"ევროკავშირის გადაწყვეტილებები ახალ პერსპექტივებს უხსნის სომხეთს“ - კომენტარი ერევნიდან
ევროკავშირის გადაწყვეტილებები სომხეთთან დაკავშირებით
ევროკავშირის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს სხდომაზე სომხეთთან დაკავშირებით ერთდროულად ორი გადაწყვეტილება დამტკიცდა. კერძოდ, ევროკავშირი ქვეყანას 10 მილიონ ევროს გადასცემს ევროპის მშვიდობის ფონდიდან, ხოლო ევროკომისია სომხეთთან დიალოგს დაიწყებს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. ერევანი მიესალმა ამ გადაწყვეტილებებს – ქვეყნის ხელისუფლებამ მათ “ისტორიული” უწოდა.
“სომხეთის ევროინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით, ეს არის გადამწყვეტი ინიციატივები, რომლებიც ამაღლებს ურთიერთობებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის თვისობრივად ახალ დონეზე“, – განაცხადა არმან იეგოიანმა, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ.
“ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილებები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სომხეთისთვის და ქმნის ახალ პერსპექტივებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის”, – ამბობს პოლიტოლოგი დავით სტეფანიანი.
- “ერევანს შეუძლია მეტი მიიღოს“ – სომხეთისა და საფრანგეთის სამხედრო კონტრაქტების შესახებ
- “სომხეთი ევროკავშირის წევრობის პოტენციური კანდიდატია” – მოსაზრება ერევნიდან
დამატებითი დეტალები ევროკავშირის გადაწყვეტილებების შესახებ
ევროპის მშვიდობის ფონდიდან გათვალისწინებული თანხით სომხეთში ერთი ბატალიონისთვის მოდულური საველე ბანაკი შეიქმნება. დახმარება ასევე მოიცავს სამედიცინო ამბულატორიას.
ევროპის სამშვიდობო ფონდი 2021 წელს შეიქმნა. ეს არის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ბრიუსელი აწვდის სახსრებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, რათა გააუმჯობესონ თავიანთი თავდაცვის შესაძლებლობები, თავიდან აიცილონ კონფლიქტები და ხელი შეუწყონ მშვიდობას. ამ მექანიზმის მეშვეობით ევროკავშირი მანამდე უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას უჭერდა მხარს.
ბრიუსელის გზავნილში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ამ თანხით აპირებს სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობების გაზრდას და კრიზისულ სიტუაციებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას.
რაც შეეხება დიალოგს ვიზალიბერალიზაციაზე, ის გულისხმობს რეფორმების დიდ ფენას, რომელიც მოუწევს სომხეთის ხელისუფლებას სხვადასხვა მიმართულებით გაატაროს. ჯერჯერობით ერევანს არ მიუღია ეს სამოქმედო გეგმა – მას ჩვეულებრივ ავითარებს ევროკომისია. მოსალოდნელია, რომ სომხეთი მოთხოვნათა სიას მიიღებს 2024 წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში.
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დააკმაყოფილებს ყველა საჭირო კრიტერიუმს. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს არის შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესი.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა გააფართოოს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობა სომხეთთან და გააძლიეროს ურთიერთობები ყველა სფეროში.
ეს ასევე გულისხმობს დიალოგის და თანამშრომლობის გააქტიურებას უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში.
“მნიშვნელოვანი პარტნიორობის ეტაპი”
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის გადაწყვეტილებები პარტნიორობის მნიშვნელოვან ეტაპად შეაფასა. არარატ მირზოიანის თქმით, ევროკავშირთან თანამშრომლობა ღრმავდება, მისი თქმით, თანამშრომლობა ღრმავდება საერთო ღირებულებებისა და პრინციპების მეშვეობით.
”ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს სომხეთის მხარდასაჭერად ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში და დიალოგის დასაწყებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ,” – თქვა მან.
თავდაცვის მინისტრმა სურენ ფაფიკიანმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას პირადად:
“ეს არის სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთნდობაზე და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის შედეგი. ის მიზნად ისახავს სომხეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალ ბიძგს მისცემს ევროკავშირის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას“.
კომენტარი
პოლიტოლოგი დავით სტეფანიანი არ მიიჩნევს სომხეთის თავდაცვის ხარჯებისთვის 10 მილიონი ევროს გამოყოფას “გადამწყვეტ გადაწყვეტილებად“. თუმცა, ის ხაზს უსვამს, რომ პირველად, ევროპის მშვიდობის ფონდი მხარს უჭერს ქვეყანას, რომელიც არის რუსეთის ეგიდით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების სამხედრო ბლოკის წევრი:
“მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რისთვისაც სომხეთმა დიდი გზა გაიარა. ძალიან კარგი პერსპექტივები იხსნება ევროკავშირის დახმარებით სომხეთის თავდაცვის პროგრამებში და ზრდის ჩვენი ქვეყნის მდგრადობას.”
დავით სტეფანიანმა ასევე კომენტარი გააკეთა ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებაზე. მისი თქმით, სომხეთი ამ გადაწყვეტილებას დიდი ხანი ელოდა.
ახლა, მისი აზრით, პროცესი დაჩქარდება: უვიზო რეჟიმი დაწესდება უახლოეს მომავალში – მაქსიმუმ ორ წელიწადში:
“სომხეთისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდება, თუ ევროკავშირთან დაახლოებისკენ მიმართული ჩვენს პოლიტიკაში ცვლილებები არ მოხდება.”
მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც პოლიტოლოგი ამბობს, აახლოებს სომხეთს ევროპასთან:
“ეს გზა გრძელი და რთულია, მაგრამ სომხეთს ალტერნატივა არ აქვს. ის უნდა წავიდეს ევროკავშირისკენ და გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“.
სტეფანიანი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებასაც შეეხო. ეს ინიციატივა ოთხმა არასაპარლამენტო პოლიტიკურმა ძალამ წამოაყენა. მათ უკვე გამართეს თავიანთი წინადადების განხილვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, პოლიტიკოსებთან და პოლიტოლოგებთან. მოსმენები პარლამენტშიც გაიმართა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები მმართველი გუნდისგან ჯერ არ მიუღიათ. ახლა ისინი აპირებენ ხელმოწერების შეგროვებას.
სტეფანიანი თვლის, რომ რეფერენდუმის ჩატარების გარეშე სომხეთი ვერ შეძლებს “რეგიონში პოზიციონირებას, როგორც ევროინტეგრაციის პერსპექტივის მქონე ქვეყანა“.
ექსპერტი დარწმუნებულია:
“სომხეთში ადამიანების უმეტესობას ევროპაში სურს. ხალხი საკუთარ ქვეყანას დასავლური ღირებულებითი სისტემის ნაწილად ხედავს – ხალხი ხელისუფლებისგან სწორედ ამას მოელის და ითხოვს. თუ რეფერენდუმი ჩატარდება, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დადებითი შედეგი იქნება“.