საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი თანამშრომელი გაიყვანა — Intelligence Online
გაზიარება
გაზიარება
საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი თანამშრომელი გაიყვანა
საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია მას შემდეგ, რაც თბილისში ჩატარებულმა კონტრდაზვერვითმა ოპერაციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Intelligence Online ავრცელებს, რომელიც დაზვერვის თემებზეა სპეციალიზებული.
Intelligence Online წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ოპერაციას, რომლის ფარგლებშიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გიორგი უძილაური, “ქართუ ბანკის“ ყოფილი პრესმდივანი და ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც გამოცემა ბიძინა ივანიშვილის “ყოფილ თანამოაზრედ“ მოიხსენიებს.
სტატიის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ საფრანგეთის დაზვერვის წარმომადგენლების “პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებაზე უარი თქვა, რათა დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება აეცილებინა თავიდან. Intelligence Online-ის ინფორმაციით, თბილისმა პარიზს მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოსთხოვა და, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათი ვინაობების გასაჯაროებით დაიმუქრა.
გიორგი უძილაური, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 მაისს დააკავა.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა სხვადასხვა სახისა და კატეგორიის ინფორმაციას, რითაც საქართველოს ინტერესებს აზიანებდა.
უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯაშუშობისთვის წარედგინა. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებაში ედება ბრალი უძილაურს. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში გაკეთდა მინიშნებები, რომ საქმე ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებისთვის ინფორმაციის გადაცემას უკავშირდებოდა.
8 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდა, გაესაჯაროებინა მასალები, რომლებიც, მისი თქმით, ასახავს, თუ “როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს“.
გუშინ გიორგი უძილაურის ადვოკატმა დაკავებულის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც უძლაური ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ანტიდასავლური კურსის კრიტიკა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, რის გამოც ის სამიზნედ იქცა. უძილაური ასევე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება“, რომლის შექმნაშიც თავად მონაწილეობდა, დღეს აღარ არსებობს და მმართველი გუნდი ყოფილ თანამებრძოლებს “წარბშეუხრელად სწირავს“.