ეკლესიის წმინდა სინოდმა პარასკევს გამართულ სხდომაზე მომავალი პატრიარქის არჩევის პროცედურული ჩარჩოები განიხილა
გაზიარება
გაზიარება
პატრიარქის არჩევის პროცედურული ჩარჩოები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პარასკევს გამართულ სხდომაზე მომავალი პატრიარქის არჩევის პროცედურული ჩარჩოები განიხილა და დაადგინა, რომ საბოლოო კანდიდატების სია მომდევნო სხდომაზე დამტკიცდება, რის შემდეგაც სია ეკლესიის გაფართოებულ კრებას წარედგინება.
სხდომა საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა და ის კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით გაიხსნა. პანაშვიდი აღავლინა პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), რომელმაც სხდომაც გახსნა.
მისასალმებელ სიტყვაში მან ხაზი გაუსვა ილია II-ის როლს ეკლესიისა და ქვეყნის ცხოვრებაში და მადლობა გადაუხადა როგორც სასულიერო პირებს, ისე ხელისუფლებასა და საზოგადოებას პატრიარქისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის. ამასთან, მან ერთსულოვნებისა და საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
სინოდის სხდომის მდივნად გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) აირჩიეს, რომელმაც მოგვიანებით სხდომის ოქმიც წარადგინა.
მღვდელმთავრებმა იმსჯელეს საპატრიარქო კანდიდატების შერჩევის წესზე, ასევე იმ პროცედურებზე, რომლებიც კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას უნდა უზრუნველყოს. განიხილეს სამუშაო ვერსიები, რომლებიც ეხება როგორც სამ კანდიდატამდე შერჩევის პროცესს, ისე გაფართოებული კრების მუშაობის წესს.
სინოდმა ასევე დაასახელა რამდენიმე საკვანძო კომისია – ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო – რომლებიც არჩევნების ორგანიზებასა და გამჭვირვალობაზე იქნებიან პასუხისმგებელი.
მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევი გაფართოებული კრება გაიმართება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში. მანამდე კი, მმართველმა მღვდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიებიდან კრების დელეგატების სია უნდა წარმოადგინონ, რომელიც სინოდის მიერ დამტკიცდება.
სხდომაზე სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენელმა მღვდელმთავრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებები კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ არ მიღებულა.