"ოცნებამ საქართველოს ევროპული კურსი ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა" — EU-ს საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიში
EU-ს საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიში
“ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში 25 თებერვალს წარადგენენ.
დოკუმენტი, რომელიც შეეხება საქართველოს დემოკრატიულ მდგომარეობას, სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და აღწერს გარემოს, რომელშიც “დემოკრატიული უკუსვლა, რეპრესიები, მტრული რიტორიკა, დეზინფორმაცია და მუქარა“ თანმიმდევრულ პოლიტიკად იქცა. ანგარიშის მიხედვით, უკუსვლა ფიქსირდება ყველა იმ ცხრა პრიორიტეტში, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის იყო განსაზღვრული.
პროექტი განსაკუთრებულად კრიტიკულია მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” საჯარო განცხადებების მიმართ, რომლის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ანგარიშის ავტორი ამ განცხადებებს “აბსურდულს“ უწოდებს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული მედია ევროკავშირის ინსტიტუტებისა და დიპლომატების წინააღმდეგ “მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს“ ავრცელებენ.
ანგარიში ამტკიცებს, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ხელისუფლებამ “სრული ავტორიტარიზმისკენ სვლა კიდევ უფრო გააძლიერა“. ამ კონტექსტში დოკუმენტი მხარს უჭერს ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მიერ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანისვილის, ასევე მმართველი გუნდის ლიდერების, მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
პროექტი ასევე მიუთითებს, რომ არსებული პირობების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებასთან “ურთიერთობა შეუძლებელია“, ვიდრე არ შეიცვლება რეპრესიული და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული კურსი.

ანგარიში შეშფოთებას გამოხატავს 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა. დოკუმენტი აკრიტიკებს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომლებმაც ადგილობრივი დამკვირვებლებისა და მედიის საქმიანობა დამატებითი შეზღუდვებით დააბრკოლა.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა “გრანტების შესახებ კანონში” 2026 წლის იანვარში გამოცხადებულ ცვლილებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აფართოებს “გრანტის“ განმარტებას და უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს. ანგარიშის თანახმად, ეს ნაბიჯები სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის სისტემურ შეზღუდვაზე მიუთითებს. დოკუმენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.
ანგარიში გმობს პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და მათ მიმართ ძალადობას, ასევე შეშფოთებას გამოთქვამს საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის 88 წევრმა შეიტანა და სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო პერსონალური სავიზო შეზღუდვების დაწესება ვერ მოხერხდა, თუმცა გაფრთხილება ნათელია – თუ დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდება, შესაძლოა უვიზო რეჟიმი მთლიანად ქვეყნის მოსახლეობას შეეხოს.
პროექტის მიხედვით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს შესაბამისობა 40%-მდეა შემცირებული. დოკუმენტი ასევე მიუთითებს, რომ უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებთან თბილისი სისტემატურად არ არის თანხვედრაში და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის.
ანგარიშის შეფასებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის შემდეგ მმართველმა პარტიამ თანამშრომლობა გააღრმავა ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან.
დოკუმენტი საბოლოოდ კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და “ბორდერიზაციის“ პროცესს, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად არის შეფასებული.