საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა: შეზღუდვები ეკლესიაზე არ ვრცელდება
21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით გამოაცხადა. დაწესდა გარკვეული აკრძალვები: იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრება, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 ათასი ლარით ჯარიმდენა, ხოლო იურიდიული პირი 15 ათასი ლარით. განმეორებითი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია და სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- რამდენად რეალისტურია საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გეგმა? განვიხილავთ პუნქტობრივად
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე, ეხებოდა თუ არა 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა ეკლესიაში შეკრებებს, განაცხადა:
“შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა”.
ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დააჩქარა 20 მარტს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ – საგანგებოდ შეკრებილმა სინოდმა უარი თქვა ეკლესიაში ხალხმრავალი წირვა-ლოცვის ჩატარების შეჩერებასა და ზიარების წესის შეცვლაზე: მრევლი ისევ ერთი, საერთო კოვზით ეზიარება.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგნლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან საგანგებო რეჟიმის ფარგლებში შემოღებულ წესებს, რადგან აკრზალვები ეკლესიაზე არ ვრცელდება. დამაბნეველი იყო მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებებიც.
საგანგებო მდგომარეობის შემოღების მიუხედავად, 21 მარტს სამების საკათედრო ტაძარში მრევლი მაინც შეიკრიბა.
“რასაც უფალი ინებებს, იქნება. ჩვენ არ გვეშინია, ქრისტიანებს, მართლმადიდებლებს და სხვებმა იკითხონ. მგონი, თვითონ პრემიერი გადაიხდის მაგ ჯარიმას, ასე გადაეცით. ჩვენ მაგის არ გვეშინია, ჩვენ უფლის გვეშინია და არა პრემიერების”, – თქვა მთავარ არხთან ინტერვიუში სამების საკათედრო ტაძრის ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა.
საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოში პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია იყო მისული და პრემიერმა მათ უთხრა, რომ 10 პირის შეკრება ბუკვალურად არ უნდა იყოს გაგებული.
“განგვიმარტეს, რომ არ უნდა გავიგოთ ბუკვალურად. განგვიმარტეს, რომ სხვადასხვა ფართის მქონე ტაძარში დაშვებულია სხვადასხვა რაოდენობის ადამიანის დგომა. მთავარი პრინციპი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომელიც ეყრდნობა დაავადებათა ცენტრის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს, რომ იმდენი ადამიანი უნდა იყოს ტაძარში, რომ მათ საშუალება ჰქონდეთ დაიცვან ის დისტანცია, რომელიც რეკომენდაციებში ნახსენებია”, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
“დეკრეტის ტექსტი ამბობს, რომ რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი,” – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, იკრძალება თუ არა ეკლესიებში 10-ზე მეტი პირის ერთდროულად ყოფნა.
ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვა ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორ ეკლესიას, ისე სხვა დაწესებულებსაც.
“ეს შეზღუდვა, პირველ რიგში, განპირობებულია ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებით, რომ დავიცვათ ე.წ. სოციალური დისტანცია და დავიცვათ ერთმანეთი ვირუსის გავრცელებისგან. ცხადია, წესი და კანონი მოქმედებს ყველასთვის და ეს ეხება ეკლესიასაც”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილს სრულდება. 19 აპრილს კი აღდგომაა – ეს ყველაზე დიდი რელიგიური დღესასწაულია საქართველოში. მორწმუნეები ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავენ. აღდგომას წინ უძღვის საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება. უშუალოდ აღდგომის დღეს კი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებში სადღესასწაულო ლიტურგია აღესრულება.
როგორც საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, საპატრიარქომ ხელისუფლებისგან მიიღო დაპირება, რომ თუ საშუალება იქნება, საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოიწევს:
“გვითხრეს, რომ თუკი ამის საშუალებას მისცემთ მდგომარეობა, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, შესაძლებელია, ამ საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოწეულ იქნეს იმისათვის, რომ რაიმე დისკომფორტი არ შექმნას მლოცველებისთვის.”
22 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2956 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 291.