საქართველოში ოთხივე გერმანული ფონდის საქმიანობა შეჩერებულია. ALDE ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს
გერმანული ფონდი საქართველოში
გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, ოთხივე გერმანული ფონდი საქართველოში იძულებული გახდა, დახურულიყო. მისივე თქმით, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაუარესებამ საფრთხე შეუქმნა მრავალწლიან თანამშრომლობას, მათ შორის, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ფონდების საქმიანობასა და საგანმანათლებლო კავშირებს.
საქართველოში გერმანული ფონდების მუშაობის შეწყვეტის შემდეგ “ლიბერალთა და დემოკრატთა პარტია ევროპისთვის (ALDE)” ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს და კაია კალასს წერილით მიმართავს.
30 სექტემბერს თბილისში მუშაობა შეწყვიტა კონრად ადენაუერის ფონდმა. ასევე დაიხურა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის საქართველოს ოფისი, რომელიც ქვეყანაში 20 წლის განმავლობაში საქმიანობდა. საქართველოში ასევე დაიხურა ჰაინრიხ ბიოლისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდები.
რა თქვა გერმანიის ელჩმა
ფოსმა, რომელმაც საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე პეტერ ფიშერი მიმდინარე წლის აგვისტოში შეცვალა, აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა იმ თანამშრომლობას, რომელსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ავითარებდა.
„ოთხივე ჩვენი პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოსა და მის ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა საქმიანობა. ოთხიდან ორმა ფონდმა სულ რაღაც ორი დღის წინ იძულებით დახურა თავისი ოფისი“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.
ფოსმა ყურადღება გაამახვილა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზეც, რომელსაც გერმანიასთან მჭიდრო აკადემიური კავშირები აქვს და რომელიც, ელჩის შეფასებით, საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ქართული უნივერსიტეტია. მისი თქმით, უნივერსიტეტი ამჟამად არსებობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგას.
„ეს მოვლენები ასევე ძაბავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. მომავალ წლებში, მე პირადად მივუძღვნი ჩემს ძალისხმევას, როგორც ელჩი, იმის შენარჩუნებას, რისი შენარჩუნებაც შესაძლებელია“, – თქვა ფოსმა.
დიპლომატის განცხადებით, გერმანია გარკვეულ სფეროებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გააგრძელებს. მათ შორისაა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება.
გერმანიის ელჩმა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბერლინსა და თბილისს ამ მიმართულებით საერთო ინტერესები და გამოწვევები აქვთ.
„რუსეთი ცდილობს ევროპის დესტაბილიზაციას და ხალხის დაყოფას დეზინფორმაციის, მუქარის, საბოტაჟისა და აგრესიის გზით“, – განაცხადა ფოსმა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად არის ცნობილი, რა შედეგები მოაქვს რუსეთის სამხედრო აგრესიას. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და მოსკოვის მიზანი ძალთა ბალანსის დამყარება კი არა, დომინირებაა.
ფოსის განცხადებით, გერმანია კვლავ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკა.
„ამ კონტექსტში, ჩვენ ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან ნატო-ს ჩარჩოს მეშვეობით, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს მათი თავდაცვისუნარიანობა შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ და შევიტანოთ წვლილი უსაფრთხოებაში მთელ სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.
“საკმარისია! “ქართული ოცნების” რეჟიმი ახშობს დამოუკიდებელ ხმებს” – ALDE-ს განცხადება
“საკმარისია! „ქართული ოცნების“ რეჟიმი ახშობს დამოუკიდებელ ხმებს და საქართველოს ევროპას აშორებს.
ქვეყანაში 20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ იძულებული გახდა, თბილისის ოფისი დაეხურა, რადგან საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელება ვეღარ ხერხდებოდა.
ALDE-ს პარტიის პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-ქრისტოფ ოტიენი ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
მიზნობრივი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც რეპრესიებსა და დემოკრატიის სისტემურ შერყევაზეა პასუხისმგებელი. თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება.
ჩვენი ერთობლივი წერილი კაია კალასისა და მარტასადმი”, –ვკითხულობთ ALDE-ს სოციალურ გვერდზე.
ALDE-ს პრეზიდენტი სვენია ჰანი და „ევროპის ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტი იან-კრისტოფ ოიტიენი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, მარტა კოსს წერილით მიმართავენ.
„გწერთ საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, კერძოდ, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ (FNF) იძულებითი გადაწყვეტილების გამო, რომ თბილისში თავისი ოფისი დახუროს, რომელმაც ქვეყანაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა.
FNF იძულებული გახდა, საქართველოში მისი საქმიანობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მისი საგრანტო განაცხადი არ დააკმაყოფილა. ხელისუფლებამ ნათლად დააფიქსირა, რომ FNF-ის საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნებადართული, თუ ის ხელისუფლების პრიორიტეტებთან შესაბამისობაში მოვიდოდა. აღნიშნულ პირობებში, FNF-მა დაასკვნა, რომ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფონდი, მისი მისიის შესრულებას ვეღარ შეძლებდა“, – ნათქვამია წერილში.
წერილში აღნიშნულია, რომ ეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მზარდი შეზღუდვებისა და დემონსტრანტების, ოპოზიციური პირების, ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ უფრო ფართო რეპრესიების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.
„მოვლენების აღნიშნული განვითარება აჩვენებს, თუ რამდენად შორდება „ქართული ოცნების“ რეჟიმი იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან არის მოსალოდნელი და შემაშფოთებელ სიგნალს უგზავნის ყველას, ვისაც ევროპული მისწრაფებები აქვს. ის, რაც საქართველოში ხდება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი მოქალაქეებისთვის, არამედ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის და დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მიმართ მისი ერთგულებისთვის.
კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებზე, დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სისტემატურ ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი.
ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერობა მნიშვნელოვანია შემდგომი უკუსვლის თავიდან ასაცილებლად და იმის საჩვენებლად, რომ მსგავს ქმედებებს შედეგები მოჰყვება. ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დამცველები მხარდაჭერის გარეშე არ დარჩნენ“, – აცხადებს ALDE.
გამოხმაურება
ნაკლებად გვაინტერესებს მათ მიერ ეს უნიჭო და ყოვლად უსაფუძვლო სანქციების პაკეტები წლიდან წლამდე თუ თვიდან თვემდე, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ALDE Party-ის მოწოდებას. მისი თქმით, ქართული საზოგადოების დაკვეთა უცვლელია და გულისხმობს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, წინსვლას და გამთლიანებას მშვიდობიანი გზით.

„ALDE – სგან და პოლიტიკური ელიტისგან ევროკავშირში მსგავსი განცხადებები არ უნდა გვიკვირდეს. ალბათ, ავიწყდებათ, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან არის პირდაპირი უსამართლო თავდასხმების ქვეშ. ნაკლებად გვაინტერესებს, განსაკუთრებით სახელისუფლებო გუნდს, ეს იქნება საკანონმდებლო ორგანო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება, მათ მიერ ეს უნიჭო და ყოვლად უსაფუძვლო სანქციების პაკეტები წლიდან წლამდე თუ თვიდან თვემდე. ეს ძალიან კარგად იციან.
ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რასაც ვატარებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით და ეს დაკვეთა, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ძალაშია დღესაც და ეს დაკვეთა არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის და ყველაზე მთავარი, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა კირცხალიამ.