“რა დროს ჩავინგრევით, არავინ იცის” — შუქრუთელების პროტესტი და ხელისუფლების დუმილი
შუქრუთელების პროტესტი
64 წლის ზოია ფოფხაძე უკვე მე-8 დღეა პარლამენტის შენობასთან ათენებს და აღამებს.
აქ მასთან ერთად სხვა მისი თანასოფლელებიც არიან, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთიდან. ამ სოფელში მანგანუმის მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივები თქმით, სწორედ ამ სამუშაოების შედეგია ის, რომ სოფელში სახლების დიდი ნაწილი ამორტიზებულია, მიწაზე კი დიდი ნაპრალებია გაჩენილი.
შუქრუთელებმა სახლებზე პირველი ბზარები რამდენიმე წლის წინ შენიშნეს და პირველი პროტესტიც მაშინ დაიწყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპანიასთან შეთანხმება შედგა. თუმცა, როგორც შუქრუთელები გვიყვებიან, “ჯორჯიან მანგანეზმა”, კომპანიამ, რომელიც შუქრუთში მანგანუმს მოიპოვებს, შეთანხმების პირობები დაარღვია, რის გამოც სოფელში უკვე ექვსი თვეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
იმისთვის, რომ ხელისუფლებას საკუთარი ხმა გააგონონ, აქციის მონაწილეთა ნაწილი თბილისში, საკანონმდებლო შენობასთან ჩამოვიდა, ნაწილი კი პროტესტს ადგილზე აგრძელებს. თბილისში ყოფნის მიუხედავად, როგორც ამბობენ, ამ დრომდე ხელისუფლებას მათთან წარმომადგენელიც კი არ გაუგზავნია.
მთავარი შიში, რაც შუქრუთელებს აქვთ, საკუთარ და ოჯახის წევრების, ბავშვების, მშობლების უსაფრთხოებას უკავშირდება — სახლებს უკვე ისეთი დიდი ბზარები გაუჩნდა, არ იციან, როდის დაინგრევა და გადარჩებიან თუ არა.
“მუდმივ შიშში ვცხოვრობთ ამ დაზიანებულ სახლებში. როდემდე ეს შიში?! ან ნერვები როდემდე გაუძლებს, ან გული?! როცა უყურებ, რომ თავზე გენგრევა შენი ნაწვალები, ხომ მოქმედებს ყველანაირად ადამიანზე? ჩემს სახლში, მაგალითად, სკამს ვერ დადებ ისე, რომ სწორად დაჯდე, მაგიდაზე თეფშს ვერ დადებ, დაყირავებულია სახლი”, — გვიყვება ზოია.
მანგანუმი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მეტალურგიაში და სხვადასხვა ტიპის წარმოებაში, ნიადაგში მოიპოვება. სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში არსებული მანგანუმის საბადოები გამოირჩევა მადნის მაღალი ხარისხით, დიდი სამრეწველო მარაგით და მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობით.
პარლამენტის შენობასთან ზოიასთან ერთად კიდევ 20-მდე ადამიანია.
ნაწილი შიმშილობს, ნაწილს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. თხელ საბნებზე ან პლედებზე წვანან და ღამეს ისე ათენებენ. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟს შენიშნავთ.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, გიორგი ნეფარიძე გვიყვება, რომ პირველ ღამეს პოლიციამ აქციის მონაწილეებს არც კარვის გაშლის საშუალება მისცა და არც საბნების და სხვა ნივთების გამოყენების, ამიტომ ღამის გათენება ცივ ქვაზე მჯდომებს მოუწიათ.
“სადაც ახლა ვსხედვართ, ამ შენობაში, პარლამენტში, მიიღეს ოჯახური ღირებულებების კანონი. ჩვენ ჩვენს ოჯახებს ვიცავთ, ჩვენს მამა-პაპისეული საცხოვრის გარემოს ვიცავთ, ჩვენი წინაპრების საფლავებს და თუ რამე არსებობს სხვა ოჯახური ღირებულებები, ოჯახის დაცვის, კერძო საკუთრების, მამა-პაპისეული საცხოვრისის, წინაპრების საფლავების, ეკლესია-მონასტრების, იმ სიწმინდეების გარდა, რასაც ჩვენ ვიცავთ და ამათ სხვანაირად ესმით ოჯახური ღირებულებები და ოჯახური სიწმინდე, მაშინ გამოვიდნენ ეს ადამიანები და აგვიხსნან, იქნებ ერთი შეხვედრაც კი საკმარისი იყოს ამ პრობლემის გადაჭრისთვის და მოგვარებისთვის. უბრალოდ, იმასაც კი არ კადრულობენ, რომ გამოვიდნენ და მოგვისმინონ”.
