სომხეთი. კრიზისი კრიზისის შემდეგ
31 ივლისს სომხეთში გადაწყდა ის შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელიც თითქმის ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. შეიარაღებული ჯგუფი “სასნა ცრერი” (“შლეგები სასუნიდან”), რომელიც 17 ივლისიდან პოლიციის საპატრულო-საპოსტო პოლკის ტერიტორიას იკავებდა ერებუნიში, ძალოვანებს დანებდა. ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ბრძლას “სამხედრო ტყვეების” სტატუსით გააგრძელებენ.
რა შეიცვალა სომხეთში ამ ორი კვირის განმავლობაში? ფსიქოლოგები და სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ საზოგადოებაში მკვეთრად იმატა სიძულვილისა და მრისხანების დონემ და ამის მიზეზი არამხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური და ეკონომიკური თვითნებობაა, არამედ – პოლიციის სისასტიკეც. 29 ივლისს სამართალდამცავებმა არც ისე ჰუმანური სახე გამოავლინეს. იმ დღეს დემონსტრანტები ერევნის ერთ-ერთ უბანში, სარი ტაგში შერეკეს, სადაც ნამდვილი ბრძოლა გაიმართა – ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სცემს, მანიფესტანტთა ლიდერები კი განსაკუთრებული სისასტიკით დააკავეს.
სომხეთში არსებული ფსიქოლოგიური პოლარიზაციის შესახებ სხვადასხვა დასკვნები კეთდება. არსებობს მოსაზრება, თითქოს პოლიციის საზოგადოებისგან დისტანცირება განგებ მოხდა – დაუმორჩილებლობის აქციის შემთხვევაში, პოლიციელები ხალხს რომ ვერ შეერთებოდნენ. არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, ხელისფლებამ განგებ მოიხსნა “დემოკრატიულობის ნიღაბი” – სამომავლოდ საზოგადოებაში შიშის დასანერგად.
მაგრამ მორალურ-ფსიქოლოგიურიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიბრტყეს თუ დავბრუნდებით, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ სომხეთში მოულოდნელად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც, სავარაუდოდ, საკმაოდ აქტიური იქნება. ივლისის მოვლენებმა ცხადყო, რომ პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სიტუაციას აკონტროლებს, თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ ფორსმაჟორული სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიქმნას.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის გაზაფხლზე უნდა ჩატარდეს. ეს იქნება პირველი არჩევნები 2015 წლის დეკემბერში მომხდარი საკონსტიტციო ცვლილების შედეგ, რომლის შედეგად სომხეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო სახელმწიფოდ გადაიქცა. გაზაფხლზე ცვლილებები საარჩევო კოდექსსაც შეეხო, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში კოალიციური მთავრობა უნდა შეიქმნას. ამ მთავრობის შემადგენლობაში იმ ძალების წარმომადგენლები შევლენ, როლებიც პარლამენტში მოხვდებიან.
მრავალი წლის განმავლობაში სომხეთში ხელისუფლების ფორმირება ე.წ. “საპრეზიდენტო სამკუთხედის” ფარგლებში ხდებოდა. აღნიშნულ “კონსტრუქციაში” სხვადასხვა კონფიგურაციები ჩნდებოდა – რობერტ ქოჩარიანი ლევონ ტერ-პეტროსიანთან ერთიანდებოდა და სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ გამოდიოდა, რის შემდეგაც სარგსიანი ქოჩარიანთან ერთიანდებოდა და ტერ-პეტროსიანს უპირისპირდებოდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამჟამად ქოჩარიანის წინააღმდეგ სარგსიანისა და ტერ-პეტროსიანის ალიანსი იქმნება.
არ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ დაჯგუფება “სასნა ცრერის” წევრები რობერტ ქოჩარიანის მომხრეები არიან, მაგრამ ამბოხებულების მხარდამჭერ მანიფესტანტებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვარდან ოსკანიანის პარტია შეუერთდა. აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაცია კი ქოჩარიანის მიმართ ლოიალურად განწყობილ სუბიექტად ითვლება. ამას გარდა, ამჟამად არსებული ხელისფლების წინააღმდეგ ყველაზე აქტიურ პროპაგანდას ოსკანიანის მიერ დაარსებული მედიასაშალება “სივილნეტი” ეწევა.
შეუძლებელია დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ “სასნა ცრერის” ამბოხება ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირების ფარულ პროცესებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სერჟ სარგსიანმა სავსებით გამიზნულად განაცხადა, რომ აღნიშნულ ხელისუფლებაში ადგილი არ მოიძებნება იმ ძალებისთვის, რომლებიც მოძალადეებს უჭერენ მხარს და “სავარძლისკენ ხოხვით მიიწევენ.”
აღსანიშნავია, რომ 31 ივლისს ციხეში მყოფმა ჟირაირ სეფილიანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ძირითადად ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაზე ილაპარაკა. ჟირაირ სეფილიანი “სასნა ცრერის” არაფორმალური ლიდერია. ამბოხებულები მზად იყვნენ, მის ბრძანებებს (მ.შ. იარაღის დაყრის ბრძანებასაც) დამორჩილებოდნენ. სეფილიანმა თავის მოთხოვნებსა და სურვილებზე იმსჯელა. ამ განცხადების გავრცელების შემდეგ “სასნა ცრერმა” იარაღი დაყარა.
მათ მხოლოდ ერთი მოთხოვნა დააყენეს – ითხოვენ, რომ სომხეთი რუსულ გუბერნიად არ იქცეს. თავად სეფილიანი საკუთარ განცხადებაში იმასაც მოითხოვდა, რომ სომხეთიდან ის რუსი მესაზღვრეები გაეყვანათ, რომლებიც ამჟამად სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრებს იცავენ. მან აღნიშნა, რომ სომხეთის საზღვრები სომეხმა მესაზღვრეებმა უნდა დაიცვან. ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე “სასნა ცრერის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარუჟან ავეტისიანმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს ამბოხება არის რუსული კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.
1-ელ აგვისტოს, სისხლისღვრის გარეშე დასრულებული პროცესის შემდეგ, სერჟ სარგსიანი სიტყვით გამოვიდა და მომხდარი შეაფასა. მან ამბოხებას არც გადატრიალება უწოდა, და არც ტერაქტი, თუმცა პრობლემების ძალისმიერი გზებით მოგვარების იდეა გაკიცხა. ამასთან, მან აღიარა, რომ ქვეყანას რეფორმები და ეროვნული თანხმობის მთავრობა სჭირდება. სარგსიანი თითქოს სეფილიანის განცხადებას პასუხობდა, როდესაც აღნიშნა, რომ ასეთი მთავრობა შეიქმნება, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ. როგორც ჩანს, მან გაზაფხულზე დაგეგმილი არჩევნები იგულისხმა.
თავის გამოსვლაში სერჟ სარგსიანი არ შეხებია სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებისა და დეკოლონიზაციის თემებს – იმ საკითხებს, რაზეც “სასნა ცრერის” წევრები ლაპარაკობდნენ. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ 10 აგვისტოს სარგსიანი გაემგზავრება მოსკოვში, სადაც ვლადიმირ პუტინს შეხვდება. სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, შეხვედრა ერევნის ინიციატივით გაიმართება. სავარაუდოდ, სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში მართლაც შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც აუცილებელია “სიუჟეტური კვანძის” გახსნა.
გამოქვეყნდა: 07.08.2016