რეფერენდუმი თავსატეხად იქცა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აფხაზურ ოპოზიციას ოფიციალურად დართო ნება, პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასათვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის გასამართავად ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს. როგორც აქციის ინიციატორები აღნიშნავენ, პირველი აპრილისთვის უკვე 14 ათასზე მეტი ხელმოწერა იყო შეგროვებული, აუცილებელი მინიმუმი კი მხოლოდ 10 ათასია. ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვების პროცესის შეწყვეტას არ აპირებს.
კანონის მიხედვით, ამ პროცედურისთვის 2 თვე გამოიყოფა, რის შემდეგაც ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ 2 კვირის განმავლობაში მიღებულ მონაცემებს შეისწავლის და, დადებითი შედეგის შემთხვევაში, რეფერენდუმის დაწყების თარიღს გამოაცხადებს. რეფერენდუმი მომდევნო სამ თვეში უნდა გაიმართოს. მოქმედი კანონმებლობის მიხედვით, რეფერენდუმი რომ შედგეს, აუცილებელია, საარჩევნო ყუთებთან მივიდეს სიებში მყოფი, ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალქეების 50 პროცენტი და იგივე უფლების მქონე კიდევ 1 ამომრჩეველი.
პრეზიდენტ ხაჯიმბასთვის უნდობლობის გამოცხადების მომხრეთა არგუმენტები
ხელმოწერების შეგროვება აფხაზეთის ყველა რაიონში ტარდება, გალის გარდა.
‘ჩვენ გალის რაიონი გამოვრიცხეთ, რადგან მოცემულ მომენტში ძნელია იმის განსაზღვრა, თუ ვის დარჩა იქ მოქალაქის სტატუსი, და ვის – არა. იმისათვის, რომ გაურკვევლობა არ იყოს და სამომავლოდ კითხვები არ გაჩნდეს, ეს რაიონი გამიზნულად გამოვრიცხეთ,’ – განაცხადა რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დაურ ტანიამ.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ რაულ ხაჯიმბამ სასწაფოდ უნდა დატოვოს პოსტი, რადგან მან წინასაარჩევნო დაპირებები არ შეასრულა.
ძირითად არგუმენტებს გვთავაზობს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევის ფონდ ‘აპრას’ ხელმძღვანელი, ასლან ბჟანია. ზემოაღნიშნული ორგანიზაცია ოპოზიციურ ბლოკში გაერთიანებულ ოთხ სუბიექტს შორის ერთ-ერთია. უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 2014 წლის აგვისტოში გაიმართა, ასლან ბჟანია მოქმედი პრეზიდენტის მთავარი ოპონენტი იყო.
‘ხელისუფლებაში მოსულმა ბატონებმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაპირებები კონკრეტულ თარიღებს ‘მიაბეს’. მაგალითად, ბატონი ხაჯიმბას გუნდმა აფხაზ პენსიონერებს 15 ათასი რუბლის ოდენობის პენსია აღუთქვა, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულდა. შეიძლება ვინმემ ამის საწინააღმდეგო არგუმენტად თქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ არსებობს რაღაც პუნქტები, რომელთა შესრულებაც ეკონომიკასთან არ არის დაკავშირებული,’ – ამბობს ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია იმასაც აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ხაჯიმბას პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნის დროს, მისივე ინიციატივით, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უნდა მომხადარიყო აფხაზეთის მთავრობის ფორმირება. ‘მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, ორი მთავრობის ჩამოყალიბდა, ეს შეთანხმება კი ადრეც იგნორირებული იყო, და ახლაც.’
‘ან რატომ ამბობდა საპრეზიდენტო კანდიდატი ხაჯიმბა, რომ რუსებისთვის ბინების მიყიდვა ჩვენს სახელმწიფოს დაანგრევდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი საპირისპიროს ამტკიცებს?’
‘ოპოზიციაში ყოფნისას ბატონი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ რუსეთისგან აღებული შვიდასმილიონიანი კრედიტი, რომელიც აფხაზეთმა 2011 წელს საბანკო სისტემის მხარდასაჭერად აიღო, ფუჭი და უშედეგო გამოდგა. იგი აღნიშნავდა, რომ ფული მოიპარეს. ახლა კი იგი აქებს ‘აპრას’ საგადასახადო სისტემას, რომელიც ამ კრედიტის საშუალებით ამოქმედდა და ამბობს, რომ ეს სისტემა უნდა გაფართოვდეს.’