“აქ რომ ჩამოვედით, რაღაც დიდი იმედი გვქონდა. პარლამენტის წინ ვართ და კაციშვილი არ გამოსულა. მიცრუვდება იმედი ყველაფერზე, ძალიან ცუდად ვარ. ავადმყოფი ვარ მეც და ჩემი მეუღლეც. უკვირს ხალხს, როგორც ზიხარ მანდო, მაგრამ ისე გამწარებული ვარ, ისე გამწარებული, მეც და ჩემი მეუღლეც, ორ ინფარქტ გადატანილი კაცი, რომ ექვსი თვეა გარეთ ვართ. არ ვიცი, ამ საქმეს ალბათ შევეწირები, ისეთ დღეში ვარ”, — ამბობს ზოია.
ის ჰყვება, რომ გარდა სახლებზე გაჩენილი ბზარისა, სოფელში მნიშვნელოვანი ცვლილებები ბუნებაშიც შეინიშნება.
“ჭებში წყალი დაშრა, წყაროები დაშრა, დასალევი წყალი არ გვაქვს, გზები დეფორმირდა, ნიადაგი იხლიჩება და მთელ სოფელს ორ კილომეტრ ნახევარზე ზოლად გასდევს უზარმაზარი ნაპრალი, რომელიც არავინ იცის როდის დაიძვრება და როდის აიყოლებს მთელ სოფელს. ხეები, ტყემლის ხეც კი, რომელიც ყველგან იზრდება, ხმება, ხოლო კარალიოკი, კომში ხეზევე ჭკნება და ცვივა.”.
თბილისში ჩამოსული შუქრუთელები ასევე ჰყვებიან, რომ სოფელში არსებული ერთადერთი სკოლაც დაზიანებულია, დემონტაჟს ექვემდებარება და ბავშვებს მეზობელ სოფელში მოუწევთ სასწავლებლად წასვლა.
ზოიას გვერდით მისი თანასოფლელი, 62 წლის დალი კუპატაძე დგას. ამბობს, რომ ადრე 4-5 ტომარა ნიგოზს იღებდა, ახლა მოსავალი ორი პარკი თუ გამოდის.
ყველაზე მთავარი, რასაც ადგილობრივები ითხოვენ – ექსპერტიზაა.
“ჩვენ გვაინტერესებს, რა სიტუაციაა ჩვენი სახლების ქვემოთ, მშვიდად თუ შეგვიძლია დავიძინოთ. მთავრობამ ნახოს რა სიტუაციაა და დაგვამშვიდოს, იქნებ მართლა არ გვაქვს სანერვიულო,” – ამბობს დალი.
მისი თქმით, თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ სახლებში ცხოვრება უსაფრთხო არ არის, შუქრუთელები კიომპენსაციას ითხოვენ:
“ჩვენ არ ვითხოვთ ბროდვეის, არ ვითხოვთ საფრანგეთს. რაც გამაჩნია მიწა და ნაგებობა, იგივე ნაკვეთი და ნაგებობა თვითონ ამიშენონ თუ უნდათ — უნდათ ლარი დახარჯონ, უნდათ მეტი. წყალი ჩვენ არ გვაქვს, სკოლა ჩვენ არ გვაქვს, საერთოდ დააკარგვინეს სოფელს ფუნქციონირება. მოგვისპეს ჭები, ყველაფერი გაგვინადგურეს. არ ვიცი, რატომ გვიკეთებენ ამას”, — ამბობს დალი.
