"სომხეთი გაცდა უკანდაუბრუნებლობის წერტილს" - ფაშინიანის პასუხი პუტინს
ფაშინიან-პუტინის დისკუსია
სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებებს გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის მოკავშირე ვალდებულებებთან დაკავშირებით.
პუტინმა თქვა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამხედრო ბლოკი (ОДКБ) ვერ ჩაერეოდნენ 2020 წლის 44-დღიან ომში მთიან ყარაბაღში, რადგან „სომხეთი არ ცნობდა ყარაბაღს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.”
ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ, სომხეთი აღარ მიუბრუნდება სამხედრო ბლოკს, რომლის წევრიც ის არის. პრემიერმინისტრმა გაიხსენა, რომ სომხეთმა რუსეთს დახმარება სთხოვა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, თუმცა რუსეთის ფედერაციამ არაფერი გააკეთა.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ მთელი პატივისცემით, ჩვენ ვართ პარტნიორები, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, მაგრამ ეს განცხადება ასახავს ზოგად [არაკონსტრუქციულ] მდგომარეობას, რომელიც არსებობს ОДКБ-ში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
უფრო მეტიც, პუტინმა ფაშინიანს შესთავაზა, რომ “სომხეთი დაუბრუნდეს სრულფასოვან მუშაობას ამ ორგანიზაციის ფარგლებში“. თუმცა ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეუქცევადი პროცესები უკვე მოხდა და დაბრუნება აღარ მოხდება.
ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში დისკუსიები გააქტიურდა. უმეტესობა მოუწოდებს პრემიერმინისტრს, შეწყვიტოს საუბარი ОДКБ-დან გასვლაზე და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით. მაგრამ არის კომენტარები იმ ადამიანებისგანაც, რომლებიც მკვეთრი ნაბიჯების წინააღმდეგია, რადგან ეშინიათ შედეგების, კერძოდ, რუსეთის მხრიდან საპასუხო ქმედებების.
ფაშინიანი: “ჩვენ უკვე გავედით ОДКБ-დან”
ფაშინიანის თქმით, ОДКБ-ს მოკავშირეებმა დაარწმუნეს, რომ სომხეთის საზღვრები მათთვის წითელი ხაზია და მათ ვერავინ შეეხება. თუმცა, როდესაც სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრა მოხდა, ОДКБ-მ თქვა: „იცით, საზღვარი, როგორც ჩანს, არ არსებობდა“.
სომხეთის პრემიერმინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოკავშირეებისგან დახმარებას თუ არა, სიტუაციის პოლიტიკურ შეფასებას მაინც ელოდა. ის აღშფოთებულია, რომ პარტნიორებმა არც კი უპასუხეს კითხვაზე ბლოკის პასუხისმგებლობის სფეროს შესახებ:
“და ჩემი რეაქცია, რომელიც საჯაროდ გამოვთქვი, იყო ასეთი: თუ ОДКБ-ს არ აქვს პასუხისმგებლობის ზონა სომხეთში და ვერ აჩვენებს ამ ხაზს, მაშინ ОДКБ, როგორც ორგანიზაცია, არ არსებობს, ამიტომ მე უარი ვთქვი 2022 წლის შემოდგომაზე ОДКБ-ს სამიტის საბოლოო დოკუმენტზე ხელმოწერაზე. ყარაბაღის ირგვლივ ვითარება აბსოლუტურად არაფერ შუაშია. ОДКБ-ში მონაწილეობის გაყინვის კონტექსტში ყარაბაღის თემას საერთოდ არ შევეხებით“.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთი თავს აღარ თვლის ОДКБ-ს წევრ ქვეყნად.
პუტინი: “არსებობს შესაძლებლობა, რომ სომხეთი ОДКБ-ში დაბრუნდეს”
“იმ ყველაფერს, რაც მოხდა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა ОДКБ-სთან, რადგან არ ყოფილა გარე აგრესია თვით სომხეთის წინააღმდეგ. ОДКБ შექმნილია წევრი ქვეყნების გარე აგრესიისგან დასაცავად. ყარაბაღთან დაკავშირებულ მოვლენებს თავისი სპეციფიკა აქვს. ყველაფერი, რაც მოხდა ყარაბაღში, იურიდიული თვალსაზრისით, არ აქვს პირდაპირი კავშირი სომხეთთან, ამიტომ რატომღაც უცნაურია იმის მტკიცება, რომ ОДКБ-ს უნდა ებრძოლა ამ ანკლავის ტერიტორიაზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ასატანაში, ОДКБ-ს სხდომაზე.
პუტინს არც კი უხსენებია ესკალაციის შემთხვევები და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრა. სამიტის დროს, რომელშიც სომხეთის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მონაწილეობაზე, რუსეთის პრეზიდენტმა მხოლოდ სომხეთის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა ОДКБ-ში მისი წევრობის გაყინვის შესახებ:
„თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს რა და როგორ უნდა გააკეთოს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ამას პატივს ვცემთ. სომხეთს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია, მაგრამ აღნიშნა, რომ პაუზას იღებს. სომხეთი მხარს უჭერს ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც მიღებულ იქნა დღევანდელ შეხვედრაზე და მოლაპარაკებების დროს. თუ ეს ასეა, მაშინ არსებობს შესაძლებლობა, რომ სომხეთი დაუბრუნდეს სრულფასოვან მუშაობას ამ ორგანიზაციის ფარგლებში. ვნახოთ“.