კომენტარი: უკვე ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, ყველა უბედურია, თავად დიქტატორიც კი, რადგან ეშინია
გაზიარება
გაზიარება
გრანტების შესახებ კანონი
კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საფუძველი, რაც კანონში ცვლილებებს უდევს, ანტიკონსტიტუციურია. მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ანტიკონსტიტუციურია, რადგან სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელ პრინციპებს არღვევს.
ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზი ძალაუფლების დაკარგვის შიშია.
“ქართული ოცნება“ კიდევ უფრო ამკაცრებს კანონებს “უცხოური დაფინანსების” შესახებ: უცხოურ ფონდებთან და იურიდიულ პირებთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა, მთავრობის ნებართვის გარეშე, სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ამით “ოცნება” ცდილობს ჩაიკეტოს ყველა გზა საქართველოში უცხოური დაფინანსების მისაღებად, ის შემოვლითი გზებიც, რაც წინა ცვლილებების შემდეგ, სამოქალაქო ორგანიზაციებმა იპოვეს.
ეუთოს 23 წევრმა სახელმწიფომ საქართველოს წინააღმდეგ აამოქმედა ე.წ. მოსკოვის მექანიზმი – ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სერიოზული გაუარესების ეჭვი არსებობს.
ვახტანგ ხმალაძე: “წავიკითხე „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. ეს არის საფუძველი და სხვა დანარჩენი არის მასთან დაკავშირებული. ნერვები ძლივს მეყო, რომ წამეკითხა ბოლომდე. საფუძველი, რაც ამ ცვლილებებს უდევს ანტიკონსტიტუციურია და ამ საფუძველზე აშენებული რამ უკვე არაკონსტიტუციურია.
მაგალითად: ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. სამართლებრივი რომ იყოს, პირობათაგან ერთ-ერთი არის განჭვრეტადობის პრინციპი. თქვენ რომ აიღებთ კონკრეტულ კანონს და სხვა, რომ აიღებს, როცა წავიკითხავთ, ყველამ ერთნაირად უნდა გავიგოთ ეს კანონი. არ არის ეს კანონი განჭვრეტადი.
თუკი მე ვერ ვიგებ, რა არის ის, რაც აკრძალულია, მე პოტენციურ დამნაშავედ მქმნის ხელისუფლება, რომელმაც ასეთი კანონი მიიღო.
ამის მიზეზი, რაც ჩემთვის ზედაპირზე დევს, არის შიში. ჩვენთან უკვე ისეთი მდგომარეობაა, ყველა უბედურია, თავად დიქტატორიც კი იმიტომ, რომ დიქტატორს გაცილებით მეტად ეშინია, ვიდრე ეშინიათ მის მსხვერპლებს. პირველ რიგში ეშინიათ თავისი გარემოცვის, რომელსაც ყველაზე ადვილად შეუძლია გაყიდოს. თხასავით შეუძლიათ გაყიდონ.
ყოველი დიქტატორის დამხობა ხდებოდა ხოლმე გარემოცვის ხელით, ამიტომ დიქტატურის დროს არავინაა ბედნიერი. რისი შიში აქვთ? ძალაუფლების დაკარგვის იმიტომ, რომ ძალაუფლების დაკარგვა მაღალი ალბათობით გამოიწვევს ნაპარავის ჩამორთმევას და შეიძლება გამოიწვიოს მეთაურების თავისუფლების აღკვეთაც, შიში იწვევს მათ ცხოველურ ჩაჭიდებას ძალაუფლებაზე.“