საუბარს მის გვერდით მდგომი თამარ კუპატაძე აგრძელებს, ზოიაზე და დალიზე მიგვითითებს და ამბობს: “იშრომა ადამიანმა, იწვალა მთელი ცხოვრება, ლუკმა-პურს იკლებდნენ, არ ჭამდნენ, არ სვამდნენ, შვილებს რაღაცას აკლებდნენ, რომ სახლები ჰქონოდათ და ის პირობები, რაც ჰქონდათ. მოვიდა ეს კომპანია, გაანადგურა ერთი ხელის მოსმით და გეუბნება: მე მილიარდი უნდა ვიშოვო და შენ წადი სადაც გინდაო. რითი უნდა წავიდეს?”.
თამარი შუქრუთში ქმართან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ განსაკუთრებით ღამის ეშინიათ, ასევე, შემოდგომის და წვიმების.
“იმ წყალმა ნაპრალი რომ ნახოს, მერე არ ვიცი რა მოხდება. ვინმე რომ გარდაიცვლება, მერე რას დამაბრალებენ, იმ სახლში ცხოვრობდა და ამის გამო გარდაიცვალაო?!”.
გიორგი ნეფარიძე გვიყვება, რომ ეს პროცესები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, “ჯორჯიან მანგანეზში” დანიშნა სახელმწიფოს სპეციალური მმართველი.
მისი ინფორმაციით, მანამდე სოფლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა ერთადერთი მაღარო, შუქრუთის ცენტრალური მაღარო, სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ კი კომპანია გააქტიურდა და მადნის მოპოვების მასშტაბები გაზარდა — უშუალოდ შუქრუთში 13 ახალი დამატებითი გვირაბი გახსნეს და ორ ლოკაციაზე ღია კარიერით დაიწყეს მადნის მოპოვება.
“ჩვენი სოფელი ამაღლებულ ბორცვზე გაშენებული საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა, 282 ოჯახი ცხოვრობს და მთლიანად ალყაში მოაქციეს, წრე შეკრეს და მთელი სოფლის ტერიტორია მოიცვეს მადნის მოპოვების პროცესით. სამუშაოების დაწყებამდე არც ერთ იქ მცხოვრებ ადამიანთან კომპანიის არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა და არ აუხსნია, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამ მასშტაბებს. არც ერთი ექსპერტული დასკვნა არ დევს, რამდენად უსაფრთხოა ჩვენს სოფელში ცხოვრება ან რა შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცესებმა. ეგ არ იკმარეს და გახსნეს სამი დალუქული მაღარო, საყრდენ ძელებს უწოდებენ, რაზეც რეალურად იდგა სოფელი და რომლებიც კომუნისტების პერიოდში დაილუქა, რათა ნგრევის პროცესი არ დაწყებულიყო. აქაც შევიდნენ და რეალურად რაზეც სოფელი იდგა, ის მთელი საყრდენები გამოაქვთ”, — ამბობს გიორგი.
გვიყვება, რომ სამუშაოების დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელში სოფლის ტერიტორიაზე შედეგი ხილული გახდა — ეზოებში გაჩნდა ნაპრალები, სახლები დაიბზარა, ნიადაგი დეფორმირდა, ზოგი სახლი ნაწილობრივ გადმოინგრა.
ამას შუქრუთელების პროტესტი მოჰყვა. გიორგი იხსენებს, რომ პირველი აქცია 2019 წლის 5 სექტემბერს, მაღაროების შესასვლელებთან გაიმართა — მას შემდეგ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართეს და რეაგირება ვერ მიიღეს.
“არავინ იცის როდის, რომელ დღეს, რომელ ღამეს, რა დროს მოხდება ეს ჩავარდნა-ჩაქცევის პროცესი. გვაქვს მაგალითი, ნახევარი კილომეტრიც კი არ გვაშორებს მეზობელ სოფელ ითხვისთან, სადაც სახლები მთლიანად უფსკრულში ჩავარდა და 30-40-მეტრიანი ხრამები გაჩნდა. ერთ საათში იქ სახლები აღარ იდგა. ჩვენთანაც, სამწუხაროდ, შეიძლება განმეორდეს ისეთი სამწუხარო ტრაგედია, რაც მოხდა შოვში და ამ ყველაფერს სრულ იგნორს უკეთებს აბსოლუტურად ყველა”, — ამბობს გიორგი.
მისი თქმით, 2021 წელს კომპანიასთან შედგა შეთანხმება, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებდა სამხარაულის ექსპერტიზის ჩატარებას და შუქრუთში მცხოვრები ადამიანებისთვის კომპენსაციის გაცემას ან საცხოვრებლის საკითხის გადაწყვეტას დასკვნის შესაბამისად. თუმცა, შუქრუთელებს ეს დასკვნა არასდროს უნახავთ და ეჭვობენ, რომ დასკვნა ისეთია, კომპანიას მისი გასაჯაროება არ აწყობს.
გიორგი დასძენს, რომ აქტიურად მიმდინარეობს პროტესტის მონაწილეების “გაშავება”, თითქოს კომპანიისგან კომპენსაცია მიიღეს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი თქმით, მხოლოდ 5-6 ოჯახს ავანსის სახით გადასცეს თანხა, თუმცა კომპანიას 2021 წელს გაფორმებული ხელშეკრულება არ შეუსრულებია.
გიორგი ასევე ამბობს, რომ დაშინების მიზნით, ცდილობენ პრობლემები შეუქმნან პროტესტში ჩართულ ადამიანებს.
მისივე თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კომპანიის განცხადებას იმეორებს და არც დაინტერესებულა შუქრუთელთა რეალური მდგომარეობით.
“როდის უნდა ჩაერიოს სახელმწიფო?! სანამ ფატალური შედეგი არ დადგება, მანამდე ყველაფრის უფლება უნდა მივცეთ კომპანიას?”, — ამბობს გიორგი.
პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ შუქრუთელების პროტესტის შესახებ ჟურნალისტების კითხვას 13 სექტემბერს უპასუხა, რომ მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის საქმეა. მისივე თქმით, მოიძიეს ინფორმაცია და პროტესტის ორგანიზატორებს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული.
“თავზე გვახევენ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და კონსტიტუციას. დარღვეულია ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება, კერძო საკუთრების უფლება, მშვიდ, უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება და არაერთი სხვა უფლება”, — ამბობს გიორგი ნეფარიძე.
ის ხაზს უსვამს, რომ შუქრუთელები მზად არიან, შეხვდნენ ყველას და დოკუმენტურად დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
“ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ჩვენც გვაქვს ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება და რაც გაგვაჩნია, იმის ფლობის უფლება თუ არ გვაქვს, მოვიდნენ და პირდაპირ გვითხრან. რაც ოფიციალურად რეგისტრირებული გვაქვს, ჩვენი მამა-პაპისეული საცხოვრისი, სახლი, საკარმიდამო ნაკვეთები, ყველაფერს გვინადგურებენ და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ. რაც გაგვაჩნია, ანალოგიური საცხოვრისი გარემოს შექმნას ვითხოვთ სხვა უსაფრთხო გარემოში. სხვას არაფერს არ ვითხოვთ”.
რას ამბობენ კომპანიაში
არსებული ინფორმაციით, ჭიათურის საწარმოების მართვას და სამთო-მოპოვებით სამუშაოებს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი უზრუნველყოფს.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა JAMnews-ს უთხრა, მათ “ჯორჯიან მანგანეზისგან” ჭიათურის საწარმოების მართვა 2024 წლის თებერვალში გადაიბარეს და უკვე დახვდათ მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმი, რომლის პირობები მათთვის მისაღები იყო.
კომპანიაში უარყოფენ, რომ სოფლის სახლებზე გაჩენილი ბზარები მათი მუშაობის შედეგია. მეტიც, კომპანია აცხადებს, რომ დღემდე საერთოდ არ უმუშავია შუქრუთის ტერიტორიაზე და მოსახლეობის სახლებთან შეხება არ ჰქონია. მათი თქმით, “2000-იანი წლებიდან დაიწყო გეოლოგიური პროცესები, დაიწყო მიწებმა ე.წ დაჯდომა რამაც წარმოშვა ბზარები”.
