გურული და რაჭველი ახალგაზრდები მდინარეების სისუფთავისთვის - გარემოსდაცვითი აქტივიზმი ოზურგეთსა და ამბროლაურში
მდინარეების დაბინძურება
„შენი ყოველი დაუფიქრებელი ნაბიჯი დინებას ბოლოს მაინც შენთან მოაქვს”, “ნარჩენები სანაგვე ყუთებისთვისაა და არა მდინარეებისთვის”, – ბანერები, მსგავსი წარწერებით, ოზურგეთისა და ამბროლაურის მდინარეებთან შეგხვდებათ.
ბანერებზე QR კოდებიცაა. ამ კოდებს კონკრეტულ მდინარეზე გადაღებულ მოკლე ვიდეოზე გადაჰყავხართ. ვიდეოები მდინარის დაბინძურების ხარისხის შესახებ გიყვებათ. ბანერების მიზანი მდინარეების დაბინძურებისგან დაცვაა.
მდინარეების დაბინძურება
კლიმატის ცვლილების ეპოქაში მდინარეების დაბინძურება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ეს ძალიან ბევრ რამეზე ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას. გარდა სასმელი წყლით მომარაგებისა, მდინარეები და ტბები წარმოქმნის საკვებს მილიონობით ცოცხალი ორგანიზმისთვის, მათ შორის, ადამიანებისთვის. ამიტომ, მათი დაცვა და მოფრთხილება პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
დღეისათვის მდგომარეობა ამ მხრივ არცთუ სახარბიელოა. მაგალითად, 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ევროპაში მდინარებისა და ტბების თითქმის 60 პროცენტი მეტ-ნაკლებად დაბინძურებულია.
სიტუაცია კიდევ უფრო რთულია საქართველოს მსგავს ქვეყნებში, სადაც ნარჩენების მართვა ჯერ კიდევ სერიოზულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ნაკლებია ცნობიერების ამაღლების კამპანიებიც.
ასეთ ქვეყნებში, და მათ შორის, საქართველოშიც, ხშირად ნახავთ მდინარის პირას დაყრილ, ან სულაც, პირდაპირ მდინარეში ჩაყრილ პოლიეთილენის პარკებს, პლასტმასის ბოთლებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
ყოველწლიურად, სექტემბრის მეოთხე კვირას, მსოფლიოში მდინარეების დღე აღინიშნება. ამ დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ. თუმცა, უმეტესად, ეს მხოლოდ მდინარეების დასუფთავების ერთჯერად აქტივობაში გამოიხატება და არ აქვს განგრძობითი ხასიათი, მაშინ, როცა მთავარი ამოცანა ინფორმაციის მუდმივი მიწოდება და ადამიანების ქცევის ცვლილება უნდა იყოს.
როგორ დაიწყო ყველაფერი
ოზურგეთისა და ამბროლაურის მდინარეებთან დადგმული გამაფრთხილებელი ბანერებისა და ვიდეოების ავტორები ამავე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდები არიან. ისინი შვიდი თვის განმავლობაში იკვლევდნენ მდინარეების დაბინძურებისა და ნარჩენების მართვის თემებს.
ინსპირაცია იყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი “საქართველოს კლიმატის პროგრამა” რომელსაც, რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ორგანიზაცია CENN ახორციელებს.
კლიმატის პროგრამის მცირე გრანტების კომპონენტის ფარგლებში გურიასა და რაჭა-ლეჩხუმში დაფინანსდა პროექტი სახელწოდებით – “სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა მდინარეების დაბინძურების შემცირებისათვის ოზურგეთის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში“.
პროექტის მიზანი იყო მდინარეების დასუფთავების და ზოგადად, ცნობიერების ამაღლების კამპანიას განგრძობითი ხასიათი ჰქონოდა. პროექტში ორი რეგიონიდან 40 ადამიანი იყო ჩართული.
თავდაპირველად ახალგაზრდებმა კლიმატის ცვლილების საკითხებზე თემატური ტრენინგები გაიარეს.
ამ შეხვედრებზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, მისი გამომწვევი მიზეზები, შემარბილებელი ღონისძიებები, ცვლილებებთან ეფექტური ადაპტაცია, წყლის რესურსების ეფექტური მართვა, განახლებადი ენერგიის წყაროები და აშ.
