"მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებაზე დროებით კონტრპროდუქტიული იქნება" - ოცნება ევროკავშირს პასუხობს
ოცნება ევროკავშირს პასუხობს
“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში კონკრეტული ელჩების ქმედებები “გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს” და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს.
მისივე თქმით, მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებაზე დროებით კონტრპროდუქტიული იქნება. მან გაიმეორა “ქართული ოცნების” მტკიცება, რომ დღეს არაერთი მოწინავე ევროპული სახელმწიფო, ისევე როგორც ევროკავშირი, მისი სტრუქტურები და ევრობიუროკრატია დიფ სთეითის გავლენის ქვეშაა.
● ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ევროკავშირისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ელჩებს ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.
● საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 24 სექტემბერს დაიბარეს. უწყებაში შესვლამდე პიტერ ფიშერმა თქვა, რომ ეს უჩვეულო შემთხვევაა “მეგობრულ სახელმწიფოებს შორის” ურთიერთობაში.
● “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდიც დაიბარეს. მან შენობა კომენტარის გარეშე დატოვა.
რა თქვა ირაკლი კირცხალიამ

“როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ ელჩებთან, ქვეყნებთან, ორგანიზაციებთან თუ ინსტიტუტებთან, ვაგრძელებთ პროფესიულ ურთიერთობას და არ ვდგამთ იმ მკვეთრ ნაბიჯებს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოითხოვს.
რა თქმა უნდა, ჩვენი ეს პოლიტიკა კონკრეტულ გეგმას ეფუძნება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში დღეს აშკარად იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენა და არაერთი ევრობიუროკრატი სწორედ მათზე მუშაობს. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად უჭირს დღეს ევროპას, რამდენად დიდია იქ „დიფ სთეითის“ გავლენა, რამდენად რთულ ვითარებაში ჩააყენეს ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და ზოგადად, ევროკავშირის სტრუქტურები – კონკრეტული ელჩების ქცევა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ევრობიუროკრატია სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლებით კომპლექტდება, რომელთა ელჩებიც ასე უხეშად და არადიპლომატიურად მოქმედებენ საქართველოში.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი სახელმწიფო, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობას წლების განმავლობაში აშენებდა და ავითარებდა, შესაბამისად, “დიფ სთეითის” მართულ ევრობიუროკრატიას არ მივცემთ საშუალებას, რომ ელჩების არადიპლომატიური ქმედებების გამო, მიღწეული შედეგები, სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთობების დონეზე გააფუჭოს.
ცხადია, კონკრეტული ქვეყნის ელჩის გაძევება გამოიწვევს მთელ რიგ დიპლომატიურ სვლებს, რაც საქართველოსა და კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.
შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ადრე თუ გვიან, ევროპაში „დიფ სთეითის“ გავლენა შესუსტდება, რისი ნიშნებიც მთელ რიგ ქვეყნებში და მათ მოსახლეობაში ნელ-ნელა იკვეთება, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რამეთუ მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული ვითარება დროებითია და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების განცხადებებმა და ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობების დაძაბოს.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მანამ, სანამ ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება. პარალელურად კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „დიფ სთეითის“ გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე, რადგან უკვე კარგად ვიცით, რა შედეგი მოაქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის.
მიგვაჩნია, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით მივაღწევთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიღწვით.“
ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარტა კოსმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის ფონზე ჩატარდა.
“საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, ეუთო/ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა და სანდო და შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე თავი შეიკავეს დაკვირვებისგან არსებული რეპრესიული გარემოს გამო.
ხალხის დიდი რაოდენობა მუდმივად აპროტესტებდა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების“ რეპრესიულ პოლიტიკას. მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისკენ, ვინც უსაფუძვლოდ იყო დაკავებული.” – წერენ ევროკომისრები.