუსით რეგისტრირება არ შეიძლებოდა, ამ გაერთიანებებს “საქველმოქმედო ორგანიზაციებს” უწოდებდნენ. იგივე მოხდა სათვისტომოების შემთხვევაშიც.”
უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა რეგისტრაცია მხოლოდ 1992 წლის შემდეგ (ანუ მას შემდეგ, რაც სომხეთი გაეროს წევრი გახდა) გაიარეს. ეს გაერთიანებები ძირითადად იმ ადამიანების უფლებებს იცავდნენ, რომლებმაც ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად საცხოვრებლები დატოვეს – ლტოლვილებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, მძევლებს, სამხედრო ტყვეებსა და უგზოუკვლოდ დაკარგულებს. ანუ საუბარი იყო იმ უფლებებზე, რომლებიც სხვა სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში, მოწინააღმდეგის) მიერ დაირღვა.”
ამას გარდა, 1992 წელს სომხეთში მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების – ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დამცველი ორგანიზაციებიც ამოქმედდა. 1995 წლის შემდეგ ზოგიერთმა გაერთიანებამ კონკრეტულად პოლიტიკური და სამოქალაქო პირთა უფლებების დაცვას მიჰყო ხელი.
იმ წლებში ჩამოყალიბდა მიკა დანიელიანისა და ავეტიკ იშხანიანის ორგანიზაციებიც, რომლებმაც უფლებადაცვითი საქმიანობა არჩევნების შემდგომ პერიოდში დაიწყეს.
პარალელურად, ჩამოყალიბდა ორგანიზაციები, რომლებიც პროფესიული საქმიანობის დროს ძალადობისა და ზეწოლის შედეგად დაზარალებული ჟურნალისტების უფლებებს იცავდნენ.
“ადამიანებს ისე ვიცავდით, როგორც შეგვეძლო”
არტურ საკუნცი ამბობს, რომ მათ ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის საჭირო ბერკეტები არ ჰქონდათ და მხოლოდ მიმდინარე მოვლენების კონსტატაციას ახდენდნენ. არ არსებობდა შელახული უფლებების აღდგენის ინსტრუმენტები. მოქალაქეებს გასაჩივრების საშუალებაც კი არ ჰქონდათ. ეს ყველაფერი სომხეთში 2001 წელს, ევროსაბჭოში გაწევრიანების შედეგად გაჩნდა.
“ისე ვიცავდით ადამიანებს, როგორც შეგვეძლო. ვცდილობდით, მოვლენები აგვესახა. მოხსენებებს ვადგენდით და საერთაშორისო ორგანიზაციებს ვუგზავნიდით. ამაზე მეტის გაკეთება არ შეგვეძლო. იეჰოვას მოწმეებს ასამართლებდნენ. რა უნდა გვექნა?!
პროკურორს წერილებს ვწერდით. ამის პასუხად კი აღშფოთებით გვეკითხებოდნენ, – რას აკეთებთო. მაგრამ ჩვენ ვცდილობდით, არსებულ მდგომარეობაზე ამ გზით მაინც მოგვეხდინა ზემოქმედება.
ევროსაბჭოში შესვლის შემდეგ ჩვენთან ინსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა. სომხეთში ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნა. იმ პერიოდში ომბუდსმენსა და იმჟამინდელ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს შორის გაიმართა იურიდიული დისკუსია იმ ადამიანების საქმეებთან დაკავშირებით, რომლებმაც ჩრდილოეთის პროსპექტის მშენებლობის გამო საცხოვრებლები დაკარგეს.”
ორგანიზაციები ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ მოვლენებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით განიხილავდნენ. არტურ საკუნცის თქმით, ასეთი მიდგომა თანდათანობით ჩამოყალიბდა.
სომხეთში საკუთარი უფლებების დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება მატულობს
სომეხი უფლებადამცველების თქმით, 1995 წლიდან სომხეთში მასობრივად ირღვევა პოლიტიკური მოძრაობების წევრების უფლებები, ბოლო დროს კი ამ მხრივ დაზარალებულთა რიცხვს საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებიც უერთდებიან.
საუბარია აქციებზე სახელწიდებით “ელეკტრიკ ერევანი” [ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ მოწყობილი დემონსტრაცია] და “100 დრამი” [მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის ზრდის წინააღმდეგ მოწყობილი მანიფესტაცია], ასევე იმ მიტინგებზე, რომლებიც დაჯგუფება “სასნა ცრერის” მხარდამჭერებმა წამოიწყეს. ამ დაჯგუფებამ ივლისში პოლიციის საპატეულო-საპოსტო სამსახურის პოლკის შენობა დაიკავა. ამ საკითხთან დაკაცშირებით ამბოხებულების მხარდასაჭერად გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები დააკავეს და რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს. აღნიშნული დაპატიმრებები პოლიტიკური ნიშნით დევნად შეფასდა. ამ მიტინგებზე აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებიც აღინიშნა.
ადამიანის უფლებათა ყოფილი დამცველი, ლარისა ალავერდიანი ხაზს უსვამს, რომ ეს მოვლენები სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ხალხის სამართლებრივი შეგნების ზრდაზე მიუთითებს.
“რაც უფრო მეტმა მოქალაქემ იცის, თუ რა უფლებები აქვს და რაც უფრო მეტი ადამიანი იცავს ამ უფლებებს, მით უფრო სახიფათო ხდება საზოგადოება ხელისუფლებისათვის. ამ შემთხვევაში, იზრდება ხელისუფლების შეცვლის საფრთხე და ეს ყველაფერი ქვეყნის ისეთი ხელმძღვანელობის ფორმირებას განაპირობებს, რომელიც ადამიანის უფლებებს პატივს სცემს.”
რატომ არ ხდება ცვლილებები
უფლებადამცველების თქმით, იმის გამო, რომ სომხეთის ხელისუფლება ცვლილებისთვის მზად არ არის, ის საერთაშორისო აქტებით დადასტურებულ ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. “მათ პასუხისმგებლობა იკისრეს, მაგრამ გადაწყვეტილი აქვთ, ვერაგულად მოიქცნენ. პირობის შესრულებისთვის თავის არიდებაზე ფიქრობენ, რადგან მანდატი უნდათ. დემოკრატიული კლუბის წევრობა პრესტიჟულია, რადგან დამატებით ლეგიტიმურობას იძლევა,” – ამბობს არტურ საკუნცი.
თავის მხრივ, ავეტიკ იშხანიანი აღნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც საერთაშორისო დოკუმენტებს მოაწერეს ხელი, ღირებულებების ამ სისტემას არ იზიარებენ დ ამიტომ ცდილობენ, ამ შეთანხმებებს გვერდი აუარონ და დაარღვიონ. ისინი პატივს არ სცემენ ცივილიზაციის ღირებულებებს, რასაც ქვეყნის განვითარება შეუძლია.
არ შეწყვეტილა პატიმრების უფლებების დარღვევა. საპატიმროებში არსებული პირობები დამაკმაყოფილელი არ არის. სახელწიფო და საზოგადოებრივმა მოსაზრებამ სექსუალური და რელიგიური უმცირესობები მოწყვლადი გახადა. ამ ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციისა შეუწყნარებლობის შემთხვევები აღინიშნება.
ტრადიციული და, იშანიანის სიტყვებით რომ ვთქვათ, “ჩამორჩენილი” აზროვნების შედეგად, ქალებიც მოწყვლადი ადამიანების კატეგორიაში გადიან და მათ მიმართ ძალადობა არ წყდება. მასობრივად ირღვევა შრომის უფლება, მაგრამ ამის შესახებ არავინ ლაპარაკობს.
არტურ საკუნცს მიაჩნია, რომ 2001-2007 წლებში მომხდარ დადებით ცვლილებებს სათანადო განვითარება არ მოჰყოლია, რადგან პოლიცია წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად ძალადობს.
“2008 წლიდან აშკარა გახდა, რომ ცვლილებები სინამდვილეში იმიტაციურ ხასიათს ატარებდა. წინაპირობები, რომლებიც დადებითი ძვრების განხორციელების იმედს აჩენდა, დაიმარხა. აშკარა გახდა, რომ პოლიტიკური ინტერესები ადამიანის უფლებებზე მაღლა დააყენეს”.