ჯო უილსონი: ვმუშაობთ, რომ MEGOBARI Act კონგრესში კენჭისყრაზე დადებითად გადაწყდეს
ჯო უილსონი MEGOBARI Act-ზე
რესპუბლიკელი კონგრესმენის, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისა და კანონპროექტი MEGOBARI Act-ის ავტორის, ჯო უილსონის თქმით, კონგრესში მუშაობენ, რათა კანონპროექტის წარდგენა კენჭისყრაზე “დადებითად გადაწყდეს”. ამის შესახებ კონგრესმენმა გამოცემა “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა.
უილსონმა ქართველი ხალხისა და ქვეყნის პროდასავლური კურსისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხტა.
“მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. MEGOBARI Act უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს.
ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც MEGOBARI Act კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს.” – თქვა კონგრესმენმა.
უილსონმა ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და განაცხადა, რომ ის პატივს სცემს იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს:
მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს. დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რაც არის დემოკრატიის სრულად აღდგენა საქართველოში
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და MEGOBARI Act-ის შემმუშავებელი, ჯო უილსონია.
უილსონის თქმით, იგი მზადაა აღნიშნული თანამდებობა ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის გატარებას მოახმაროს, რათა ამერიკა თავის უცხოელ მტრებს გაუმკლავდეს.
“პრიორიტეტები, რომლებსაც მე ძალიან მინდა, მხარი დავუჭირო, მარკო რუბიოსთან ერთად მუშაობით, არის დონალდ ტრამპის პოლიტიკის პუნქტები, რომ ისინი სრულად ავუხსნა და წარვუდგინო ამერიკელ ხალხს ისე, რომ მათ ეს გაიგონ”. – განაცხადა უილსონმა National Review-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონი ცალსახად ეწინააღმდეგებოდა საქართველოში რუსული კანონის მიღებას:
“სამწუხაროდ, პრორუსული [ქართული ოცნების] მთავრობა პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ მიდის, რომლებიც კრემლის ბნელ საუკუნეებზე უარს ამბობენ. თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის მიმართ რეპრესიები უნდა შეწყდეს.”- განაცხადა მან 19 მაისს.
რა წერია MEGOBARI აქტში
25 მაისს ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება MEGOBARI აქტისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ. აქტი რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის სანქციებს, ხოლო „დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში“ – სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტებს.
კანონპროექტის სახელია MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – საქართველოში ანგარიშვალდებულების, სიმტკიცისა და დამოუკიდებლობის აშენების მიზნით შესაძლებლობების მობილიზაციისა და გაფართოების აქტი).
აქტის თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში “რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“, მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას ჰპირდება.
აქტის ძირითადი დებულებები ასეთია:
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.
მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას – საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.
ანგარიშგება და სანქციები – არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.
რუსეთის სადაზვერვო აქტივები – საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
სანქციები ქართველ პირებზე – იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.
დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას:
- მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
- გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
- ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
- უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.
ამავდროულად, კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ თბილისი “ღიად თავს ესხმის აშშ-ს და სხვა დასავლური დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ისევე როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, პარალელურად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან”.
პროგრამა ამოქმედდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ “საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც დასტურდება მინიმუმ არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი”.