სუს-მა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა
გაზიარება
გაზიარება
რომეო მიქაუტაძე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილები ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა.
სუსი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რომეო მიქაუტაძეს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობები ეკავა.
რომეო მიქაუტაძე 2017 წლიდან იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, 2018 წელს კი, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – ენერგეტიკის დარგში კომპანიების კურატორი გახდა. 2021 – 2022 წლებში ის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე – ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე, გამოვლენილია, რომ რომეო მიქაუტაძე “თანამდებობრივ გავლენას სანაცნობო წრისა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად”.
“ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი, ის მათგან ენერგო კომპანიებში, ჰესებში, საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა, თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.
აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რომეო მიქაუტაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო. ამასთანავე, რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის, ან უპირატესობის მისაღებად სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია”. – განაცხადეს სუსში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
მათ შორის, 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ მასალაში „ნოდარ მელაძის შაბათი” ამბობდა, რომ მიქაუტაძე ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრია.
რომეო მიქაუტაძეს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის 10 აპრილს აქვს შევსებული.
დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკოსს ჰყავს მეუღლე – ნინო მიქაუტაძე. სწორედ მეუღლის სახელზეა 2024 წელს მადრიდში, ბარბიერის ქუჩაზე, 660 000 ევროდ ნაყიდი ბინა, რომლის ფართობი 120 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ასევე, გარდაბანში შეძენილი წყნეთის სატყეო უბანი – 2023 წლის თებერვალში, 320 000 აშშ დოლარად, ფართობი 2 316 კვადრატული მეტრია.
მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ოჯახმა მადრიდსა და გარდაბანში ნახსენებ ორ ობიექტში ჯამურად, სულ მცირე, 2.5 მლნ ლარი გადაიხადა.