დიდი ბრიტანეთის საელჩო: მზია ამაღლობელის სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია
გაზიარება
გაზიარება
მზია ამაღლობელის საქმე
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს არაპროპორციულსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
საელჩომ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა.
„დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა შეეფარდა. მისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2025 წლის 6 აგვისტოს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჟურნალისტი 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის, მიმართ თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარის მოთხოვნები აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ შესაბამისი შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო, ხოლო 2025 წლის 19 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.