ქართული პოლიტიკის მთავარი კონფლიქტი: პრეზიდენტი VS არაფორმალური მმართველი
შესაძლოა, სულ მალე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო რეზიდენციიდან გამოასახლონ – თანაც, მისი ნების საწინააღმდეგოდ. გამოსახლების ინიციატორია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი.
ეს ვიდეო ცნობილი იტალიური კინოფილმის “ჭირვეულის მორჯულების” პაროდიაა, რომელიც ქართულ ფეისბუკზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. აქ პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსახლების სცენაა გაშარჟებული: https://www.myvideo.ge/v/2554952
კონფლიქტი ყოფილ თანამებრძოლებს – ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის ახალი ამბავი აღარ არის. უკვე თითქმის ორი წელია, ივანიშვილი ღიად აცხადებს, რომ მარგველაშვილი და მისი ქმედებები გულზე არ ეხატება – იქნება ეს “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების პრაქტიკა, თუ მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ამათუიმ აქტუალურ საკითხზე.
• “ქართული ოცნების” კონსტიტუცია
• გია ნოდიას თვალსაზრისი: ბიძინას არჩევანი
არადა, თავიდან ყველაფერი სხვაგვარად იყო. არცთუ მდიდარი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ფილოსოფოსის, გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება სწორედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო. ივანიშვილი აცხადებდა, რომ მარგველაშვილივით “გამორჩეული პიროვნება, იშვიათად შეხვედრია ცხოვრებაში” და “ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო ინატრებდა ასეთ პრეზიდენტს.”
თავის მხრივ კი, მარგველაშვილი აცხადებდა, რომ ის “პლასტელინივით კაცია”, ყველა სიტუაციას მოერგება.
თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მარგველაშვილი “ქართული ოცნების” სხვა წევრებისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებების მიმართ უპირობოდ ლოიალური სულაც არ არის, და ბევრ საკითხზე გუნდისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ ეს გახდა ივანიშვილის განაწყენების მიზეზიც.
ერთ-ერთი კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ავლაბრის რეზიდენციაა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მარგველაშვილმა, თავდაპირველი უარის მიუხედავად, მისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლა გადაწყვიტა.
პრეზიდენტად არჩევამდე მარგველაშვილი აცხადებდა, რომ ავლაბრის რეზიდენცია ზედმეტად დიდია პრეზიდენტისთვის და აქ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი უნდა აშენდეს.
ივანიშვილისთვის, რომელსაც არამხოლოდ სააკაშვილის აშკარა მიუღებლობა აქვს, არამედ მის მიერ აშენებული შენობებისაც, მარგველაშვილის ეს გადაწყვეტილება ღალატის ტოლფასი იყო.
10 ნოემბერს თავის ბოლო ინტერვიუში ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილი კვლავ დაუბრუნდა რეზიდენციის თემას და ამჯერად კიდევ უფრო კატეგორიული იყო. მან თქვა, რომ გიორგი მარგველაშვილს აუცილებლად მოუწევს პრეზიდენტის სასახლის დატოვება და ათონელის ქუჩაზე მისთვის გარემონტებულ შენობაში გადასვლა. ივანიშვილი ამბობს, რომ სასახლე ზედმეტად დიდია და მისი შენახვა გაუმართლებელ ხარჯად აწვება ქვეყნის ბიუჯეტს.
“რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება – მას [პრეზიდენტს] ეს სურს თუ არ სურს… სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილებები,” – განაცხადა ივანიშვილმა.
მართალია, ივანიშვილს დღეს ხელისუფლებაში არავითარი თანამდებობა არ უკავია, თუმცა არაფორმალურად სწორედ ის მართავს ქვეყანას და მმართველ პარტიაში მოქმედ პრემიერზე გაცილებით დიდი ავტორიტეტი აქვს.
ამას ადასტურებს ისიც, რომ ამ განცხადებიდან მეორე დღესვე პრეზიდენტის გამოსახლებაზე საუბარი უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაიწყეს.
“მარგველაშვილზე გაცილებით წარმატებული და დიდი ქვეყნების პრეზიდენტები მუშაობენ მაგის მეათედ ფართობზე. გადახედოს, რომელს აქვს ასეთი პომპეზური შენობები. თეთრ სახლზე დიდია კინაღამ,” – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა.
შესაძლოა თუ არა, მოქმედი კანონმდებლობით, ამგვარად მოქცევა, როდესაც თავად პრეზიდენტს ეს არ სურს, და როგორ გამოიყურება საკითხი პოლიტიკურ ჭრილში?
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი, თამარ გვარამაძე “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ სამართლებრივად ამის გაკეთება შეუძლებელია:
“წარმოუდგენელია, სამართლებრივად როგორ უნდა მოხდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელის შეცვლა, რადგან კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავად განსაზღვრავს თავისი საქმიანობის წესს, სადაც საქმიანობის ადგილიც მოიაზრება და მას აღარ სჭირდება რომელიმე სხვა სტრუქტურის და, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ნებართვა.”
იგივეს ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის თქმითაც, ამ სადავო საკითხს იურიდიულზე უფრო სერიოზული და მწვავე პოლიტიკური შემადგენელი აქვს:
”რა გამოდის, მოქმედი პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური იდევნება ქვეყანაში?! პოლიტიკურად ეს არის ძალიან წაგებიანი თემა, “ქართული ოცნებისთვის” ეს არის უაღრესად წაგებიანი თემა… ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ეს იქნება აღქმული, როგორც პრეზიდენტის დევნა. ძალით ვეძებთ, ძალით ვიქმნით პრობლემებს?!”
რეზიდენცია, სადაც ამჟამად პრეზიდენტი მარგველაშვილი მუშაობას, 2009 წელს მისმა წინამორბედმა, მიხეილ სააკაშვილმა ააშენა.
შეხვედრა ევროკავშირის მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებთან. 2015 წელი.
პრეზიდენტი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ავსტრიის პრეზიდენტთან ჰაინც ფიშერთან და პირველ ლედისთან მარგიტ ფიშერთან ერთად ავლაბრის რეზიდენციის ეზოში. 2015 წელი.
მიხეილ სააკაშვილი ჰოლივუდის ვარსკვლავს შერონ სთოუნს სასახლეს ათვალიერებინებს. 2011 წელი.
მასალაში გამოქვეყნებულია ‘პირველი რადიოს’ და პრეზიდენტის ოფიციალური გვერდიდან აღებული ფოტოები.