“ჯორჯიან მანგანეზს “არასოდეს უწარმოებია სამთო მოპოვებითი სამუშაოები სოფელ შუქრუთში”. სოფლის ქვემოთ გამომუშავება ხდებოდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, შესაბამისად, ის რაც ახლა სოფელს საფრთხეს უქმნის და რის გამოც ჩნდება ბზარები სახლებზე, არის ამ პერიოდის გამომუშავების შედეგი. დროსთან ერთად, ხდება მიწის ჩამოშლა, რაც ზედაპირზე იწვევს სახლებზე ბზარების გაჩენას”, – განუცხადეს JAMnews-ს კომპანიის პრესსამსახურში.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ჯორჯიან მანგანეზი მოსახლეობის მიერ “აღქმული იყო, როგორც საბჭოთა პერიოდში გამომუშავებული ტერიტორიებს სამართალმემკვიდრე” და პრეტენზიებიც აქედან მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში უარყოფენ შუქრუთში მუშაობის ფაქტს, ამბობენ, რომ შუქრუთელებზე კომპენსაცია გასცეს — კერძოდ, მათი ინფორმაციით, დღემდე საკომპენსაციო თანხის სახით კომპანიას 13 მილიონ ლარამდე აქვს გადახდილი და “საერთო ჯამში კომპანიას კომპენსაცია გაცემული აქვს 281 შუქრუთელზე”.
კითხვაზე, თუკი ჯორჯიან მანგანეზი არ მუშაობდა შუქრუთში, მაშინ რატომ გაიცა კომპენსაციები, კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს მოხდა “ადგილობრივების მხრიდან მუდმივი თხოვნის” გამო, სოციალურ-ეკონომიკური ფონის შესამსუბუქებლად.
ასევე, მათივე განმარტებით, კომპენსაციების გაცემის შემდეგ სოფელთან შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ კომპანია სამთო-მოპოვებით სამუშაოებს სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე აწარმოებდა.
“არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, კომპანიამ ადგილობრივებთან 2020 წელს გააფორმა მემორანდუმი და შეთანხმდა ზემოთაღნიშნულ პირობაზე და კომპენსაციის გაცემის წესზე,” – უთხრეს JAMnews-ს პრესსამსახურში.
ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება საბანკო ამონაწერები, რომლითაც კომპანია ამტკიცებს, რომ შუქრუთელებს კომპენსაცია მართლაც გადაუხადა.
კომპანიის პოზიცია აქტიურად შუქდება სამთავრობო მედიაშიც.
ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის წარმომადგენელმა JAMnews-ს გამოუგზავნა, მისი თქმით, აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან გაფორმებული ხელშეკრულებაც, ასევე, ამონაწერი ბანკიდან. კომპანიის მტკიცებით, მან კომპენსაცია აიღო და “რადიკალური ჯგუფი” ცდილობს კომპანიას გამოსძალოს თანხები.
“ხოლო ისინი, ვისაც ჯერ არ აუღია თანხა, არიან რიგში და შესაძლებელია ისინი იყვნენ სხვა კატეგორიაში (მემორანდუმით განსაზღვრული წესის მიხედვით) მე-2 ან მე-3 კატეგორიაში. ისინი და სოფლის სხვა მოსახლეობა რომ დღეს კომპენსაციებს ვერ იღებს, არის რადიკალურ ჯგუფის ბრალი, რომელთაც გადაკეტილი აქვს მაღაროები და კომპანიას მუშაობის უფლება არ ეძლევა. შედეგად, კომპენსაციების გაცემაც შეჩერებულია. მეტიც, სამუშაოების გაჩერების გამო “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” უკვე ზარალზე მიდის”, — აცხადებენ კომპანიაში.
“ყოველ ჩასვლაზე შეცვლილი ვითარება მხვდება და ზოგიერთ ადგილს საერთოდ ვეღარ ვცნობ”
კომპანიის ბრალდებების შესახებ ვკითხეთ გიორგი ნეფარიძეს. მისი თქმით, ეს ყველაფერი არის ცილისმწამებლური, “გაშავების” პროპაგანდა, რომელშიც ჩართულია სახელმწიფო და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები. გიორგი სვამს კითხვას — თუ აქციის მონაწილეებს შესაბამისი თანხა აღებული აქვთ და კვლავ ითხოვენ, რატომ არ მიმართავს კომპანია პროკურატურას გამოძალვის ბრალდებით?
“ჩვენ ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს ვაკეთებთ ორივე მხარე და გამიოძიოს პროკურატურამ, რაშია საქმე, ვინ მანიპულირებს, ვინ ავრცელებს სიცრუეს, ვის რა თანხები აქვს გადახდილი თუ რა ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული”.
