პარლამენტმა ჰომოფობიურ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ევროკავშირმა გადაწყვეტილება დაგმო
ჰომოფობიური კანონპროექტი
პარლამენტმა მეორე მოსმენით ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განხილვასა და კენჭისყრას არ დაესწრო ოპოზიცია.
კანონპროექტს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის.
“ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული.
ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ყოველწლიურად ეძლევა.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს. ასეთი პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.
ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს“, – ნათქვამია პიტერ სტანოს განცხადებაში.
რა წერია კანონპროექტში
● ქართულ ოცნებას სურს კანონში ჩაწეროს, რომ დაუშვებელია ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც არ იქნება კავშირი ქალს და კაცს შორის. ასევე, ქვიარ ადამიანებს არ შეეძლებათ არასრულწლოვანის შვილად აყვანა. აღსანიშნავია, რომ ამ ორი უფლებით საქართველოში ქვიარები ვერც ახლა სარგებლობენ, რადგან კანონი ისედაც აწესებს შეზღუდვებს.
● გარდა ამისა, ცვლილებები კიდევ უფრო აუარესებს ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს, რადგან ზღუდავს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას, ტრანზიციას (სქესის შეცვლის პროცედურას), ასევე, ზღუდავს პირადობის დამადასტურებენ დოკუმენტებში გენდერული იდენტობის შესაბამისი სქესის ჩანაწერას.
● ცვლილებები ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასაც. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დაუშვებელი იქნება საგანამანათლებო დაწესებულებაში ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, “რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის, ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ”.
● ამასთან, დაუშვებელი იქნება ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ტელევიზიების მხრიდანაც. სავარაუდოდ, აქ იგულისხმება ფილმებიდან კონკრეტული სცენების ამოჭრა ან მათი დაფარვა.
● კანონის მიღების შემთხვევაში, აიკრძალება საჯარო შეკრება და მანიფესტაციაც, “რომელიც მიმართული არის ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის, ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ”.
აღნიშნული კანონპროექტით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ “ოჯახური ღირებულებების დაცვა” სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ.