"თუ არჩევნებს არ გამოიძიებთ, მოვითხოვთ სანქციებს" - პრეზიდენტი EU-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდა
ევროკავშირის დელეგაცია თბილისში
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდა. ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის, ამ დროს კი დელეგაციის ვიზიტი ევროპული მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.
ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მეგობრების საქართველოში ვიზიტის მიზანი ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზის მოძებნაა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ არჩევნებზე არსებულ დარღვევებსა და დამოუკიდებელი გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “სანამ ნათელი არ მოეფინება ამ არჩევნებს, ევროკავშირი ვერ აღიარებს მის ლეგიტიმურობას”.
მისივე თქმით, თუ განცხადებები გაყალბების შესახებ არ იქნება დამოუკიდებლად გამოძიებული, მოითხოვენ პერსონალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამომრჩეველთა მანიპულაციასა და დაშინებაზე.
პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ ევროკავშირის დელეგაცია ოპოზიციურ გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება. როგორც ცნობილია, მთვარი განსახილველი საკითხი გაყალბებული არჩევნები და მიტაცებული ხელისუფლება იქნება.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრას არ აპირებენ. შეხვედრები არც მთავრობის ადმინისტრაციასთან და არც საპარლამენტო უმრავლესობასთან არ არის ჩანიშნული.
დელეგაციის წევრები:
- გერმანია – მიხაილ როთი;
- ფინეთი – იუკა კოპრა;
- შვედეთი – ერიკ ოტოსონი;
- საფრანგეთი – ფრედერიკ პეტი;
- ლიეტუვა – ჟიგიმანტას პავილიონისი;
- ლატვია – ინარა მურნიეცე;
- ესტონეთი – მარკო მიხელსონი;
- პოლონეთი – მიჰაუ კამინსკი.
რა განცხადებები გაკეთდა ორბელიანის სასახლეში
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: “მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო შედის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, არის კიდევ ერთი ნიშანი ევროპული მხარდაჭერის. ის, რომ ევროპა ჩვენ ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი და საქართველოს ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც გამოიხატა არაერთხელ ამ 33 წლის მანძილზე, არაერთხელ კი არა, ყოველ ჯერზე, როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავლის იმედი იყო ეჭვქვეშ, ყოველ ჯერზე საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა და ვიცით ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პრაქტიკულად, ეს 30 წელი ქუჩაში გავატარე, იმიტომ რომ ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპისგან გადახვევა ხელისუფლების მიერ, ყოველთვის იყო გაპროტესტებული ამ ქვეყანაში.
ეს არის ქვეყანა სადაც ევროპული, დემოკრატიული საზოგადოებაა, სამწუხაროდ, არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ამ ქვეყნის ინსტიტუტებს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში
ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები. ამიტომ არის, რომ შევდივართ კრიზისში, ვიცით, რომ ცესკოს ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება იყოს, კრიზისი სახეზეა და ეს ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად ნახონ, მოიპოვონ გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან და გამოვა ამ კრიზისიდან მხოლოდ რაღაც მომენტში, ფორმით, სამართლიანი ფორმით დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა.”
მიხაილ როთი, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე:
“ჩვენ ვიმყოფებით აქ იმიტომ, რომ ძალიან შეშფოთებულები ვართ უკანასკნელი არჩევნების თვალსაზრისით და საქართველოს ხელისუფლების არსებული ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. ბოლო დროის არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის საიდუმლოება არ იყო უზრუნველყოფილი, მიდიოდა ფართოდ გავრცელებული ამომრჩეველთა მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება. მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიას, რამაც დიდი კითხვები დასვა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რაც განაცხადა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერისა და პოლონეთის პრემიერის მოწოდებას, რომ მოხდეს ამ სერიოზული განაცხადების გამოძიება. ევროპული საბჭო, ეუთო და სხვა ორგანიზაციები უნდა ჩაერიონ.
სანამ ნათელი არ მოეფინება ამ არჩევნებს, ევროკავშირი ვერ აღიარებს არჩევნებს, როგორც ლეგიტიმურს. თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს იმათ მიმართ, ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველთა მანიპულაციაზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე.
დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ხელიხელ ჩაკიდებული უნდა მიდიოდეს და ის, ვინც ძირს უთხრის ამ პრინციპებს, ფასი უნდა გადაიხადოს.
ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, ასევე უვიზო რეჟიმის შეწყვეტაც, რაც არის ყველაზე დიდი მიღწევა არა მხოლოდ თქვენთვის, ჩვენთვისაც, მაგრამ საბოლოოდ, ეს გახლავთ სერიოზული სიტუაცია და ჩვენ ყველა ინსტრუმენტი უნდა დავდოთ მაგიდაზე, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით.”
იუკა კოპრა, ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები იმ თვალსაზრისით, როგორც გვესმის დემოკრატია, ეს არის წმინდათა წმინდა რამ. არ არსებობს შესაბამისი მთავრობა, ადმინისტრაცია თუ არ გაიარეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზა.
ვაკვირდებით რა პროცესებს, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე ეფექტური და ყველაზე ნეიტრალური გზა, იმისთვის, რომ შემოწმდეს, თუ რა მოხდა საქართველოს არჩევნებში ოქტომბერში – უნდა ჩატარდეს [არჩევნები] იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარეობს იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ მმართველ პარტიას ძალიან ძლიერი პოზიციები გააჩნია სხვადასხვა ორგანიზაციებში. რომ დავარწმუნოთ არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი ძალიან კარგი და საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ საერთაშორისო თანამშრომლობის დონეზე ჩატარდება. მაგალითად, ევროპის საბჭოს, ეუთოს ან სხვა ორგანიზაციების ნეიტრალური ჩართულობით, ნეიტრალური ნდობის ფონზე.”
ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიტვის პარლამენტის ვიცესპიკერი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: “[შალვა პაპუაშვილის განცხადება] ძალიან საბჭოურია. ეს ტენდენცია 3-4 წლის წინ შევამჩნიე. ვინც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა, მათ აღარ ხვდებოდნენ. ბოლო 3 წლის განმავლობაში მე საქართველოში ბევრჯერ ჩამოვედი, მაგრამ მათთან შეხვედრას ვერ ვახერხებდი – ერთი მცირე გამონაკლისი იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მაგრამ, თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი, აღარ გხვდებიან – ეს არის საბჭოთა მიდგომა.
ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას. ევროკავშირში შეერთების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი, ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ შეწყდეს პროცესი. ქართული ოცნება როდესაც ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გაწევრიანების გარანტი იყვნენ, ისინი იტყუებიან
ფრედერიკ პეტი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი: “გვინდა ვთქვათ, რომ ევროპა არის ოჯახი. ევროკავშირი გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი. ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით. ევროპაში ჩვენ ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის გასაოცარია, რომ როგორც პარლამენტარი, პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ მე არ შეგხვდები იმიტომ რომ, შენ არ მეთანხმები მე. ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, თუ რასაც დემოკრატია გულისხმობს. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება იქ.
ერთადერთი ადგილი, სადაც კონფლიქტი არ არის სასაფლაოა – ჩემთვის გასაოცარია, როდესაც მე როგორც პარლამენტარს, პარლამენტის წევრი მეუბნება: „არ შეგხვდები იმიტომ რომ, შენ არ მეთანხმები მე.“
მიჰაილ კამინსკი, პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: “მე ვიყავი გარდაცვლილ პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როდესაც თბილისი იყო საფრთხეში. მე დავაორგანიზე ეს ვიზიტი, როგორც სახელმწიფო მდივანმა, ჩვენ ჩამოვედით აქ, როდესაც თბილისი პირდაპირი საფრთხის ქვეშ იყო.
აქ ვიდექი, ამ ქალაქში, როცა ეს ქალაქი იყო რუსული საფრთხის ქვეშ. ვიმყოფები აქ კვლავ, იმიტომ რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშ იმყოფება
და ეს საფრთხე შეიძლება ისეთი გამოხატული ტანკებით არ არის, თუმცაღა რამდენიმე კილომეტრით დაშორებით დგანან, მაგრამ ეს საფრთხის ქვეშ არის რუსული პროპაგანდის გამო, რუსული სტილის პოლიტიკის გამო. ქართველი ხალხის წინაშე, ისევე როგორც პოლონელი, უკრაინელი, ლატვიელი, ლიეტუველი, ესტონელი ხალხის წინაშე ორი გზა არსებობს ისტორიაში – ან ევროპისკენ სვლა, ან რუსულ ხელში ჩავარდნა.”