რაც შეეხება მემორანდუმს, გიორგი ნეფარიძე ამბობს, რომ ეს დოკუმენტი არის არაკანონიერი, რადგან დოკუმენტზე ფიქსირდება იმ დროისთვის გარდაცვლილი ან ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი ადამიანების ხელმოწერები.
ჟურნალისტი და OC Media-ს დამფუძნებელი, მარიამ ნიკურაძე შუქრუთში მიმდინარე პროცესებს 2019 წლიდან აქტიურად აშუქებს. ვარაუდობს, რომ მალე შუქრუთის და მეზობელი სოფლის, ითხვისის დიდი ნაწილი დაუსახლებელი იქნება. მარიამის თქმით, ყოველ ჩასვლაზე სოფელში შეცვლილი ვითარება ხვდება და არის ხოლმე შემთხვევები, როცა ზოგიერთ ადგილს საერთოდ ვეღარ ცნობს.
“ზოგი სახლი, რომელიც ჯერ კიდევ დგას, მართლა ბეწვზე კიდია და რკინებით და რაღაცებით აქვთ გამაგრებული. ყოველ ჩასვლაზე უკვე შეცვლილი სიტუაცია მხვდება, ძალიან მალ-მალე იცვლება რელიეფი. მაგალითად, გზებზე ჩნდება ნაპრალები; თუ მანამდე გზა სწორი იყო, მხვდება აღმართი ან დაღმართი; მილები, რომლებიც მიწის ქვეშ იყო, მიწის ზემოთ ამოდის ხოლმე; საფლავები, რასაც მოსახლეობა ამბობს ხოლმე, გაუბედურებული და ზოგი მიწაში მთლიანად ჩასული, ამოსვენება და გადასვენება ხდება ხოლმე საჭირო; ახალაშენებული სალოცავი ჰქონდათ და ვერც კი დაასრულეს, ისე მალე გაუჩნდა ბზარი; ხეები ხმება, რადგან წყალი არ უჩერდება და სახნავ-სათესებიც მაგიტომ ფუჭდება”, — ამბობს მარიამი.
გვიყვება, რომ 6-თვიანი უწყვეტი აქციების დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე გაჩნდა დიდი ნაპრალი, რომელიც არის მაღაროს ფორმის და გზასავით გაჰყვება სოფელს.
“მიწას დაწყებული აქვს ჩასვლა. ანუ მიწა აკეთებს, ასე ვთქვათ, დაჯდომას. ის სიცარიელე, რაც არის ქვევით და არ არის სწორად გამაგრებული მოპოვების შედეგად, ივსება ამ მიწით. თან ყველა მაღარო ერთი სიმაღლის არ არის. რამხელაზეც აქვთ გამოთხრილი, იმხელაზე ჩავა ის მიწა. წარმოუდგენელია, მაგას უკვე ვეღარაფერი გააჩერებს”.
ჟურნალისტი ასევე ამბობს, რომ თავად აქვს გადაღებული სოფლის ქვეშ შემავალი რამდენიმე ვახტა.
“2020 წელს გადავიღე პირველად შუქრუთის ქვეშ შემავალი ვახტა და იმის მერე, ყოველ ჯერზე, როცა ჩავდივარ, თუ კარგი ამინდია, დრონით ვუყურებ ხოლმე რა ხდება და ბოლო ჩასვლაზე 4-დან 6 ვახტამდე გადავიღე, რომლებიც ძალიან თვალნათლივ არის სოფელ შუქრუთის ქვეშ და არის ახალ აშენებული, არ არის ეს ძველი და საბჭოთა. მუშაობს, დაცვა ზის, მანქანები და ტრაქტორები არიან. იმაზე საუბარი, რომ ქვემოთ არაფერს აკეთებენ, არის სრული სიცრუე, ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი, იმას ვამბობ და ვიღაცის ციტატა არ მომყავს. ძალიან ადვილია მაგის ნახვა და ადგილზე გადამოწმება”.
ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პროგრამის დირექტორის, სალომე შუბლაძის თქმით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია, თითქოს მათ ფული აიღეს და კვლავ ითხოვენ. როგორც სალომე განმარტავს, 2021 წლის პროტესტის დროს შუქრუთელები ითხოვდნენ როგორც უკვე მიყენებული ზიანის კომპენსაციას, ისე უსაფრთხო საცხოვრებელს.
“იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ სახლთან მიმართებით დადგინდებოდა, რომ იქ ცხოვრება არ არის შესაძლებელი დაზიანების ხარისხის გამო, კომპანია სრულად იღებდა ვალდებულებას, რომ გადაეხადა ე.წ. ჩანაცვლების ღირებულება, ანუ ის თანხა, რაც საჭირო იქნებოდა ანალოგიური პირობების მქონე სახლის შესაძენად. ის თანხა, რაც გადაუხადა კომპანიამ სულ რამდენიმე ოჯახს, არის პირველადი კომპენსაცია — კერძო აუდიტორულ კომპანიას ჰქონდა შეფასებული მხოლოდ ზიანის ოდენობა და არა ჩანაცვლებითი ღირებულება, რაც სახლის აგებისთვის იქნებოდა საჭირო. სწორედ ეს ოდენობები აუნაზღაურა კომპანიამ სულ რამდენიმე ერთეულ ოჯახს”.
სალომე ამბობს, რომ ყველა ოჯახთან მიმართებით დარჩა ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება და შუქრუთელები რეალურად 2021 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებას ითხოვენ, რამდენიმე ოჯახისთვის თანხის გადახდის შემდეგ კი კომპანიის მხრიდან შუქრუთელებთან კომუნიკაცია ცალმხრივად შეწყდა.
“მე ვვარაუდობ, რომ რადგან პროტესტი შეწყდა, ზეწოლა და საზოგადოებრივი ყურადღება აღარ იყო მიმართული კომპანიისკენ, კომპანიამ დრო იხელთა და პირობები აღარ შეასრულა”.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი აკრიტიკებს პრემიერ კობახიძის განცხადებას. სალომე ხაზს უსვამს იმასაც, რომ კომპანია სახელმწიფო მართვაშია, რადგან სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი ჰყავს, რომელიც აწერს ხელს შუქრუთელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებასაც.
“სახელმწიფოს აქვს პირდაპირი ვალდებულება, რომ თუ არ არის რომელიღაც სოფელში ცხოვრება უსაფრთხო, ეს ხალხი დაუყოვნებლივ გამოიყვანოს, შეაფასოს იქ არსებული მდგომარეობა და შეიმუშაოს ამ ადამიანების დაკმაყოფილების და ზიანის ანაზღაურების მეთოდოლოგია. არავითარ შემთხვევაში ეს არ არის რაღაც კერძო მოლაპარაკების ან მორიგების საგანი”, — ამბობს სალომე.
მისივე თქმით, პირველ რიგში უნდა გაირკვეს უსაფრთხოების ნაწილი და თუ არსებობს სამხარაულის ბიუროს დასკვნა, გასაჯაროვდეს, რათა ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეთ იმ ინფორმაციაზე, რომელსაც პირდაპირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ ფიზიკურ უსაფრთხოებაზე.
“თუ რომელიმე სახლი იმდენად ავარიულია, რომ არსებობს რისკები და იქ ცხოვრება არის საშიში, უნდა მოხდეს ადამიანების დაუყოვნებლივ გაყვანა. შემდეგ კი 2021 წლის შეთანხმების შესრულება”.
სალომე ამბობს იმასაც, რომ პრობლემა მხოლოდ შუქრუთელებს არ ეხება და სახელმწიფოში არ არსებობს მოპოვებით დაზარალებული მოსახლეობის განსახლების და ზიანის შეფასების ერთგვაროვანი მეთოდოლოგია. ის ხაზს უსვამს, რომ შეფასება უნდა მოხდეს მანამ, სანამ სამუშაოები დაიწყება და ცნობილი უნდა იყოს, ვინ შეიძლება მოხვდეს ამგვარი დაზიანების არეალში, თანახმაა თუ არა ოჯახი, დაუთმოს თავისი კომპანია და თუ თანახმაა, რა პირობებით.
“ზოგადი რეგულირება თუ არ მოხდა, გამოდის, რომ სულ ასე იქნება — ხალხს შიმშილობა და პირის ამოკერვა მოუწევს იმისთვის, რომ მიიღოს ზიანის ანაზღაურება/ჩანაცვლება”.
nproject