ტაპირი ტაპი-ტუპი ხესუსის საყვარელი საქმიანობა დავარცხნაა, ამიტომ მომვლელებთან განსაკუთრებით მეგობრული და სტუმართმოყვარეა, რადგან იცის წინ სიამოვნება ელოდება. ტაპის ყოველდღიურ რუტინაში ვარცხნის პროცედურაც შედის. ამ დროს ტაპი-ტუპი ძირს წვება და სიამოვნებისგან ნეტარ სახეს იღებს.
სიამოვნების გარდა, ასეთი მასაჟი მისი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კანის გარქოვანებულ ნაწილი შორდება და სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება.
ნებივრობისადმი სიყვარულის გარდა ტაპი-ტუპი ღორმუცელობითაც გამოირჩევა. საყვარელი ნუგბარი საზამთრო და ვაშლია.
ტაპირები მორცვხი და მშვიდი ცხოველები არიან, ტაპი-ტუპი კი კიდევ უფრო სტუმართმოყვარე, ალერსიანი და მხიარულია.
დაბლობის ტაპირი ტაპი-ტუპი 2009 წელს უნგრეთის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს. თავდაპირველად მას საქართველოს კლიმატთან შეგუება ცოტა გაუჭირდა, რადგან ტაპირები განსხვავებულ კლიმატურ პირობებს არიან მიჩვეულები. ისინი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ რეგიონებში ბინადრობენ. თუმცა ახლა ტაპი-ტუპი თავს ძალიან კარგად გრძნობს და თბილისის ზოოპარკის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ბინადარია.
ტაპის ვოლიერში მასთან ერთად ლამები და კენგურუები ცხოვრობენ, თუმცა მათ შესახებ ვრცლად უკვე სხვა ვიდეოში გიამბობთ.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.