„ზოგს ოფისის სკამი გავატანეთ სახლში“ - როგორ გადადიან დისტანციურ მუშაობაზე ქართული კომპანიები. კონკრეტული რჩევები
Google, Microsoft, Twitter. Hitachi, Apple, Amazon,Chevron, Salesforce, Spotify – მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი კომპანია გადავიდა სახლიდან მუშაობის პრაქტიკაზე.
იზოლაცია და სახლში ყოფნა დღეს ყველაზე მთავარი ღონისძიებაა
covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მსგავსი რეკომენდაცია სახელმწიფო და კერძო უწყებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც მისცა.
გასული კვირიდან მოყოლებული, საქართველოში კომპანიები ერთმანეთის მიყოლებით სრულად ან ნაწილობრივ ხურავენ ოფისებს და დისტანციურ მუშაობაზე გადადიან.
საქართველოში ამ რეალობისთვის მზად თითქმის არავინ ყოფილა, ამიტომ დამსაქმებლებსაც და დასაქმებულებსაც ახალ რეალობასთან ადაპტირება და ახალი წესების შემუშავება უწევთ.
მთავარი გამოწვევაა, დისტანციური კომუნიკაციის ისე ეფექტურად აწყობა, რომ სამუშაო პროცესი არ დაზარალდეს.
„ზოგს ოფისის სკამიც გავატანეთ სახლში, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს“
პირველი ქართული კომპანია, რომელმაც თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანა, “ევროპაბეთი” იყო.
ონლაინ თამაშების ამ მსხვილმა კომპანიამ, რომელსაც 600 თანამშრომელი ჰყავს, დისტანცირებულ საქმიანობაზე გადასვლის პროცესი თითქმის დაასრულა, ამიტომ უკვე კონკრეტული გამოცდილებაც დაუგროვდათ.
როგორც “ევროპაბეთის” HR დირექტორი თამარ ქლიბაძე ამბობს, დისტანციურ მუშაობაზე გადაწყობის და საკუთარ თანამშრომლებზე სოციალური პასუხისმგებლობის აღების პროცესი კომპანიაში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც საქარველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
„თებერვლის ბოლოდან ტექნიკურად ვემზადებოდით. 12 მარტს კი, უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დისტანციურად მუშაობაზე გადასვლის დროა. ეტაპობრივად ვმოქმედებდით და დღეს თანამშრომლების 80 პროცენტი უკვე სახლიდან მუშაობს,“ – ამბობს ქლიბაძე.
ამ ეტაპზე “ევროპაბეთის” სერვის-ცენტრები მუშაობენ, თუმცა კომპანია აპირებს, უახლოეს დღეებში ისინიც დისტანციურ საქმიანობაზე გადაიყვანოს.
როგორც თამარ ქლიბაძე ამბობს, დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის პროცესი მარტივი არ არის და რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია გასათვალისწინებელი:
პირველი არის ტექნიკური:
„ჩვენმა IT დეპარტამენტმა დროზე აუღო ალღო სიტუაციას – დაიწყო თუ არა ვირუსის სწრაფად გავრცელება, ეგრევე დავიწყეთ სამზადისი. ჩვენ საერთაშორისო ჯგუფის წევრი ვართ და კომპანია ტექნიკურად კარგადაა აღჭურვილი, თუმცა ლეპტოპების ყიდვა მაინც დაგვჭირდა ზოგი თანამშრომლისთვის,“ – ამბობს იგი.
ცალკე კომპონენტი იყო თანაშრომლების ემოციური და მორალური შემზადება:
„ძირითადი შიშები უკავშირდებოდა იმას, შეძლებდნენ თუ არა სახლიდან მუშაობას ისე, რომ არ გართულებოდათ მუშაობა და არ დაზიანდებულიყო საქმე. ბევრ თანამშრომელს მოგზაურობის, მივლინების გაუქმება მოუხდა, ემოციურად ყველას გაგვიჭირდა ამ სიტუაციაში“, – აღნიშნავს ქლიბაძე.
მისი თქმით, სტრესის მინიმუმამდე დაყვანა მთავარი ამოცანაა:
„ვისაც უნდოდა, სამსახურიდან საოფისე სკამი და კომპიუტერის მონიტორიც კი გავატანეთ, რომ სახლში კომფორტულად და საქმიანად მოეწყონ,” – ამბობს ქლიბაძე.
ის მენეჯერების განსაკუთრებულ როლზე ამახვილებს ყურადღებას:
„მენეჯერებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ჩვენი მენეჯერები ყოველ დილით ბრიფ-ქოლებით უკავშირდებიან თანამშრომლებს, საღამოს კი, ყველა ერთად აჯამებს დღეს. არასაქმიანი ჩატიც გვაქვს, სადაც სახუმარო ფოტოებს ვდებთ, ერთმანეთს ვაჩვენებთ, როგორ ვმუშაობთ სახლში“.
კომპანიაში ამბობენ, რომ შექმნილ სიტუაციას უყურებენ როგორც საინტერესო გამოწვევას და თანამშრომლებსაც სამოტივაციოდ ამ იდეას უზიარებენ:
„თანამშრომლებს ვეუბნებით, რომ თუ ეს ექსპერიმენტი წარმატებით ჩაივლის, ეს შეიძლება გახდეს ჩვენი სამომავლო არჩევანიც და თვეში ერთხელ სახლიდან ვიმუშაოთ ხოლმე,“ – აღნიშნავს ქლიბაძე.
თანაშრომლების მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო თბილისის გაზგამანაწილებელმა კომპანიამ, „თბილისი ენერჯიმაც”. ამ კომპანიამ მომხმარებლებს sms-ით შეატყობინეს, რომ სერვის-ცენტრებს არ უნდა მიაკითხონ და ყველა მომსახურებას დისტანციურად მიიღებენ.
შეაჩერა გარკვეული სერვისების მიწოდება თბილისის მერიამაც.
დისტანციურად სერვისების მიღებისკენ მოუწოდებენ მომხმარებლებს სადაზღვეო კომპანიები და ბანკები.
მოქალაქეებს განსაკუთრებული საჭიროების გარეშე იუსტიციის სახლებში ვიზიტებისგან თავის შეკავება ურჩია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
დისტანციურ საქმეზე გადადიან მედია-ორგანიზაციებიც. მაგალითად, JAMnews-ის თანამშრომლები უკვე გასული კვირიდან ონლაინ პლატფორმების დახმარებით ვმართავთ თათბირებსა და ვგეგმავთ სამუშაოს.
როგორ გადარჩეს ბიზნესი. რამდენიმე რჩევა მათ, ვინც სახლიდან მუშაობს
როდემდე გაგრძელდება ეს? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არის.
როგორც ჩანს, რეალობა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში დადგა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება.
ამიტომ, იმისთვის, რომ ვირუსთან ერთად სამყარო ეკონომიკურმა კოლაფსმა და დეპრესიამ არ მოიცვას, შრომის სპეციალისტები და პასუხისმგებლიანი კომპანიების ხელმძღვანელები თავს იმტვრევენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ დაიცვან საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობა და ამავე დროს არ დააზიანონ საქმე.
ამიტომ, დისტანციურად მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანების რჩევებს ახლა ოქროს ფასი აქვს. აღმოჩნდა, რომ სახლიდან მუშაობასაც, იმისთვის, რომ იგი პროდუქტიული იყოს, გარკვეული წესების დაცვა სჭირდება:
აქ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:
მაღვიძარა ისევ საქმეშია
ყოველ დილით მოიქეცით ისე, თითქოს სამსახურში მიდიხართ: მაღვიძარა კვლავ ჩვეულ დროს დააყენეთ და ჩაატარეთ იგივე რიტუალები, რომლებსაც კორონავირუსამდელ ცხოვრებაში ატარებდით – მიიღეთ შხაპი, ისაუზმე, ყავა დალიეთ აივანზე.
ერთი ექსტრა-რჩევა: რაკი სამსახურში წასვლა აღარ გიწევთ და ტრანსპორტსა და საცობებში გატარებული დრო გაგინთავისუფლდათ, კარგი იქნება, თუ 15 წუთს ფიზიკურ ვარჯიშს დაუთმობთ. ეს აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგადად არ ვარჯიშობთ ხოლმე, რადგან ამ საყოველთაო იზოლაციის გამო ადამიანები ბევრად ნაკლებს მოძრაობენ, რაც ორგანიზმისთვის და მისი იმუნური სისტემისთვის საზიანოა.
მაგალითად, შეგიძლიათ Nike Training Club-ის უფასო აპლიკაცია ჩამოწეროთ და თქვენთვის შესაფერისი ვორქაუთი აირჩიოთ (iOS, Android).)
არანაირი პიჟამა!
ორი დღე შეიძლება მართლაც სახალისო იყოს მთელი დღე პიჟამათი, თმაგაბურძგნული სიარული და ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში მუშაობა, მაგრამ ძალიან მალე ეს მდგომარეობა თქვენი საქმიანობის ხარისხზე აისახება.
ამიტომ, დილით აუცილებლად მოწესრიგდით და ჩაიცვით ტანსაცმელი, რომლითაც სამსახურში დადიხართ (თუ სამსახურში არა, უბნის მაღაზიაში მაინც).
