ქიმიური ნივთიერების ბრალდება და სამართლებრივი ბრძოლა: "ქართული ოცნება“ BBC-ს პასუხობს
გაზიარება
გაზიარება
ოცნება BBC-ს პასუხობს
საქართველოს ხელისუფლებასა და BBC-ს შორის დავა სამართლებრივ ფაზაში გადადის მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ“ ბრიტანულ მაუწყებელს ოფიციალური საჩივრით მიმართა და მასალის წაშლა ან მოხსნა მოითხოვა.
საჩივარი უკავშირდება 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიასა და დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ნათქვამია, რომ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს: გასულ წელს, თბილისში ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად, საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ქიმიური ნივთიერება “კამიტი” გამოიყენა. მასალა მომზადდა BBC Eye-ის ფარგლებში და ეხებოდა საპროტესტო აქციებზე ძალის გამოყენების საკითხს.
BBC აცხადებს, რომ საჩივრის ავტორებს უკვე გასცა პასუხი. მაუწყებლის სპიკერის თქმით, პროცესი მიმდინარეობს დადგენილი წესების შესაბამისად და ორგანიზაცია მხარს უჭერს როგორც დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილ ფაქტებს, ისე თბილისში მიმდინარე პროტესტებზე ხელისუფლების რეაგირების შესახებ ჩატარებულ დამოუკიდებელ გამოძიებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 15 იანვრის ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, საჩივარი თავდაპირველად თავად მედიასაშუალებას წარედგინა. მისი თქმით, თუ BBC არ შეცვლის პოზიციას, შემდეგი ეტაპი იქნება მიმართვა Ofcom-ში – ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოში. საბოლოო ნაბიჯად ხელისუფლება არ გამორიცხავს ბრიტანეთის სასამართლოსთვის მიმართვას.
დღეს პაპუაშვილმა თქვა, რომ BBC-ის ოფიციალური პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღეს და ამ ეტაპზე იურისტები ამზადებენ საპასუხო მიმართვას, რომელიც მაუწყებლის შიდა რეგულაციის მეორე დონეზე გასაჩივრებას ითვალისწინებს. მისი განცხადებით, ხელისუფლება ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოიყენებს.
დავა ვითარდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში გასული წლის საპროტესტო ტალღა და ხელისუფლების რეაგირება საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. BBC-ის გამოძიება ამ კონტექსტში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საერთაშორისო რეპორტაჟად იქცა, ხოლო საქართველოს ხელისუფლების რეაქცია – იურიდიული და საჯარო კომუნიკაციის გზით – მიუთითებს, რომ საკითხი მხოლოდ მედიასაშუალებასთან დავას აღარ ეხება და შეიძლება ბრიტანეთის მარეგულირებელ და სასამართლო ინსტანციებამდე მივიდეს.