შემდეგ მათ ჯერ საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებული მდინარეების მდგომარეობა შეისწავლეს, შემდეგ კი ცნობიერების ამაღლების კამპანიები დაგეგმეს.
ეს კამპანიები მოიცავდა საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე, სლოგანების მოფიქრებას და საინფორმაციო ვიდეორგოლების შექმნას.
ჯამში, ორივე რეგიონში ახალგაზრდებმა 40 საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და 500-ზე მეტ ახალგაზრდას გაუზიარეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილებასა და მდინარეების დაბინძურების შესახებ.
ციფრული ტექნოლოგიები მდინარეების დაცვისთვის
პროექტის კოორდინატორი, ნათია გიგიაძე, რომელიც ოზურგეთში სტუდენტურ-ახალგაზრდულ სათათბიროს ხელმძღვანელობს, გვიყვება, რომ მონაწილეების უმეტესობა 14-18 წლის მოზარდები იყვნენ. ყველაზე დიდი სურვილი და მოტივაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოიკვეთა. თუმცა, იყვნენ უფრო დიდი ასაკის მონაწილეებიც.
თავდაპირველად ახალგაზრდებმა მდინარეებზე ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს, – მოიძიეს ჩანაწერები, თქმულებები, დაათვალიერეს მდინარეების სათავეები და სანაპიროები.
ნათია ამბობს, რომ რადგან სკოლებში გარემოსდაცვითი საკითხები ასე ღრმად არ ისწავლება, ახალგაზრდებში თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მაგალითად, ახსოვს, როგორ გაუკვირდათ მონაწილეებს, როცა ახალი ტანსაცმლის წარმოების პროცესს გაეცნენ და გაიგეს, თუ რამდენი წყალი იხარჯება ამ დროს:
“ძალიან შეწუხდნენ. ბევრმა თქვა, რომ შეეცდება მეორადი ტანსაცმელი მოიხმაროს. ეს დასაწყისია. ვფიქრობ, რომ ასეთი ინფორმაციები ნელ-ნელა შეცვლის ადამიანების ქცევას“.
16 წლის ნინი მეგრელიძე პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა.
“შენი ყოველი დაუფიქრებელი ნაბიჯი დინებას ბოლოს მაინც შენთან მოაქვს”, – ეს სლოგანი რომელიც გამარჯვებულებს შორის მოხვდა, ნინის ეკუთვნის.
იგი გვიყვება, რომ მუშაობისა და კვლევის პროცესში რამდენიმე ახალი მდინარეც აღმოაჩინეს, ისეთი, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი იცოდნენ: “ძალიან სახალისო და საინტერესო პროცესი იყო“.
ინფორმაციის მოძიების შემდეგი ეტაპი ვიდეოების გადაღება იყო. ციფრული ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების ეპოქაში, ეს საუკეთესო გზა იქნებოდა ამბის ბევრ ადამიანამდე მისატანად.
ეს ერთ-ერთია ახალგაზრდების მიერ მომზადებული ვიდეოებიდან, რომელზეც QR კოდი გადაგიყვანთ. ამ ვიდეოს ავტორები გურიის მდინარე ღორაზე ჰყვებიან. ვიდეო: Student-Youth Council
ვიდეოების გადაღებამდე ახალგაზრდები სპეციალურ ონლაინ ვორქშოფსაც დაესწრნენ. დანიური პარტნიორი ორგანიზაციის, Soleil Film-ის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს აუხსნა, როგორ მოემზადებინათ ე.წ. ჯიბის ფილმები, ანუ ტელეფონით გადაღებული მოკლე ვიდეოები, რომელიც მიმართულია საზოგადოებისთვის საინტერესო, პრობლემატურ საკითხებზე. რაზე გაეკეთებინათ აქცენტები, რომელი სამონტაჟო პროგრამები გამოეყენებინათ და აშ.
„ჩვენი მიზანი იყო დაგვეფიქსირებინა, რომელი ადგილი იყო ტურისტულად მომხიბლავი და სად შეიძლებოდა ადამიანებს გაეტარებინათ კარგი დრო. იდგა თუ არა მდინარეებთან ნაგვის ურნები და რამდენად დაბინძურებული იყო მათი მიმდებარე ტერიტორია“, – გვიყვება ნინი.
