საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიციირეს
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი
საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიციირეს. ამნისტიის პროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ინიციატორთა თქმით, ამნისტია 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლს მოიცავს. ასევე, 1/6-ით შემცირება 225 მუხლსაც შეეხება [მუხლი 225 – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა – ისჯება ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით, მასში მონაწილეობა – ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით].
მმართველი პარტიის კანონპროექტი
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ამნისტია არ შეეხებათ მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
“ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით, 7 000 პირს შეეხება, რაც ამნისტიის წინა პროგრამებთან შედარებით სიახლეს წარმოადგენს.
რაც შეეხება კანონის მიღების ვადებს, მისი პირველი მოსმენით მიღება რიგგარეშე სესიაზე იგეგმება”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
იხილეთ კანონპროექტი აქ
ოპოზიციის კანონპროექტი
ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 28 თებერვალს შეიტანა. კანონპროექტის ავტორია პარტია “გირჩი”, ხოლო პროექტის თანაავტორები არიან: “ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპელი სოციალისტები”, ალეკო ელისაშვილი, ხატია დეკანოიძე და ტარიელ ნაკაიძე.
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სასჯელი თითქმის ყველა პატიმარს შეუმცირდება გარდა იმ პირებისა, რომლებიც არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში არიან მსჯავრდადებულნი.
“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ აღნიშნული ამნისტია მათ შორის მიხეილ სააკაშვილს შეეხება. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ამნისტირება უნდა “დაივიწყონ.”
ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიასაც დაუშვებლად მიაჩნია, რომ სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებს ამნისტიის კანონპროექტით პასუხისმგებლობა მოეხსნათ. პარტია “საქართველოსთვის” წევრი ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ “თუ გადავხედავთ” ისტორიას და დღევანდელი დღით შევაფასებთ, “ჩვენთვის მიუღებელია” სამოხელეო დანაშაულებზე დათმობებზე წასვლა.
პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად:
- მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე სასჯელი უნდა შემცირდეს 1/4-ით.
- ნაკლებად მძიმე დანაშაულზე – განახევრდეს.
- ნარკოტიკულ და სამოხელეოზე – განახევრდეს.
- უვადო პატიმრობა გადაკვალიფიცირდეს 30 წლით.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:
დღეს საქართველო ევროპაში პატიმრების რაოდენობით “მოწინავეა”, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი უფრო “რეპრესიულია, ვიდრე საბჭოთა კანონმდებლობა”.