ოპოზიცია სასამართლოს რეფორმაზე შეთანხმდა. რა და როგორ შეიცვლება მათი გამარჯვების შემთხვევაში
ოცამდე პოლიტიკური პარტია, რომლებიც ერთმანეთთან წინასაარჩევნო რეჟიმში თანამშრომლობენ, თანხმდებიან, რომ ქვეყანას დამოუკიდებელი სასამართლო სჭირდება.
13 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ხელმომწერი პარტიები აცხადებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური რეფორმისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ.
ეს ნაბიჯებია:
-1-
რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს უნდა ამოქმედდეს ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი, რომელიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს განიხილავს; ხოლო შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ნაფიცმა მსაჯულებმა თანდათან ყველა დანაშაული უნდა განიხილონ, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს;
-2-
2021 წლის ბოლომდე სასამართლოს პირველ ინსტანციაში (სწორედ ეს ინსტანცია განიხილავს საქმეთა უმრავლესობას) უნდა შემოვიდეს მოსამართლის არჩევითობის წესი. ანუ სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდებულ ადამიანს, ნაფიც მსაჯულებთან ერთად, უნდა შეეძლოს აირჩიოს ვინ განიხილავს მის საქმეს – მოსამართლე, რომელიც დანიშნულია თუ მოსამართლე, რომელიც პირდაპირი წესითაა არჩეული; იგივე არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს ასევე მოსარჩელეს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში.
-3-
დღეს მოქმედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. ასევე, უნდა გაერთიანდეს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები; ასევე უნდა გაუქმდეს ყველა აქტი, რომლის თანახმადაც 2017 წლიდან დღემდე უვადოდ დაინიშნენ მოსამართლეები. ამ ყველა პუნქტის ასამოქმედებლად საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო და ოპოზიცია აცხადებს, რომ მომავალ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ამ ცვლილებების უზრუნველყოფს.
-4-
ოპოზიციის გეგმის თანახმად, ყველაზე მაღალ ინსტანციებში – უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში უცხოელი მოსამართლეები უნდა დაინიშნონ. კერძოდ კი, მოსამართლეები აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოდან (ამ ქვეყნებს დამოუკიდებელი სასამართლოს განსაკუთრებული ტრადიციები აქვთ). ეს მოსამართლეები ხანგრძლივი ვადით უნდა დაინიშნონ და ყველა შესაძლო კოლეგიის უმრავლესობას უნდა შეადგენდნენ;
-5-
ოპოზიცია ამერიკული სტანდარტის შემოღებას აპირებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე. კერძოდ კი, ამ გეგმის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევებში მოხდება აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცედენტებად აღიარება. ეს შემთხვევებია – სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხები, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის ან სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციული) დავები. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ საქმეების განხილვა ამერიკული სტანდარტით უნდა მოხდეს.
“ჩვენ ფიცს ვდებთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნების შემდეგ საქართველო”
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შეთანხმება, რომელსაც მათ ხელი მოაწერს „უკეთესი საქართველოს აშენების საფუძველი“ იქნება და ერთ და სამუდამოდ შეცვლის ქვეყანაში სასამართლო სისტემას.
“ჩვენ ხელს ვაწერთ, ერთგვარად ფიცს ვდებთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნების შემდეგ საქართველო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავიწყოთ საბჭოთა მმართველობის სისტემის დაშლა, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვაქვს სახელით სხვა და არსით საბჭოთა სისტემის ინერცია,“ – განაცხადა „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
“დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას, რომელიც იქნება უკეთესი საქართველოს აშენების საფუძველი. დღეს კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად პასუხისმგებლიანად და გააზრებულად მოქმედებს ერთიანი ოპოზიცია. ჩანს, რომ ეს არის ღირებულებითი ერთიანობა,” – ამბობს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერი, დავით ბაქრაძე.
პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მემორანდუმი სამ მნიშვნელოვან გარანტიას შექმნის:
“პირველი, საქართველოს თითოეული მოქალაქე იქნება დაცული და მას ვერავინ დაჩაგრავს. მეორე, პოლიტიკური ანგარიშსწორებები და პოლიტიკური დევნა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება. და მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ინვესტორებს, ქართულ ბიზნესს ექნება გარანტია, რომ მათ შეუძლიათ შექმნან სამუშაო ადგილი, ჩადონ ინვესტიცია ქვეყანაში და მათ ვერავინ შეეხება.“
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოში სასამართლოს რეფორმირების რამდენიმე ტალღა იყო, თუმცა რეალურ შედეგამდე – ანუ დამოუკიდებელ სასამართლომდე ქვეყანა ვერც ერთმა მცდელობამ ვერ მიიყვანა.
2004 წელს, “ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემური კორუფციისგან კი გაათავისუფლა, მაგრამ სამაგიეროდ ის მთლიანად საკუთარ თავს დაუქვემდებარა.
2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლამდე “ქართული ოცნება” მთავარ პრიორიტეტად სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებას და სამართლიანობის აღდგენას მიიჩნევდა, თუმცა, დღეს სასამართლოს მართავს იგივე ხალხი, რომლის მეშვეობითაც წინა ხელისუფლება მთელ სისტემას მართავდა.
ბოლო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების კუთხით არსებულ შემაშფოთებელ ტენდენციებზე. საარჩევნო სისტემასთან ერთად, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში ყურადღება სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებზეც არის გამახვილებული.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საკუთარ განცხადებაში მიუთითებს, რომ ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იყენებს.