აფხაზეთში განიხილავენ საპრეზიდენტო კანდიდატის "უკანონო“ კონტაქტებს კრემლთან
აფხაზეთში გუნბას მოსკოვში ვიზიტს აკრიტიკებენ
აფხაზურ საზოგადოებასა და ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ბადრა გუნბას შეხვედრებმა რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებთან. კრიტიკოსთა შეფასებით, გუნბა საკუთარ თავზე იღებს ისეთ უფლებამოსილებებს, რომლებიც მას კანონით არ ეკუთვნის და საარჩევნო წესებს არღვევს.
აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება. არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებიც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის აუცილებლობას ხაზგასმით აღნიშნავენ. მათი თქმით, რუსეთის მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია აფხაზეთისთვის, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობა არ აღიარებს.
ბადრა გუნბა ყოფილი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას კანდიდატია. ბჟანიამ თანამდებობა 2024 წლის ნოემბერში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე დატოვა. გუნბა მისი მმართველობის პერიოდში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
მოსკოვში ღიად გამოხატავენ მხარდაჭერას მის მიმართ.
საპრეზიდენტო არჩევნებში ასევე მონაწილეობენ:
- ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა;
- ოლეგ ბარციცი, აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში;
- რობერტ არშბა, აფხაზეთის საბიუჯეტო პალატის ყოფილი ხელმძღვანელი;
- შამილ აძინბა, “აფხაზეთის სახალხო პარტიის“ ლიდერი.
ანალიტიკოსების შეფასებით, პირველივე ტურში გამარჯვების აშკარა ფავორიტი არ ჩანს, რაც მეორე ტურის აუცილებლობას აჩენს.
გასულ კვირას პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუნბა, რომელიც ამჟამად არ იკავებს არანაირ ოფიციალურ თანამდებობას, მოსკოვს ეწვია, სადაც რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა თბილი მიღება მოუწყვეს.
როგორც “აფხაზ პოლიტიკურ მოღვაწეს“, მას შეხვედრები ჰქონდა მთავრობის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების განახლების პირობა დადო.
თუმცა, აფხაზეთში ამ სიახლეს სიხარულზე მეტად დაბნეულობა მოჰყვა.
“რა უფლებამოსილებით აწარმოებს პრეზიდენტობის კანდიდატი მოლაპარაკებებს კრემლში აფხაზეთის სახელით?“ – კითხულობენ გუნბას ოპონენტები, სხვა კანდიდატთა საარჩევნო შტაბები და საზოგადოების წარმომადგენლები.
გუნბას „მოსკოვური ვიზიტის“ შემდეგ, სოციალურ ქსელებში მას ირონიულად “თვითგამოცხადებული პრეზიდენტი“ შეარქვეს.
აფხაზეთის „სახალხო ერთიანობის ფორუმის“ თავმჯდომარე ასლან ბარციცი:
“ადამიანი, რომელიც თითქოს ერთ დღეში წყვეტს ქვეყნის პრობლემებს, ჩვენს საზოგადოებაში უამრავ კითხვას აჩენს. ჩვენ ვხედავთ მასშტაბურ ფარსს, რომლის უკანაც დგანან ისინი, ვინც მზად არიან აფხაზეთის გაყოფა გააგრძელონ.“
აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაციის „აიაიარა“-ს თავმჯდომარე, აფხაზეთის გმირი ვიანორ აშბა:
“ეს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. ადამიანი, რომელსაც საკუთარი ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნია, ცდილობს ეს მხარდაჭერა სხვა ქვეყანაში ეძებოს.“
ახალგაზრდული მოძრაობა „ҲараҲПицунда“:
“რა უფლებამოსილებით წარდგა პრეზიდენტობის კანდიდატი ასეთი მაღალი დონის შეხვედრებზე აფხაზეთის სახელით? რატომ ხდება ეს დროებითი პრეზიდენტის გვერდის ავლით? როგორ შეიძლება ასეთი კანონის უხეში დარღვევები მაკონტროლებელი ორგანოების ყურადღების მიღმა დარჩეს? ეს არა მხოლოდ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის პრინციპს არღვევს, არამედ აფხაზეთის, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, რეპუტაციასაც აზიანებს.“
- სოხუმის რეკონსტრუირებული აეროპორტი სატესტო რეჟიმში გაიხსნა. პირველი მგზავრი კრემლის ფავორიტი იყო
- აფხაზეთი: ექსპერტებმა ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების ერთობლივი პრესკონფერენცია წარუმატებლად მიიჩნიეს
- აფხაზეთს კრემლის ახალი კურატორი ეწვია. რა მოლოდინებს ქმნის ეს? – მოსაზრება
იმავე საკონტროლო ორგანოს – აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის – თავმჯდომარემ, დმიტრი მარშანმა, განმარტა: “თუ რუსეთის ფედერაციისთვის ბადრა გუნბას ვიზიტი ოფიციალური ხასიათის იყო, აფხაზეთისთვის ის ვერანაირად ვერ იქნებოდა ოფიციალური პირი.“
მარშანმა პირობა დადო, რომ გუნბას ქმედებებს სამართლებრივად შეაფასებენ და გამოიკვლევენ, დაირღვა თუ არა საარჩევნო კანონმდებლობა.
“თუ მან რაიმე ვალდებულება აიღო ან რომელიმე დოკუმენტს ხელი მოაწერა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ამის უფლება არ ჰქონდა.“ – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო