ცხინვალში ოპოზიციური პარტია "ერთიანი ოსეთი" უარს ამბობს ახალ პარლამენტში შესვლაზე
სამხრეთ ოსეთის ახალი პარლამენტი
ცხინვალის ახალარჩეულმა პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა. თუმცა, ოპოზიციური პარტია “ერთიანი ოსეთი”, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, სხდომას არ დასწრებია.
პარტიის წევრები ამბობენ, რომ ისინი არ შევლენ საკანონმდებლო ორგანოში იქამდე, ვიდრე 9 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ გადაიხედება.
უკმაყოფილო გამარჯვებული
ფაქტობრივად, „ერთიანმა ოსეთმა“ საპარლამენტო არჩევნები მოიგო, თუმცა, ოფიციალურ მონაცემებში სულ სხვა შედეგებია. პარტიაში გაყალბებეზე საუბრობენ.
„ხელისუფლებაში მყოფ პარტია “ნიხასს” ძალით მიყვანილმა და ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოყვანილმა „ამომრჩევლებმა“ მისცეს ხმა. მაგალითად, ლენინგორსკის რაიონში 500 ადამიანი ცხოვრობს, “ნიხასის” კანდიდატს კი რატომღაც 700 ხმა ჰქონდა. ვლადიკავკაზის უბანზე „კარუსელი” და სხვა გაყალბებები იყო. ჩვენ შევიტანეთ საჩივრები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაში, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია“, – ამბობს “ერთიანი ოსეთის” ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი.
მისი თქმით, ვიდრე მათი სარჩელები არ განიხილება, “ერთიანი ოსეთი” პარლამენტში არ შევა.
იმავდროულად, პარლამენტმა “ერთიანი ოსეთის” გარეშე, მაგრამ პრეზიდენტის ალან გაგლოევის მონაწილეობით, სხდომა უკვე გამართა. პარლამენტში ახალი სპიკერი და მისი მოადგილეები აირჩიეს.
პარლამენტის სპიკერი პარტია „ნიხასის“ პროტეჟე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ალან მარგიევი გახდა. პირველი ვიცე-სპიკერი კი ” ნიხასის” ხელმძღვანელი ზიტა ბესაევა გახდა.
დანარჩენი ორი ვიცე-სპიკერის სავარძელი კი პროსამთავრობო სახალხო პარტიისა და კომუნისტური პარტიის თავმჯდომარეებმა დაიკავეს.
ამ სამივე პარტიამ “ერთიან ოსეთთან” არჩევნები წააგო. “ნიხასმა” ხმების 30 პროცენტზე ცოტა მეტი აიღო, სახალხო პარტიამ 16 პროცენტზე მეტი, კომუნისტურმა პარტიამ ვერც კი მიიღო საჭირო შვიდი პროცენტი, მაგრამ ორი მანდატი პარლამენტში მაინც ერგო.
გაფუჭებული ბიულეტენები
ამ ვითარებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განხეთქილება გამოიწვია.
ცესკოს თავმჯდომარემ ემილია გაგიევამ შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა და უარი თქვა საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებულ შედეგებზე. მსგავს პოზიციას ინარჩუნებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვა წევრებიც. ისევე, როგორც “ერთიანი ოსეთი”. მათ მიაჩნიათ, რომ ხმების დათვლისას ყველა ბიულეტენი, მათ შორის გაბათილებულიც, უნდა დათვლილიყო.
საუბარია ვლადიკავკაზის (ჩრდილოეთი ოსეთი) საარჩევნო უბანზე, სადაც “ერთიანი ოსეთის” მონაცემებით 733 ბიულეტენი იყო გაფუჭებული და დაუთვლილი. ასევე, ცხინვალის ოთხ საარჩევნო უბანზე, სადაც დაფიქსირდა ამომრჩეველთა არყოფნა და არჩევნები არ ჩატარებულა.
თუმცა, ცესკოს მდივანმა ქრისტინა ავლოხოვამ და კომისიის სხვა წევრებმა დათვალეს მხოლოდ ის ბიულეტენები, რომლებიც აღიარებულ იქნა ქმედითად, რის შედეგადაც „ერთიანმა ოსეთმა“ და „ნიხასმა“ დაკარგეს თითო მანდატი: შვიდი მანდატის ნაცვლად, მათ მხოლოდ ექვსი მიიღეს.
პოლიტიკურ-მათემატიკური პრობლემა
ბევრმა ადამიანმა, მათ შორის მათ, ვისაც პოლიტიკასთან არაფერი აქვს საერთო, მაგრამ, კარგად იცის მათემატიკა, არჩევნების შედეგებში არსებულ შეცდომებსა და შეუსაბამობებზე გაამახვილა ყურადღება. მაგალითად, ასეთია სოსლან ტაბუევი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, რომელმაც ორჯერ გადაამოწმა ოფიციალური მონაცემები:
„ცესკოს მონაცემებით, კენჭისყრისთვის გაიცა 20 033 ბიულეტენი. საარჩევნო ყუთებში კი აღმოჩნდა – 22 983. ისმის კითხვა: საიდან გაჩნდა დამატებითი 2950 ბიულეტენი?”
მიუხედავად ამისა, არც სასამართლო და არც პარლამენტი, “ერთიანი ოსეთის” წარმომადგენლის ალან ტადტაევის ულტიმატუმს ჯერ არ პასუხობს. ტადტაევი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს “პოლიტიკური ასპარეზის შენარჩუნებას”.
”ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. პოლიტიკური ასპარეზი არ არის მხოლოდ პარლამენტის კედლები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ, აქ მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქეებმა მოგვცეს ხმა“.
ექსპერტების აზრით, ცხინვალში საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გაჭიანურებული დავები პოლიტიკურ კრიზისში გადაიზრდება.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო