კომენტარი: პრეზიდენტმა შეახსენა ძველი იდეა ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომელიც არ არის პოპულარული პარტიებში
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა კორნელი კაკაჩიამ პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგთან და ასევე, “ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს “მთლად” ბოლომდე არ სჯერა, რომ პოლიტიკური პარტიები მოახერხებენ, თუნდაც საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, “გამარჯვების შემთხვევაშიც კი” კარგი ურთიერთობები დაამყარონ ერთმანეთთან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა მის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიაზე“, რომელსაც რიგმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს ხელი. პრეზიდენტის შეფასებით, “ქართულ ქარტიაზე“ ცოტას ლაპარაკობენ, მაგრამ ამ ოთხი კვირის მანძილზე “არავის მისცემს უფლებას”, არ ილაპარაკოს დღე და ღამე.
ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ქარტიაში „ტექნიკურ, პროფესიონალების მთავრობასთან“ დაკავშირებულ პუნქტზე და განაცხადა, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ “არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან.”
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ “დამოუკიდებლობა, წინსვლა და ევროპა”.
კორნელი კაკაჩია: “რისკებზე ყველა პოლიტიკოსი და, ალბათ, თავად პრეზიდენტი თვითონ აგებს პასუხს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ის განცხადება, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, მაინც მიმართულია მისი თავდაპირველი იდეიდან გამომდინარე იმიტომ, რომ მას, ისევე, როგორც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მთლად ბოლომდე არ სჯერა, რომ პოლიტიკური პარტიები მოახერხებენ, თუნდაც საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, გამარჯვების შემთხვევაშიც კი, კარგი ურთიერთობები დაამყარონ ერთმანეთთან და ამის მაგალითი ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეებშიც.
აქედან გამომდინარე, მან შეახსენა ძველი იდეა, რომელიც მაინც და მაინც არ არის პოპულარული პოლიტიკურ პარტიებში – ტექნიკური მთავრობის შესახებ. ეს არ მოსწონთ მაინც და მაინც პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის, ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს.
ალბათ, გათვლა იმაზე არის, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც ყოყმანობს ან ბოლო პერიოდში გაუჩნდა გარკვეული შეკითხვები ამ ოპოზიციურ ერთობასთან დაკავშირებით, ამ იდეას დაუბრუნოს და ძირითადი გზავნილი უნდა იყოს, რომ ახლა აირჩევენ ტექნიკურ მთავრობას, რომელიც დაალაგებს სიტუაციას და შემდეგ, პოლიტიკური პარტიები როცა მომწიფდებიან, მაშინ იქნება ნამდვილი არჩევნები.
ალბათ, დრო გვაჩვენებს, რამდენად საფუძვლიანია ეს იმედები პრეზიდენტის მხრიდან.
თვითონ ტექნიკური მთავრობის იდეა, შეიძლება, არ იყოს ცუდი იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს უჭერს პოლიტიკური სპექტრი. განსაკუთრებით, თუ რეჟიმის ცვლილება მოხდა, საჭიროა ცივი გონებით გადაწყვეტილებების მიმღები ხალხი. გათვლა ამაზეა – ტექნიკური მთავრობა არის ხალხი, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს არ პარტიული პოლიტიკის და არც მომავალში ექნება და რომელმაც უნდა იტვირთოს გარდამავალ პერიოდში და საფუძველი ჩაუყაროს კონკურენტულ პირობებში პოლიტიკური პარტიების მოქცევის და შემდგომ არჩევნებში ასე მიიღონ მონაწილეობა.
ამიტომ არის, რომ პარტიებს უჩნდებათ კითხვა, თუ თავად დაიხარჯნენ, გარისკეს და რეჟიმი შეცვალეს, რა საჭიროა ტექნიკური მთავრობა. ამის გამო არის, რომ პრეზიდენტმა ჯერჯერობით ვერ დაარწმუნა ვერც პოლიტიკური პარტიები და ვერც სამოქალაქო საზოგადოების რაღაც ნაწილი, თუ რა პლუსები აქვს ამ გეგმას.”