მდინარე ლუხუნი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, რაჭა. ვიდეო: Student-Youth Council
„გვინდოდა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დაგვეგეგმა ისეთი რამ, რაც მოსახლეობაში ცნობიერებას აამაღლებდა და ქცევის შეცვლას შეუწყობდა ხელს“, – ამბობს ნათია.
მისი დაკვირვებით, ადგილობრივი თვითმმართველობები მდინარეების სისუფთავის დაცვისას, ძირითადად ერთჯერადი აქტივობებით შემოიფარგლებიან და პროცესი ბოლომდე არ მიჰყავთ. მაგალითად, რამდენიმე ადგილზე დადგეს კონტეინერები, მაგრამ მოსახლეობას არ მიაწოდეს სათანადო ინფორმაცია, რომ აუცილებელია ნარჩენები იქ ჩაყარონ და არ დატოვონ მიმდებარედ:
“ არ ხდება კონტროლი. რაღაც კეთდება, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს, განგრძობით დროში ისევ იგივე მეორდება“, – გვეუბნება ნათია.
ამიტომ გადაწყდა, რომ მდინარეებთან გამაფრთხილებელი ბანერები დაედგათ.
სლოგანების კონკურსი
29 წლის სალომე აბუთიძე, ამბროლაურიდან, პროექტის კიდევ ერთი მონაწილეა. სალომე პროფესიით განათლების ადმინისტრირების სპეციალისტია. მაგრამ, გარემოს დაცვის საკითხებით ბავშვობიდანა დაინტერესებული.
- ხის ნარჩენების ახალი სიცოცხლე – როგორ ეხმარება CENN სოციალურ და მწვანე მეწარმეებს
- ბიოდეგრადირებადი ხელსახოცები ნინოწმინდიდან – როგორ მართავს 30 წლის ქალი საოჯახო ბიზნესს
პროექტში ჩართვის მიზანიც სწორედ მისი ეს ინტერესი იყო.
“დაიცავი დედამიწა, დაიცავი შენი მომავალი”- ეს არის სლოგანი, რომელიც სალომეს ეკუთვნის და გამარჯვებულებს შორის მოხვდა.
„ამბროლაურში ორი დიდი მდინარეა, კრიხულა და რიცეულა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდინარეები მეტ-ნაკლებად სუფთად ითვლება, სანაპიროებზე არის კონკრეტული ადგილები, სადაც ხშირად ტოვებენ ნაგავს. ეს ძალიან აბინძურებს მიმდებარე ტერიტორიას და ზოგჯერ მდინარეშიც ხვდება ეს ნარჩენები”,- ამბობს სალომე.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან აქტიური საინფორმაციო კამპანიები გარემოს დაცვის საკითხებზე ძალიან იშვიათია. თუ მსგავსი აქტივობები მოეწყო, ისევ სხვადასხვა საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების მუშაობის შედეგად. ამიტომ, ფიქრობს, რომ ახალგაზრდების ჩართვა მსგავს პროცესებში ძალიან ეფექტიანია:
“სკოლის მოსწავლეებს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები ჰქონდათ. ჩანდა, რომ მათ ბევრი იფიქრეს ამ თემაზე და კარგად იმუშავეს. მგონია, რომ შემდეგში ერთმანეთს მაინც მიუთითებენ ხოლმე, თუ რამე არასწორად გააკეთეს. ვფიქრობ ამას, პოზიტიური შედეგი უნდა ჰქონდეს მომავალში“.
პროექტი დასრულდა. თუმცა, აქტივობები და ინფორმაციის გაცვლა გრძელდება.
ოზურგეთისა და ამბროლაურის მდინარეებთან თუ მოხვდებით, დღესაც ნახავთ ახალგაზრდების მიერ მომზადებულ საინფორმაციო გზამკვლევებს. ზოგან, შესაძლოა, სანაპიროს დასუფთავების მიზნით შეკრებილი ჯგუფიც კი დაგხვდეთ.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
მდინარეების დაბინძურება