"გრანტების კანონი" იცვლება: დიპლომატიური წარმომადგენლობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული სახსრები გრანტად არ მიიჩნევა
გაზიარება
გაზიარება
“გრანტების კანონი”
საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ “გრანტების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილება წარადგინა, რომლის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული სახსრები გრანტად აღარ მიიჩნევა.
“მიზანშეწონილია, რომ გრანტის გამცემი სუბიექტი დაზუსტდეს და გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.
კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, შესაბამისი დაზუსტება მიზანშეწონილია.“ – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 4 მარტს დამტკიცდა, მნიშვნელოვნად აფართოებს “გრანტის“ განსაზღვრებას და მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, თუ ის შესაძლოა გამოყენებულ იქნას ქვეყნის შიდა ან საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, მათ შორის იმ საქმიანობებში, რომლებიც უცხო სახელმწიფოს ან პოლიტიკური ძალის ინტერესებს უკავშირდება.
კანონი ასევე აძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობას გრანტების გაცემასა და მიღებაზე. უცხოური იურიდიული პირის მიერ საქართველოში მოქმედი ფილიალის დაფინანსება მთავრობის თანხმობის გარეშე იწვევს სანქციებს – მათ შორის, ჯარიმას გრანტის ორმაგი ოდენობით.
გარდა ამისა, გრანტების შესახებ კანონის დარღვევამ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც გამოიწვიოს: სასჯელი მოიცავს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით.
ცვლილებები ეხება პოლიტიკურ პროცესსაც: პირებს, რომლებიც ძირითადად უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებში მუშაობენ, 8 წლის განმავლობაში ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის წევრობა. ამასთან, პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება იმ სუბიექტებზეც, რომლებიც ფორმალურად პარტიები არ არიან, თუმცა ფაქტობრივად პოლიტიკური საქმიანობით არიან დაკავებული.
საკანონმდებლო პაკეტი ასევე ამკაცრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კერძო კომპანიებისთვის, თუ ისინი საჯარო პოლიტიკურ აქტივობაში ჩაერთვებიან.
ცვლილებების ერთ-ერთ ყველაზე სადავო ნაწილად შეფასებულია სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული ნორმები, რომლებიც “ექსტრემიზმის“ ცნებას აფართოებს. ახალი მუხლის მიხედვით, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება, მათ შორის ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ან ალტერნატიული სტრუქტურების შექმნისკენ, შესაძლოა დასჯადი გახდეს.
ამასთან, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად განიხილება, რაც სასჯელის მინიმუმ ერთწლიანი გაზრდას ითვალისწინებს.
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, ასეთი ფორმულირებები ქმნის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და ზრდის რისკს, რომ კანონი გამოყენებულ იქნას განსხვავებული აზრისა და კრიტიკული აქტივობის წინააღმდეგ.