საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეთა ბანაკი დღეს და გუშინ
საკონსტიტუციო რეფერენდუმამდე დათვლილი დღეები რჩება. ბოლო თვეა საკონსტიტუციო ცვლილებათა მომხრეები და მოწინააღმდეგეები საზოგადოებას საკუთარ არგუმენტებსა და კონტრარგუმენტებს აცნობენ, საუბრობენ მოქმედი კონსტიტუციისა და შემოთავაზებული პროექტის რისკებსა და უპირატესობებზე, მსჯელობენ საპრეზიდენტო და საპარლამენტო მმართველობის უპირატესობებსა და ხარვეზებზე. ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურადაა ჩართული პროცესში ‘ვემხრობი საკონსტიტუციო ცვლილებებს’, ისე გაერთო პროპაგანდით, რომ დაავიწყდა, რა პოზიცია ეკავა იმავე საკითხზე 2-3 წლის წინ.
მაგალითისათვის, აი რას ამბობდა მმართველი რესპუბლიკური პარტიის (სრპ) აღმასრულებელი საბჭოს წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ერმინე ნაგდალიანი გაზეთ ‘დე-ფაქტოსათვის‘ მიცემულ ინტერვიუში 2013 წლის 1 ნოემბერს:
‘1991 წელს სომხეთის რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება, ყოფილიყო ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. არავინ ამტკიცებს, რომ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა იდეალურია, ან ის სრულყოფილია სრპ-სათვის – სულაც არა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს მმართველობის ყველაზე პროდუქტიული ფორმაა ჩვენთვის ქვეყნის განვითარების მოცემულ ეტაპზე, როცა ჩვენ წინაშეა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერშემდგარი პოლიტიკური სისტემა, დაუსრულებელი ან ‘მთვლემარე’ ომი, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის განვითარების უკიდურესად არათანაბარი დონე, ანუ, მრავალი ფაქტორი, რაც ხელს არ უწყობს მმართველობის სისტემის მსგავს ცვლილებებს’:
მმართველი რესპუბლიკური ფრაქციის დეპუტატი ხოსროვ არუთუნიანი გაზეთ ‘ატავოტისათვის‘ მიცემულ ინტერვიუში 2012 წლის 8 ნოემბერს ამბობდა:
‘ამ მოდელზე გადასვლისათვის ერთი აუცილებელი პირობაა საჭირო: პოლიტიკური პარტიები უნდა იყოს შემდგარი. მაგრამ ჩვენი პარტიები საზოგადოებისათვის ჯერ ვერ არიან დასანახი, გამჭვირვალე და მისაწვდომი, ამიტომ ამისი დრო ჯერ არ დამდგარა’.
აი ხოსროვ არუთუნიანის კიდევ რამდენიმე არგუმენტი, რომლებიც განამტკიცებს მის წინანდელ პოზიციას:
1) სომხეთში გაამართლა ნახევრად საპრეზიდენტო სისტემამ;
2) ქვეყანაში არსებული პრობლემები, კერძოდ: კორუფცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება – არ არის განპირობებული ამათუიმ პოლიტიკური, ეკონომიკური სისტემით;
3) სახელმწიფო მმართველობის ტვირთის გადატანა პოლიტიკურ პარტიებზე სახიფათოა ეროვნული უსაფრთხოების კუთხით.
ეროვნული კრების რესპუბლიკური ფრაქციის სხვა წევრმა ნაირა კარაპეტიანმა Slaq.am-თან ინტერვიუში 2012 წლის 13 ნოემბერს აღნიშნა:
‘სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი აზრით, ჩვენ არ გვაქვს საკმაოდ შემდგარი პარტიული სისტემა და პარლამენტარიზმის დადგენილი ტრადიციები, რომლებიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს ამ გადასვლის კანონზომიერებას. აქ სერიოზული პოლიტიკური ანალიზი საჭირო არ არის, საკმარისია შეხედო, რა ემართება პარტიების პრინციპებს და პოლიტიკურ კურსებს, კერძოდ, რა საფუძველზე იქმნება და იშლება პოლიტიკური გაერთიანებები.
ვნახოთ, როგორ ხდება პარლამენტის ფორმირება დღეს. როგორც ჩანს, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში მისაღებ პოლიტიკურ ნორმად იქცა, როცა პარტია ადგენს პროპორციულ სიას, ხოლო არჩვევნების დამთავრების შემდეგ ამ სიის შემდგომი ბედი ერთპიროვნულად წყდება; ხშირად ძალის გამოყენებით აღწევენ თვითაცილებას, რითაც ხდება გამსვლელი ადგილების უზრუნველყოფა ‘იმ ბიჭებისათვის, ვისაც ხმას აძლევენ’. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უკეთესია, არამედ იმიტომ, რომ არსებობს ასეთი საფრთხე არჩევნებზე 100%-იანი პროპორციული სისტემით გადასვლის შემთხვევაში’.
თუმცა, როდესაც 2013 წლის აგვისტოში, რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე სერჟ სარგსიანმა განაცხადა თავისი პროგრამის შესახებ საკონსტიტუციო სისტემის ცვლილებების ინიცირების თაობაზე, ქვეყნის მართვის საპარლამენტო სისტემის ზემოთ ჩამოთვლილმა მოწინააღმდწეგეებმა პოზიცია შეცვალეს. თან, მათ მიერ წამოყენებული არგუმენტები დღესაც აქტუალურია.