შეიძლება სულელურად მოგეჩვენოთ ასე მორთვა-მოკაზმვა მაშინ, როცა სახლიდან არ გადიხართ, მაგრამ მცოდნე ხალხი ამბობს, რომ როდესაც საქმიანად გაცვიათ, ეს საქმეზე კონცენტრირებას შველის.
ბონუსი: ნახეთ ჟურნალ New Yorker-ის კარგი იუმორი კორონავირუსულ საშინაო მოდასთან დაკავშირებით.
რა არის თქვენი გენგეგმა?
ზოგადად გეგმის ქონა ყოველთვის კარგია, მაგრამ კორონავირუსობის ჟამს, როდესაც საქმეს სახლიდან აკეთებთ, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონია. ყოველ დღე თქვენი სამუშაო გეგმა უნდა იყოს კონკრეტულად ჩამოწერილი და მკაფიო, ისე როგორც არასდროს. უკეთესი იქნება, თუ გეგმას წინა დღით ჩამოწერთ და დილით კიდევ ერთხელ გადაავლებთ თვალს.
ლოგინიდან არ მუშაობთ!
არანაირი ლოგინი, კოტრიალი და ჩართული ტელევიზორი. აუცილებლად მოიწყვეთ სამუშაო სივრცე.
თუ თქვენ არ გაქვთ სპეციალური სამუშაო კაბინეტი, მაშინ ოთახის ერთ კუთხეში მოიწყვეთ კომფორტული კუთხე, სადაც იმუშავებთ.
მაგალითად, შეგიძლიათ ოთახში ავეჯი გადააადგილოთ – პატარა მაგიდა ოთახის კუთხეში გადაიტანოთ, მიუდგათ კომფორტული სკამი, სანათი და მყუდრო, სამუშაო გარემო შეიქმნათ.
გამოყოფილი სამუშაო სივრცის მოწყობა აუცილებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ ოჯახის წევრებმა ხელი არ შეგიშალონ – გააფრთხილეთ ისინი, რომ როდესაც იმ კუთხეში ზიხართ, ესე იგი “სამსახურში ხართ” და ხელი არ უნდა შეგიშალონ.
p.s. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ სწავლა არ არის და ბავშვები სახლში არიან?!
ამგვარი სივრცის მოწყობა კარგი მაგალითი იქნება სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვისაც – უთხარით მათ, რომ მოგბაძონ და ასევე საკუთარი სივრცეები მოიწყონ სამეცადინოდ და საკითხავად.
(აქ არის სახლში მყუდრო ოფისის მოწყობის რამდენიმე მაგალითი).
შესვენებები არავის გაუუქმებია
მეტიც, ხშირად შეისვენბეთ. რაკი სახლში ხართ, არ ნიშნავს იმას, რომ თავაუღებლად უნდა იმუშაოთ. თქვენი სამუშაო დღე ზუსტად იმხელა უნდა იყოს, როგორიც ადრე იყო. აუცილებლად შეისვენეთ – გაიარ-გამოიარეთ, სხეულის გასაწელი ვარჯიშები გააკეთეთ, რომ სისხლის მიმოქცევა წესრიგში იყოს. არ თქვათ უარი სადილზე და დროდადრო გადით აივანზე, რომ სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ.
My company is implemented a #WorkFromHome policy too pic.twitter.com/Yw4Z6ANL9n
— Yvonne Chan (@yfchanmd) March 12, 2020
წარწერა ნახატზე: ლაპარაკობს თქვენი პილოტი. მე დღეს სახლიდან ვმუშაობ
ვირუსი ონლაინ-კომუნიკაციით არ გადადის
ანუ მოაქცევთ თქვენს თავს სრულ იზოლაციაში. ეკონტაქტეთ მეგობრებს და რაც მთავარია, თანამშრომლებს. კარგი იქნება, თუ ყოველ დილით ერთმანეთს გაუზიარებთ დღის გეგმებს, საღამოს კი, შეაჯამებთ შესრულებულ სამუშაოს.
მენეჯერებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ – სწორედ მათი საქმეა თანამშრომლების მორალურად გამხნევება და მათი მოტივაციის ამაღლება.
თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია, არა მარტო საქმიანი უნდა იყოს. ვიდეო-ზარის დროს ყოველთვის საქმეზე ნუ ილაპარაკებთ – შეგიძლიათ ყავა დაისხათ და წაიჭორაოთ.
ან მაგალითად, თუ ვინმეს დაბადების დღე აქვს, თანმშრომლებს შეგიძლიათ ონლაინ-ფართი მოაწყოთ:
რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ სამყაროში ძალიან უჩვეულო სიტუაციაა და ყველას სტრესი აქვს, ამიტომ გაუფრთხილდით ერთმანეთს.
ილუსტრაცია ყდაზე: წყარო – digiday