ევროკავშირისა და CENN-ის დახმარებით ველისციხის სკოლაში გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ცენტრი მოეწყო
ენერგოეფექტური ლაბორატორია ველისციხის სკოლაში
ველისციხის საჯარო სკოლა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთადერთია, სადაც ენერგოეფექტური ლაბორატორია აქვთ.
ამ ლაბორატორიაში ერთ სივრცეში არსებობს ყველა ის მოწყობილობა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შეადარონ ერთმანეთს, მაგალითად, რამდენ ენერგიას მოიხმარს ვოლფრამის ნათურა და LED ნათურა. რომელი მასალა უფრო თბოგამტარია ორმაგი მინა თუ ერთმაგი და ა.შ.
- როგორ შეუძლია რაჭას ევროპის მწვანე ქალაქების გამოცდილების გაზიარება. რეკომენდაციები, რომელიც ევროკავშირის დახმარებით მომზადდა
- გურული და რაჭველი ახალგაზრდები მდინარეების სისუფთავისთვის – გარემოსდაცვითი აქტივიზმი ოზურგეთსა და ამბროლაურში
ლაბორატორია სავსეა იმ მოწყობილობებით, რომელიც გარემოს მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობისთვისაა საჭირო.
მათ შორის: ქარის გენერატორებისა და მზის პანელების მინი, სამუშაო მოდელები; მოწყობილობები სხვადასხვა ტიპის ნათურების ენერგოეფექტურობის გასაზომად და შესადარებლად; ელექტროენერგიის საზომი და საჩვენებელი მოწყობილობა სამშენებლო მასალების თბოგამტარობისთვის; ნათურის სიკაშკაშის ამაღლებისა და შემცირების მოწყობილობა; ტელეფონების მზის დამტენებები და ა.შ.
ეს ხელსაწყოები სადემონსტრაციო, საინფორმაციო დაფაზეა განთავსებული. მათი გამოყენებით, მოსწავლეებს შეუძლიათ დააკვირდნენ, აღწერონ და შეადარონ სხვადასხვა ხელსაწყო რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს. ან, სამშენებლო მასალებიდან რომელს მეტი თბოდანაკარგი აქვს და რომელს ნაკლები.ველისციხის სკოლაში ეს ლაბორატორია მოაწყო „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციამ“ (SAGA), ევროკავშირის მხარდაჭერილი „საქართველოს კლიმატის პროგრამის“, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN.
საქართველოს კლიმატის პროგრამა
„საქართველოს კლიმატის პროგრამა“ საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ოთხწლიან პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია CENN კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასა (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.პროექტის მიზანია ოთხ სამიზნე რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტაციის მცირესაგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ველისციხის სკოლაში SAGA-მ გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო ცენტრი მოაწყო, СENN-მა სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გამოაცახადა.
„მწვანე კლუბი“ და სხვა აქტივობები ველისციხის სკოლაში
საგრანტო კონკურსის ფარგლებში კახეთში, სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში, არაერთი აქტივობა განხორციელდა.
მათ შორის:
- შეიქმნა მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის „მწვანე კლუბი“
- მოეწყო სადემონსტრაციო სტენდი ენერგოეფექტურიმოწყობილობა/დანადგარებით;
- შემუშავდა სპეციალური სასწავლო პროგრამა სილაბუსის სახით;
- გარემოს მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით გადამზადდნენ პედაგოგები;
- ადგილობრივ მედიაში მოეწყო თემატური სატელევიზიო გადაცემები;
- გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც სკოლას მინიმუმ ხუთი წლის ვადით ამ ცენტრის ფუნქციონირებას ავალდებულებს.
პროექტის მენეჯერი გიორგი ბოკერია ამბობს, რომ მათი მიზანი იყო სკოლაში შექმნილიყო მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკის საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში.
„ეს ცენტრი არ არის მხოლოდ ველისციხელი ბავშვებისთვის“, - ამბობს ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში ალექსი ჭანკოტაძე.
მისი განმარტებით, ამ ცენტრს აქვს გაფორმებული მემორანდუმი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებთანაც.
„ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა სკოლების ბავშვებსაც შეუძლიათ მივიდნენ ცენტრში, დაათვალიერონ სტენდი. და, იქ უკვე, ჩვენი გადამზადებული მენტორი პედაგოგები, ჩვენივე მომზადებული სილაბუსის მიხედვით, შესთავაზებენ 1.5–2 საათიან პროგრამას“, – გვიხსნის იგი.
როგორ ჩაერთნენ ამ ინიციატივაში გურჯაანელი მასწავლებლები
პროექტის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის 22 სკოლის 25-მა მასწავლებელმა სპეციალური მომზადება გაიარა ენერგოეფექტურობის საკითხებზე.
მათ შორის იყო „მწვანე კლუბის“ ხელმძღვანელი და სამოქალაქო განათლების მენტორი ნანა ნიკოლაშვილი.
ნანა უშუალოდაა ჩართული საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციონირებაში.
„ჩვენი სკოლიდან ტრენინგებს საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ესწრებოდნენ. ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლებიდან მონაწილეობდა თითო პედაგოგი, ვინც ეკოლოგიას ან მომიჯნავე საგანს ასწავლის. გადმოგვცეს მზა პროგრამა, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს უნდა შეგვესწავლა ენერგოეფექტურობის ლაბორატორია: რას მოიცავს თითოეული დანადგარი, რა დანიშნულება აქვს და ამავდროულად, როგორ უნდა გადაგვეტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში აქ შესწავლილი მასალა“, – გვიყვება იგი.
„მწვანე კლუბმა“, რომელიც 30 მოსწავლეს აერთიანებს, ნანა ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელა.
მათ შორის: დასუფთავებისა და გამწვანების აქცია, ესეებისა და ნახატების კონკურსი ენერგოეფექტურობის თემაზე, სასწავლო ექსკურსია, ფილმისა და მულტფილმების ჩვენება, თანამშრომლობა კახეთის სხვა სკოლების ეკო კლუბებთან და ა.შ.
„ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ცენტრის საქმიანობაში. ჯერ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეხმარებოდნენ დანადგარების განთავსების, ინვენტარის აწყობა–გამოფენაში. შემდეგ უკვე მთელი სკოლის მასშტაბით გადავამზადეთ უფროსკლასელები და დირექციასთან შეთანხმებით, ეკოლოგიის თითო–თითო გაკვეთილი ამ მოსწავლეებმა ჩაუტარეს სხვა უმცროსკლასელებს. ძალიან სახალისო იყო, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა“, – ამბობს ნანა ნიკოლაშვილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ცენტრების მოწყობა სკოლებში
გახშირებული მეწყრული პროცესები, ტყის ხანძრები, მიწისძვრები თუ წყალდიდობები კლიმატის ცვლილებისგან არის გამოწვეული. თავად კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი კი არაეფექტურად გამოყენებული ენერგიაა. საუბარი იმ ენერგიაზეა, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურად გვჭირდება, ცხოვრებისთვის, საქმიანობისთვის, გადაადგილებისთვის და ა.შ.
მაგრამ, ცოტა თუ ვფიქრობთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ენერგიის ეფექტიანად გამოყენება. ან, სადამდე შეიძლება მიიყვანოს სამყარო რესურსების გაუფრთხილებლად ხარჯვამ.
ენერგოეფექტურობა და გარემოს მდგრადი განვითარება გლობალური საკითხებია, რომლებიც სულ უფრო აქტუალური ხდება. კვლევები აჩვენებს, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება, ხელს უწყობს ოჯახების ენერგო გადასახადების შემცირებას, უზრუნველყოფს ცხოვრების მაღალ სტანდარტს ჯანმრთელობაზე, გარემოზე, განათლებასა და სამუშაო პირობებზე დადებითი ზემოქმედებით.
„არსებობს უამრავი შეთანხმება და სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი, რომელიც ავალდებულებს არა მარტო ქვეყნებს, არამედ ქალაქებს, თვითმმართველობებსა და ცალკეულად ადამიანებს, რომ იზრუნონ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. თითეულმა ადამიანმა გარკვეული წვლილი უნდა შეიტანოს ამ ყველაფერში. ეს ახალგაზრდები შესაძლოა მომავალი ინჟინრები, ეკონომისტები არიან და ნებისმიერ პროფესიაში საჭიროა, გქონდეს ცოდნა განახლებად ენერგიაზე, გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპების შესახებ და იყენებდე ამ ყველაფერს“, – ამბობს პროექტის მენეჯერი გიორგი ბოკერია.
და ამატებს, რომ ვინაიდან ბევრ საჯარო სკოლებში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია თითოეულ მუნიციპალიტეტში ერთ სკოლაში მაინც არსებობდეს ერთი მსგავსი ლაბორატორია, ან საგანმანათლებლო ცენტრი.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.