ჟურნალისტური გამოძიება: პირები, რომლებიც თაღლითურ ქოლცენტრში მუშაობდნენ, სავარაუდოდ, ისევ აგრძელებენ საქმიანობას
თაღლითური ქოლცენტრები საქართველოში
თაღლითური ქოლცენტრები, რომლებიც გასულ წელს საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ცენტრში მოექცა, სავარაუდოდ, საქმიანობას ახალი მისამართიდან აგრძელებენ. საგამოძიებო სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, AK ჯგუფთან დაკავშირებული პირები ამჯერად თბილისში, მირიან მეფის ქუჩის 68 ნომერში მდებარე ოფისში გადაადგილდებიან.
გამოცემის ცნობით, ჟურნალისტები ექვსი თვის განმავლობაში ფარულად აკვირდებოდნენ აღნიშნულ მისამართს. დაკვირვების შედეგად, მათი თქმით, იდენტიფიცირებული იქნენ ის პირები, რომლებიც გასულ წელს ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე AK ჯგუფთან დაკავშირებულ ძველ ოფისთანაც იყვნენ დაფიქსირებულნი. ვიდეომასალაში, „მონიტორის“ ინფორმაციით, ჩანს იმავე ავტომობილების ნაწილიც, რომლებიც წინა ლოკაციაზეც გადაადგილდებოდნენ.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ არაერთხელ დააფიქსირეს AK ჯგუფის რეალურ მმართველად მიჩნეული აკაკი ქევხიშვილის ავტომობილებიც. მათი ინფორმაციით, საუბარია სანომრე ნიშნებით AK100KK-სა და AK200KK-ზე, რომელთაგან ერთ-ერთი, AK100KK, 2025 წლიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია.
„მონიტორის“ ცნობით, იმავე მისამართზე ხშირად გადაადგილდება ჯგუფის ოფიციალური მფლობელი და დირექტორი მერი შოთაძეც. ჟურნალისტების ინფორმაციით, ის ორი სხვადასხვა ავტომობილით გადაადგილდება, რომელთაგან ერთიც გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია, ხოლო მეორე სხვა პირის სახელზეა რეგისტრირებული.
გამოძიების ავტორები ასევე აცხადებენ, რომ მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისთან იმ აგენტების ნაწილიც გამოჩნდა, რომლებიც ადრე AK ჯგუფის ქავთარაძის ოფისში მუშაობდნენ. მათ შორის არიან ანჟელიკა ჩხაპელია (ფსევდონიმით Marina Novikova), მიშა ბაირამოვი, ვალერიან გიგაური, გიორგი გოტმანი, ქეთევან მალაშხია (ფსევდონიმით Ashley Moriarty), რომელიც, „მონიტორის“ ცნობით, აკაკი ქევხიშვილის მეუღლის დეიდაშვილია, ასევე ბელარუსის მოქალაქე ლიტა, რომელმაც ქოლცენტრში მუშაობა უარყო.
ჟურნალისტების თქმით, ახალ მისამართზე ამოიცნეს დაცვის თანამშრომლებიც, რომლებიც გასულ წელს ქავთარაძის ოფისთანაც იყვნენ დაფიქსირებულნი. მათ შორის დასახელებულნი არიან ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი მანუჩარ გეგია, ზუგდიდის საგზაო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გოგია და ლაშა ტუღუში. „მონიტორის“ ინფორმაციით, გადაიღეს ავტომობილიც, რომლითაც დაცვის კიდევ ერთი წევრი, რომეო ქარდავა გასულ წელს გადაადგილდებოდა.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ახალი ჟურნალისტური გამოძიების ანონსი გამოქვეყნდა, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ოფისი დაიხურა და ამჟამად შენობის ორივე სართული გასაქირავებლად არის გამოტანილი.
„მონიტორის“ ინფორმაციით, 2022 წლიდან აღნიშნული ფართი იჯარით ჰქონდა აღებული კომპანია „რტმ იმპორტს“, რომელსაც აკაკი ქევხიშვილის ცოლის ძმა, ირაკლი ქვლივიძე ფლობს.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ 1 ივლისს პროკურატურას აცნობეს, თითქოს AK ჯგუფის ხელმძღვანელები და თანამშრომლები რეგულარულად გადაადგილდებოდნენ მირიან მეფის 68 ნომერში მდებარე ოფისში. პროკურატურას, მათი თქმით, არ განუმარტავს, გადაამოწმა თუ არა ეს ინფორმაცია და გრძელდება თუ არა სავარაუდო თაღლითური საქმიანობის გამოძიება.
გამოძიება გრძელდება
„მონიტორის“ ინფორმაციით, პროკურატურამ მათ განუცხადა, რომ შესაძლო დაზარალებულების იდენტიფიცირების მიზნით სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიას მიმართა. უწყების ცნობით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მათ ჟურნალისტურ გამოძიებაში მონაწილე პირებსაც მიმართეს, თუმცა, პროკურატურის განცხადებით, მათ თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.
პროკურატურის წერილობით პასუხში აღნიშნულია, რომ „შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება არსებითად დამოკიდებულია სამართლებრივი დახმარების ფარგლებში უცხოეთიდან მისაღებ ინფორმაციასა და მასალებზე“.
„მონიტორის“ კიდევ ერთი გამოძიების თანახმად, აკაკი ქევხიშვილი და მერი შოთაძე წარსულში მუშაობდნენ სხვა ქოლცენტრშიც – კომპანია „100 მარკეტინგ სოლუშენზში“. ამ კომპანიის საქმიანობის შესწავლა 2023 წელს დაიწყო, რის ფარგლებშიც კომპანიის წილები დაყადაღდა, თუმცა 2026 წელს სასამართლომ ეს ყადაღა გააუქმა.
წინაისტორია
2025 წელს „მონიტორმა“ 32-ზე მეტ საერთაშორისო მედიაორგანიზაციასთან ერთად გამოაქვეყნა გამოძიება AK ჯგუფის საქმიანობის შესახებ. მასალის მიხედვით, ჯგუფში 85 ადამიანი მუშაობდა და 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში 6 100-ზე მეტი ადამიანი დააზარალა. ჟურნალისტების შეფასებით, ჯგუფმა ამ პერიოდში 35 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ სამართალდამცავებმა დაიწყეს გამოძიება ჯგუფური თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მუხლებით. საქმეზე ბრალი 11 პირს წარედგინა.
ცალკე საქმეზე, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც ერთ-ერთ ეპიზოდში ქოლცენტრების მფარველობას ედავებიან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქოლცენტრის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ქონებასა და კომპანიებში წილებს ყადაღა დაედო.