აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის, თეიმურაზ მიქვაბიას განცხადებით, სოხუმი და დამასკო მოლაპარაკებებს აწარმოებენ პირდაპირი საზღვაო კავშირის დამყარების შესახებ.
“უკვე ხელმოწერილია რამდენიმე შეთანხმება როგორც სამთავრობო, ისე უწყებრივ დონეზე. განვიხილავთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ თანამშრომლობას. მომავალში აუცილებლად დადგება ავიამიმოსვლის საკითხიც, რადგან დამასკოში აეროპორტი ფუნქციონირებს,“ – აღნიშნა მიქვაბიამ.
სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წელს, ბაშარ ასადის მთავრობის დროს აღიარა. ახალმა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დამასკოს ამ აღიარების გაუქმებას სთხოვდა.
უკრაინის ომის ფონზე, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებში, აფხაზეთს შესაძლებლობა მიეცა, ტრანზიტული დერეფნის როლი შეეთავსებინა.
2025 წელს, 32-წლიანი პაუზის შემდეგ, განახლდა სოხუმის აეროპორტის მუშაობა, რომელიც როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო რეისებს რუსეთისგან იღებს.
ბოლო ოთხ წელიწადში ათჯერ გაიზარდა გადაზიდვები აფხაზეთის რკინიგზით. პარალელურად მიმდინარეობს არა მხოლოდ სარკინიგზო, არამედ საზღვაო ინფრასტრუქტურის აღდგენა. კერძოდ, ოჩამჩირის პორტში აშენდა ახალი ტერმინალი.
აფხაზეთი ცდილობს სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბდეს – საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის, ასევე ავიაკავშირის საშუალებით.
ამ პროცესს ორი ფაქტორი უწყობს ხელს:
უფრო დაბალი ტარიფები, ვიდრე მაგალითად რუსეთში, როგორც საზღვაო გემების მომსახურებაზე, ისე სარკინიგზო გადაზიდვებზე;
შედარებით უსაფრთხო მიმართულება: აფხაზეთის პორტები ნაკლებად სახიფათო მიმართულებად ითვლება, ვიდრე რუსეთის შავი ზღვის პორტები – ნოვოროსიისკი და ტუაფსე, რომლებიც პერიოდულად უკრაინული ძალების თავდასხმების ობიექტი ხდება.