პრეზიდენტ ხაჯიმბასთვის უნდობლობის გამოცხადების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები
‘რაულ ხაჯიმბა შეეცადა, საკუთარი ძალებით გამოეყვანა ქვეყანა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან. რუსეთმა აფხაზეთს ფინანსური დახმარება აღუთქვა, მაგრამ გასულ წელს დახმარება არ მიგვიღია. და, ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ დიდ განსაცდელს გაუძლო. ბოლო წლების განმავლობაში რესპუბლიკამ პირველად სცადა დამოუკიდებლად არსებობა და შიდა რესურსების ძიება დაიწყო. ამის არდანახვა არ შეიძლება,’ – ამბობს პარლამენტის დეპუტატი ვალერი ყვარჩია.
პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას კონსტიტუციის ერთი პუნქტიც კი არ დაურღვევია და, შესაბამისად, რეფერენდუმის ჩატარების რაიმე მიზეზი არ არსებობს, – ამტკიცებს პრეზიდენტის მხარდამჭერი პარტიის ‘აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის’ ერთ-ერთი ლიდერი, ასლან კობახია.
‘არსებობს აფხაზეთის კონსტიტუცია, რომელშიც პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები მკაფიოდაა გაწერილი. სულ 26 პუნქტია. ორმა ყოფილმა გენპროკურორმა, რომლებიც ამჟამად ოპოზიციონერების მთავარი იურისტები არიან, ვერაფრით აღმოაჩინეს, რა ნორმები დაარღვია პრეზიდენტმა მოვალეობის შესრულებისას. საქმე ისაა, რომ მათ სურთ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და რეფერენდუმი მოიგონეს’, — დაამატა კობახიამ.
ვისაც ეჭვი ეპარება
ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის კანონმდებლობა მართლაც არასრულყოფილია და წინააღმდეგობებითაა სავსე.
მაგალითად, პრეზიდენტის მიმართ ნდობის საკითხი გაწერილია კანონში ‘რეფერენდუმის შესახებ’, რომლის მიხედვითაც პლებისციტისთვის ტაბუდადებულ თემებად ითვლება ‘აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ლიკვიდაცია, მისი სახელმწიფო საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის ცვლილება და აფხაზეთის კონსტიტუციით გარანტირებული მთავარი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა.’
თუმცა, თუკი რეფერენდუმი შედგება და ელექტორატის უმრავლესობა სახელმწიფოს მეთაურს უნდობლობას გამოუცხადებს, ეს შედეგი პრეზიდენტის მოქმედების გეგმას არ განსაზღვრავს.
მას უფლება აქვს, თავად აირჩიოს, როგორ მოიქცეს – გადადგეს, თუ თავის სავარძელში დარჩეს, რადგან, კონსტიტუციის მიხედვით, იგი ხუთი წლით აირჩიეს და თუკი მძიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი და ქმედითუნარიანია, პოსტის დატოვება მხოლოდ საკუთარი ნებასურვილით შეუძლია.
არც იმპიჩმენტის პროცედურაა ბოლომდე დამუშავებული. თუმცა, ელექტორატს მხოლოდ საკანონმდებლო შეუსაბამობები როდი უქმნის უხერხულობას.
რამდენიმე დღის წინ პოლიტოლოგ რუსტამ ანშბას რეფერენდუმის ჩატარებისთვის საჭირო ხელმოწერების შემგროვებლებმა სახლის კარზე დაუკაკუნეს. ‘ზოგადად, რეფერენდუმის მომხრე ვარ, მაგრამ ახლა წინააღმდეგი ვარ,’ – ორაზროვნად განაცხადა ანშბამ და ამის შემდეგ თავისი პოზიცია აკადემიურად განმარტა.
‘პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თუ რეფერენდუმი ჩატარდება და მის შედეგებს ყველა მხარე აღიარებს, ეს კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს საარჩევნო სისტემას. ნებისმიერი არაგეგმიური არჩევნები არსებულ საარჩევნო სისტემას კიდევ უფრო დააზიანებს და მმართველი აპარატის სრულ კოლაფსს გამოიწვევს.’
‘რეფერენდუმის იდეის საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი არგუმენტია – ახალი პოლიტიკოსების დეფიციტი. ყველას გვახსოვს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მომდევნო ათი წლის განვითარების შიდა და გარე კურსი უკვე, ასე თუ ისე, განსაზღვრულია.’
ამასთან, რეფერენდუმის იდეის განხილვამ იმდენად გახლიჩა საზოგადოება, რომ, როგორც პუბლიცისტი იბრაჰიმ ჭკადუა აღნიშნავს, რეფერენდუმის იდეა ლოგიკურ ფაზამდე რომ მივიყვანოთ, მისი გაუქმებისათვის ხელმოწერების შეგროვება უნდა დაიწყოს.
‘როგორ აღიქვამენ ამ ინიციატივას იურისტები? განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს კონსტიტუციური სასამართლო. კაზუისტიკისა და სოფიზმის დროა. არც ის გამიკვირდება, თუ ბევრი ადამიანი ერთდროულად იმპიჩმენტის მომხრეც იქნება, და წინააღმდეგიც.’
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 08.04.2016