„სახელმწიფოსგან მოკვეთილები“ – როგორ კარგავს ასეულობით საჯარო მოხელე სამსახურს
საჯარო მოხელეების გათავისუფლება
ბოლო თვეებია, სოციალური ქსელებში მუდმივად ჩნდება სტატუსები, რომლებშიც საჯარო მოხელეები სამსახურებიდან გათავისუფლების შესახებ წერენ. 2024 წლის დეკემბრის ბოლოს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად უმეტესად ხელშეკრულების ვადის ამოწურვა იყო დასახელებული. მომდევნო თვეებში კი, გათავისუფლების მიზეზად, რეორგანიზაცია სახელდებოდა.
ყველა შემთხვევაში საერთოა ერთი რამ – სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა პროევროპული პეტიციის ხელმომწერია.
_________________
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 15 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამ დროისათვის ათობით საჯარო უწყებიდან 700-მდე მოხელეა დათხოვნილი.
„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანათავმჯდომარის, კახი სამხარაძის თქმით, უკვე აპრილის ბოლოსთვის, გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა.
პოლიტიკური ნიშნით, პირადი მიუღებლობითა თუ სხვა ფორმალური მიზეზებით ადამიანთა სახელმწიფო სამსახურებიდან დათხოვნა არც წინა და არც მიმდინარე პოლიტიკური ძალის დროს უცხო არ ყოფილა.
„თუმცა, დღეს ეს ტალღა განსაკუთრებით მასშტაბურია, რაც უკვე სახელმწიფოს სისტემურ პოლიტიკაზე მეტყველებს. სამწუხაროდ, გათავისუფლებული ადამიანების რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში რეორგანიზაციები ისევ ანონსდება“, – აღნიშნავს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, სალომე შუბლაძე.

ამ რამდენიმე თვეში საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა პროევროპული პეტიციის ხელმომწერია. პეტიციაზე ხელის მოწერით, საჯარო მოხელეებმა ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს. ამ განცხადების თანახმად, „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს წყვეტს.
პეტიციაში, რომელსაც საქართველოს ათასობით მოქალაქე აწერს ხელს, ხაზგასმულია, რომ პარტიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.
„არ ვიცოდი და არც დავინტერესებულვარ, ვინ იყო პეტიციის შექმნის ინიციატორი. დავინახე დოკუმენტის ლინკი და ხელი მოვაწერე. არც ვინმესთვის მომიწოდებია შემოგვერთებოდა და არც არავინ შემირცხვენია ხელის არმოწერის გამო. ეს იყო ყველა ჩვენგანის ინდივიდუალური, მორალური გადაწყვეტილება და არა მართული პროცესი“, – ამბობს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, მიშა რამაზაშვილი.
თვითწმენდის პროცესი და საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობა – ასე აღწერეს საჯარო მოხელეების პროტესტი ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. ორივე მაღალჩინოსანი სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებს შესაბამისი რეაგირებით დაემუქრა.
„სამსახურში ერთი მითქმა-მოთქმა ატყდა, მაგრამ მე ვერ ვაცნობიერებდი საფრთხეს. ვფიქრობდი, რომ ნეიტრალური პეტიცია იყო – არც არავის ლანძღავდა, არც არავის აკნინებდა, უბრალოდ 78-ე მუხლის დაცვისკენ იყო მოწოდება. თანაც წლების განმავლობაში ღიად ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას, მაგრამ ჩემი სამსახურიდან გაშვების საკითხი აქამდე არასდროს დამდგარა“, – ამბობს თბილისის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი, მარიამ კანდელაკი.
„დეკემბრიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, – იხსენებს თბილისის მერიის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი, ნანიკო ბრეგვაძე, – თანამშრომლების მხრიდან იყო მინიშნებები, რომ ხელმომწერებს სამსახურიდან გაგვიშვებდნენ და ისინი ვერ დაგვეხმარებოდნენ. საზოგადოება თითქოს დაიყო, რომლის ერთ მხარესაც ჩვენ ვიყავით – მტრები“.
დროთა განმავლობაში საჯაროდ ხელმისაწვდომი პეტიციებიდან ხელმომწერთა რაოდენობა შემცირდა. საკუთარი სახელებისა და გვარების ამოშლა სახელმწიფო მოხელეებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მუქარისა და თანამშრომელთა მოულოდნელი გათავისუფლების პირველი ტალღის კვალდაკვალ დაიწყეს.
სამსახურის დაკარგვის შიში კიდევ უფრო გააძლიერა „ქართული ოცნების“ მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა.

ამ ცვლილებების თანახმად, გამარტივდა რეორგანიზაციის წესი. მაგალითად, ახლა უკვე შესაძლებელია სამსახურიდან გაათავისუფლო შუა რგოლის მენეჯერი ისე, რომ არ წარმოადგინო სამართლებრივი დასაბუთება. ასევე, ახალი ცვლილებებით, დაბრუნდა მნიშვნელოვან თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი.
ამასთანავე, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულები აღარ მიიჩნევიან უვადოდ დანიშნულ საჯარო მოხელეებად და მათი დათხოვნა შესაძლებელი იქნება მინისტრის გათავისუფლების შემდეგ.
„… რეპრესიული კანონმდებლობით „ქართულმა ოცნებამ” შეიქმნა ნიადაგი საჯარო მოხელეების მიმართ ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ზომების გასატარებლად, რაც მათი შრომითი უფლებების შელახვაში გამოიხატება, ხოლო მიზანი საჯარო სამსახურში პროტესტის ყველა სახის გამოვლინების დათრგუნვაა“, – ვკითხულობთ კვლევაში „ქართული ოცნების“ რეპრესიები საჯარო სამსახურში“.
მიშა რამაზაშვილი თავდაცვის სამინისტროში შემავალ ნატოში ინტეგრაციის სამმართველოში 9 წელი მუშაობდა. ის და მისი რამდენიმე კოლეგა, რეორგანიზაციის საბაბით, თებერვალში დაითხოვეს. სამსახურის შენარჩუნებაში ვერც მისი სამმართველოს უფროსი დაეხმარა, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელს მის პროფესიონალიზმსა და ადგილზე ყოფნის საჭიროებას უსაბუთებდა. მისთვის არც წერილობით და არც სიტყვიერად არ აუხსნიათ გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი.
დასაბუთების გარეშე, რეორგანიზაციის საბაბით გაათავისუფლეს მარიამ კანდელაკიც, რომელიც 8 წლის განმავლობაში თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში მუშაობდა. სამსახურის დაკარგვის შესახებ, HR-ის ზარით, მხოლოდ წინა დღეს შეიტყო.
„რაც არ უნდა იყოს, შოკისმომგვრელია, როცა წინა დღეს სამსახურებრივ საკითხებზე საუბრობ ხელმძღვანელთან, რომელთანაც წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობა გაკავშირებს, მეორე დღეს კი გათავისუფლების შესახებ იგებ“, – ამბობს ის.
რეორგანიზაციის საფუძველზე, შტატი გაუუქმეს ნანიკო ბრეგვაძეს, რომელიც თბილისის მერიაში 11 წლის მანძილზე მომსახურების ოპერატორად მუშაობდა. სანაცვლოდ უფრო დაბალი თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა მან პოზიციაზე უარი განაცხადა.
„მომსახურების ოპერატორის მოვალეობების გარდა, ვატრენინგებდი თანამშრომლებს, ვადგენდი ოპერატორების გრაფიკებს, უზრუნველვყოფდი სივრცის ტექნიკურ გამართულობას. გარდა ამისა, თბილისის მერიაში მოსულ ყველა შშმ პირს მე ვუწევდი მომსახურებას. თამამად ვიტყვი, რომ ვიყავი დამსახურებული თანამშრომელი და ბუნებრივია, ჩამოქვეითებას კი არა, დაწინაურებას ველოდი.
შემოთავაზებულ პოზიციას რომ დავთანხმებოდი, ჩემთვის უფრო მტკივნეული იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობ ქირით და მაქვს დიდი საკრედიტო ვალდებულება. თანაც სამსახური მაშინ დავკარგე, როცა რთული ოპერაციისთვის ვემზადებოდი“, – ამბობს ის.
ნანიკო ბრეგვაძე მხედველობის შეზღუდვის მქონე პირია და ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი შშმ ადამიანებიდან, რომელმაც საჯარო სამსახურში დასაქმება შეძლო.
„სტუდენტობიდან მოყოლებული ვმუშაობ და ჩემივე ძალისხმევით, სხვების დახმარების გარეშე მოვხვდი თბილისის მერიაში. ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი მაგალითი იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც შეუძლიათ იყვნენ კონკურენტუნარიანი, მათაც შეუძლიათ ღირსეული საქმიანობა და არა მოწყალების იმედად ცხოვრება ან გროშების სანაცვლოდ მუშაობა“, – გვეუბნება ის.
ნანიკო ბრეგვაძის შემოსავლის ერთადერთი წყარო მისი სამსახური იყო. ხელფასზე იყო დამოკიდებული მარიამ კანდელაკიც, რომელსაც 4 შვილი ჰყავს. ერთ-ერთს აუტისტური სპექტრის დიაგნოზი აქვს, რომელსაც მუდმივად სჭირდება მეტყველების თერაპია და ფსიქოლოგთან ვიზიტები. სტაბილური შემოსავლის დაკარგვის გამო, მარიამი იძულებული გახდა შეეჩერებინა კრედიტიც, რამაც გადასახადები კიდევ უფრო გაუძვირა.
„გათავისუფლების ტალღა შეეხო ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს – მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს, ადამიანებს, რომლებიც ოჯახში სარჩოს ერთადერთი შემტანი იყვნენ, – ამბობს პროფკავშირ კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანათავმჯდომარე, კახი სამხარაძე, – მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მათი უმეტესობა საჯარო სამსახურებში 20-30 წელი მსახურობდნენ და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. სახელმწიფოსგან მოკვეთილი ეს ადამიანები, ამ ეტაპზე საჯარო უწყებებში ვეღარ დაბრუნდებიან. ამიტომ, კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის მიუხედავად, მათ ყველაფრის თავიდან დაწყება უწევთ“.
გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ნაწილი დღეს სამართლებრივად განაგრძობს ბრძოლას, თუმცა კანონში შეტანილი ცვლილებისა და სასამართლოს მიმართ უნდობლობის გამო, იურისტებს სამართლიანი განაჩენის იმედი ნაკლებად აქვთ.
„თუკი წინა წლებში სასამართლოს გზით ვახერხებდით ადამიანთა უკანონოდ გათავისუფლების ფაქტების დამტკიცებას, ახლა ეს ნაკლებად სავარაუდოა. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს თავისი განზომილება ექნება სასამართლო სისტემაზეც. ამიტომ თუკი ვერც ერთ ინსტანციაზე ვერ მოვახერხებთ სიმართლის დადგენა, დავას სტრასბურგის სასამართლოში გავაგრძელებთ“, – ამბობს სალომე შუბლაძე.
სალომე შუბლაძე და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ სხვა ადვოკატები ამჟამად სასამართლოში 20 საქმეს აწარმოებენ. 150-მდე მიმდინარე საქმე აქვს პროფკავშირ კონსტიტუციის 78-ე მუხლს, თუმცა მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს. მასში გაწევრიანებული გათავისუფლებული მოხელეები კოლექტიურ დავასაც აპირებენ.
„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ 2024 წლის დეკემბერში დაფუძნდა. მისი შექმნის იდეა პეტიციის ხელმომწერ საჯარო მოხელეებს ეკუთვნით, რომელთა უმეტესობა იმ დროსაც და ახლაც სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურის მოქმედი თანამშრომლები არიან.
„ასეთი რეპრესიების მოლოდინი თავიდანვე გვქონდა, ამიტომ გვინდოდა, ერთმანეთს უფლებების დაცვაში დავხმარებოდით. ამ ეტაპზე უფრო აქტიურად გათავისუფლებული ადამიანები გვიერთდებიან, თუმცა ჩვენი მიზანია მოვიცვათ მოქმედი თანამშრომლებიც და მივაღწიოთ მთავარს – სოლიდარობას“, – ამბობს კახი სამხარაძე, რომელიც 10 წელია, საჯარო უწყებაში მუშაობს და პროფესიული კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
კახი აღნიშნავს, რომ პროფესიული კავშირი სოლიდარობის გამოხატვის უნივერსალური და ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფორმაა, თუმცა საქართველოში მას ჯერ კარგად არ იცნობენ. ქვეყანაში არ არსებობს არც გაფიცვის მყარი პრაქტიკა, როგორც დასაქმებულთა ხელში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი იარაღი. არადა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ მასშტაბის რეპრესიები, ევროპულ ქვეყნებსა თუ აშშ-ში აუცილებლად გამოიწვევდა ფართომასშტაბიან გაფიცვას.
„ჩვენ ჯერ საწყის ეტაპზე ვართ – ერთმანეთთან დალაპარაკებას და ერთმანეთის დანახვას ახლა ვიწყებთ. ადამიანებს, რომლებსაც ისედაც ყოველდღიურობასთან უწევთ ბრძოლა, საბანკო თუ სხვა სოციალურ ვალდებულებებთან მარტო დარჩენაც აშინებთ, – გვეუბნება კახი სამხარაძე, – თუმცა ინდივიდუალურად ამ პროცესთან ვერაფერს გავხდებით და თუ ახლა არ გავერთიანდებით, მივიღებთ კიდევ უფრო გაზრდილ კორუფციას, სახელმწიფო სამსახურები გაივსება არაკომპეტენტური, არაკეთილსინდისიერი, არასოლიდარული და ყველაფერზე ხელმომწერი ადამიანებით. ვეღარ მივიღებთ სერვისებს და ერთ დღესაც მთელი სისტემა თვალსა და ხელს შუა ჩამოგვეშლება“.