"ხვალ ისინიც შეიძლება გაჩუმდნენ, თუ სამხრეთ ოსეთი საქართველოსი გახდება"
რეაქცია ვნუკოვოს საბაჟოდან გაჟონილ დოკუმენტებზე
ვნუკოვოს საბაჟო დოკუმენტაციაში, რომელმაც ინტერნეტში გაჟონა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაშია. ცხინვალის ხელისუფლებამ (ისევე როგორც ყველა სხვა ოფიციალურმა მხარემ) იგნორირება გაუკეთა ამ ფაქტს, რითაც გამოიწვია აღშფოთება ოსურ საზოგადოებაში.
ვნუკოვოს საბაჟო არის მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის საბაჟო სამსახური, რომელიც არის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური საბაჟოს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილება.
საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებად არის მითითებული, თუმცა რუსეთის ფედერაციამ მათი დამოუკიდებლობა ოფიციალურად 2008 წელს აღიარა. ხოლო მთიანი ყარაბაღი, რომელიც ერთი წლის წინ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა, სომხეთის ნაწილად არის დასახელებული.
სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი ტელეგრამის არხის ავტორები ვარაუდობენ, რომ “სიტუაციამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკური შედეგები, ტერიტორიული კუთვნილების საკითხის მგრძნობელობის გათვალისწინებით“.
თუმცა, ამ ამბავს სკანდალი არ მოჰყოლია – არც ფედერალურ საბაჟო სამსახურს და არც ვნუკოვოს საბაჟოს ამის შესახებ რაიმე კომენტარი არ გაუკეთებიათ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაც დუმან.
აქედან გამომდინარე, ოსურმა სოციალური მედიის მომხმარებლებმა დაასკვნეს, რომ მათ ხელისუფლებას “სულ არ აინტერესებს“ ეს აღმაშფოთებელი ფაქტი.
ისინი აღშფოთებულნი არიან, მთავრობის სხდომაზე “ამ უხეშ ფაქტზე სიტყვაც კი არ თქმულა“.
ზოგი კიდევ უფრო შორს წავიდა თავის მსჯელობაში და ეს ყველაფერი მიიჩნია იმის ნიშნად, რომ „სამხრეთ ოსეთი საქართველოს გადაეცემა“ ადგილობრივი ხელისუფლების ჩუმად თანხმობით:
თუ დღეს ჩუმად არიან ასეთი სიგნალების წინაშე, ხვალ შეიძლება იგივენაირად გაჩუმდნენ, თუ სამხრეთ ოსეთი საქართველოს “მიეცემა, ამბობენ ისინი.
დაახლოებით ერთი წელია, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზოგადოებები შიშობენ, რომ თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გახურდება, მოსკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს “დაუბრუნებს” თბილისის ნატოში გაწევრიანებაზე უარის სანაცვლოდ. თუმცა არცერთ მთავრობას (მათ შორის, საქართველოს) ამ საკითხზე ხმა არ გამოუთქვამს და, როგორც ჩანს, არ არსებობს რეალური საფუძველი მსგავსი პროგნოზებისთვის.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო