"ეს სოხუმისთვის პრინციპულია“ - მოსაზრება საქართველოსა და რუსეთს შორის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით
რკინიგზა საქართველოსა და რუსეთს შორის
მოსკოვში გამართულ ბოლო შეხვედრაზე რუსეთისა და საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს.
მთავარი საკითხი, მათ შორის, რკინიგზით სატვირთო გადაზიდვების აღდგენას შეეხებოდა.
აფხაზური გაზეთის “ჩეგემსკაია პრავდა“-ს მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი ეჭვობს, რომ ამ პროცესში აფხაზეთის ინტერესებს არავინ ითვალისწინებს.

ინალ ხაშიგი:
“ბოლო დროს სანქციებით დატვირთული საქართველო რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა.
გარდა ამისა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს რეექსპორტს.
ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 2.5 მილიარდ დოლარი იყო და ორივე მხარეს სურს ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
თუმცა ძირითადი პრობლემა ლოგისტიკაა.
ავტომობილებით სატვირთო გადაზიდვები პრაქტიკულად თავიანთ ზღვარს მიუახლოვდნენ — საქართველოსა და რუსეთს შორის მთავარ სავაჭრო მარშრუტზე, ზემო ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მუდმივი საცობებია, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ზამთარში.
ამ ვითარებაში, ბიზნესმენები, შეზღუდული ლოგისტიკური არჩევანის წინაშე, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საჭიროა რკინიგზისა და საზღვაო გზების გამოყენება.
მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება:
რკინიგზის მარშრუტი აფხაზეთზე გადის, რომელიც უკვე 33 წელია უმოქმედოა.
ამ მარშრუტის ამუშავება არა ტექნიკური, არამედ სერიოზული პოლიტიკური საკითხია. ერთი შეხედვით, ძნელად მოსალოდნელია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მხოლოდ ბიზნესმენების შეხვედრით მიიღოს ვინმემ.
თუმცა, აქაც არსებობს თავისებურება:
რუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა — ის 2008 წლის აგვისტოს ომისა და მის შემდეგ მოსკოვის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შედეგად გაწყდა.
ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტია “ქართული ოცნებამ” გადაიბარა — პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც როგორც დასავლეთში, ისე საქართველოში, არაერთხელ დაბრალდა პრო-რუსული კურსის გატარება.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა თბილისსა და მოსკოვს შორის კვლავ არ აღდგენილა, გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, საქართველოს დღევანდელი პოზიცია ხშირად აღიქმება როგორც არაოფიციალური პარტნიორობა კრემლთან.
სწორედ ამ დიპლომატიური ხიდების არქონის პირობებში, რუსეთსა და საქართველოს შორის კომუნიკაცია სხვა არხებით ხორციელდება — განსაკუთრებით ბიზნეს-საზოგადოებების დონეზე, სადაც თანამშრომლობა ბოლო დროს სულ უფრო აქტიური და შედეგზე ორიენტირებული ხდება.
გააქტიურებული მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთის ბიზნეს-ასოციაციებს შორის რკინიგზის აღდგენაზე — როგორც ჩანს, არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ფორმალურად. ეს უკვე სერიოზული სიგნალია, რომ მტკივნეულ საკითხზე რეალური გადაწყვეტილებების ძიება დაიწყო.
მოსკოვსა და თბილისს, როგორც ჩანს, მზადყოფნა აქვთ. დარჩენილია მთავარი — სოხუმის თანხმობა. და, როგორც ხშირად ხდება, ამ დელიკატური მოლაპარაკებების შემსრულებლის როლი, სავარაუდოდ, ისევ კრემლს დაეკისრება.
ეკონომიკური თვალსაზრისით, რკინიგზის ამოქმედება აშკარად სასარგებლოა აფხაზეთისთვის. მაგრამ საკითხი იურიდიულ ჩარჩოებში შედის — განსაკუთრებით ტვირთების საბაჟო გაფორმების თვალსაზრისით, რაც სოხუმისთვის პრინციპული მნიშვნელობის მატარებელია.
ამ ფონზე ჩნდება კითხვა: მოსკოვი შეეცდება იპოვოს კომპრომისული მოდელი, რომელიც აფხაზურ მხარესაც დააკმაყოფილებს, თუ უბრალოდ გამოიყენებს გავლენას და “გაატარებს” მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას?
ეს უკვე რიტორიკული შეკითხვაა.”
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო