"სულ სხვა აქცია". რა ხდებოდა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ მიტინგზე. რეპორტაჟი/ ფოტოები
რეპორტაჟი ხელისუფლების აქციიდან
კონტრაქცია, რომელიც 29 აპრილს ხელისუფლებამ პარლამენტის შენობის წინ გამართა, მასშტაბური გამოდგა. თუმცა, რადიკალურად განსხვავებული იმ საპროტესტო გამოსვლებისგან, რომლებიც რუსთაველის გამზირზე უკვე ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს და სადაც აგენტების შესახებ რუსულ კანონს აპროტესტებენ.
აგენტების კანონის მოწინააღმდეგეებმა 29 აპრილს პარლამენტის წინ აქცია არ გამართეს სწორედ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.
“ქართული ოცნების” აქციამდე ერთი დღით ადრე, 28 აპრილს რუსთაველზე მასშტაბური აქცია მოეწყო რუსული კანონის წინააღმდეგ.
30 აპრილს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ოპონენტების აქციაც უკვე დაანონსდა. ამ დღეს პარლამენტში დოკუმენტის მეორე მოსმენა იგეგმება.
ადამიანებმა აქციაზე შეკრება საღამოს 18:00 საათიდან დაიწყეს. რესპუბლიკის მოედანი, თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ტერიტორიები საპარკინგე ზონად იქცა – ავტობუსებიდან, სამარშრუტო ტაქსებიდან ხალხი ჩამოდიოდა და პარლამენტისკენ მიემართებოდა. აქციის მონაწილეთა მთავარ ბირთვს სწორედ რეგიონებიდან ჩამოყვანილები შეადგენდნენ. ხელისუფლებამ საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეებს აქციაზე დასწრება დაავალდებულა. ამის შესახებ ქართულ მედიაში არა ერთი რეპორტაჟი გავიდა. ესენი იყვნენ გამგეობებში, საკრებულოებში, სსიპ-ებსა და ააიპ-ებში, სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულები.
ხელისუფლების აქციას ერქვა: „ენა, მამული სარწმუნოება“. რუსთაველზე, ყოველ 50 მეტრში დიდი ეკრანები იყო დამონტაჟებული, რომ აქციაზე მისულებს ახლოდან ეყურებინათ და ესმინათ გამომსვლელებისთვის.
პოლიტიკოსების გამოსვლები 20:00 საათზე დაიწყო. სულ ბოლოს, სიტყვით გამოვიდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. რა ილაპარაკა მან, ამაზე ჯემნიუსს ცალკე მასალა აქვს.
სხვა საპროტესტო აქციებისგან თვალშისაცემი განსხვავება ის იყო, რომ თითქმის არავის ხელში არ ეჭირა პოსტერი ან პლაკატი, სადაც რაიმე ლოზუნგი ან მოთხოვნა იქნებოდა დაწერილი. ერთადერთი, ეკავათ პოსტერები ქალაქების დასახელებებით: ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, ოზურგეთი, ჩოხატაური… იმის დასტურად, რომ აქციაზე საქართველოს ყველა ქალაქიდან იყვნენ წარმომადგენლები.
განსხვავებული იყო ასევე ისიც, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ხალხის უზარმაზარ მასაში ევროკავშირის დროშები არ იყო. იყო მხოლოდ ორი დროშა, ისიც სცენაზე.
აქ არც ევროკავშირის ჰიმნი ჩაურთავთ, რომელიც ხელისუფლების ოპონენტების მიერ ორგანიზებული აქციების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
მომიტინგეთა საშუალო ასაკი აქ გაცილებით მაღალი იყო ვიდრე იმ აქციებზე, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებენ. იყვნენ ახალგაზრდებიც, თუმცა – დიდწილად პარტაქტივი – „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები. მათ ადვილად გამოარჩევდით აქტიურობით წინა რიგებში და მქუხარე ტაშით, რომელსაც სცენაზე გამომსვლელ “ქართული ოცნების” ლიდერებს უკრავდნენ.
თვალშისაცემი იყო ისიც, რომ შეკრებაზე არ იყვნენ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდები თანამედროვე ვარცხნილობებით და ჩაცმის თავისუფალი სტილით.
ყრილობის მონაწილეთა უმრავლესობა ერიდებოდა ჟურნალისტებთან საუბარს. კამერის დანახვისთანავე ისინი ბრუნდებოდნენ, რომ არ გამოჩენილიყვნენ კადრში.
ძალიან ცოტა მათგანი ასახელებდა აქციაზე ყოფნის მიზეზს და თითქმის არავის ჰქონდა მკაფიო პასუხი, თუ რატომ იყო აქციაზე.
ზოგი იმეორებდა “ოცნების” მესიჯბოქსს:
“ხელისუფლებამ ომი აგვარიდა და უნდა დავუფასოთ. ნაცები რომ ყოფილიყვნენ, ახლა ჩათრეულები ვიქნებოდით ომში,” – ამბობს მამაკაცი სენაკიდან, რომელმაც სახელი არ გვითხრა.
მათი ნაწილი კითხვებზე მოკლედ და ერთნაირად გვპასუხობდა: „ენა, მამული, სარწმუნოება“.
ზოგიერთი მოქალაქე ამბობდა, რომ ლგბტ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფება.
“ქალი და კაცი რომ უნდა იყოს ცოლ-ქმარი და არა კაცი და კაცი, მაგაზე მოვედი. რომ არ გაირყვნას ჩვენი ბავშვები და ეკლესიურები რომ ვიყოთ ყველანი,” – ამბობს ახალგაზრდა ქალი გურჯაანიდან.
იყვნენ ისეთები, ვინც ამბობდა, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობის კანონს, რადგან გამჭვირვალობა კარგია და უნდა ვიცოდეთ ქვეყანაში შემოსული ფული რას ხმარდება.
პარლამენტის წინ სცენა და მიმდებარე პერიმეტრი რკინის ჯებირებით იყო შემოსაზღვრული. მობილიზებული იყო ძალიან დიდი რაოდენობით დაცვა. ისინი არც გადამღებ ჯგუფებს, არც აქციის მონაწილეებს ჯებირის შიგნით გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
განსხვავებით “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებისგან, ოცნების აქციაზე არ ჩანდა ბევრი პოლიციელი, არ იყვნენ რობოკოპები და არ იდგა წყლის ჭავლის მანქანა.
განსაკუთრებული სიმჭიდროვე იყო სცენასთან ახლოს – ამ ნაწილში იდგნენ ყველაზე აქტიურები და ემოციურები. ტაშსაც თუ ვინმე უკრავდა, ძირითადად უკრავდა სცენასთან ახლოს მობილიზებული ხალხის მასაში. სიმჭიდროვის გამო ამ ნაწილში იყო უჰაერობა, რის გამოც არაერთი ადამიანი გახდა ცუდად.
სიხალვათე იყო ტროტუარებზე, ბორდიურებზე, გაზონებზე. აქციის მონაწილეები ასევე ისხდნენ ბორდიურებზე პარლამენტიდან მოშორებით – ქაშუეთის ტერიტორიაზე, ოპერასთან, რუსთაველის მეტროს მიმართულებით.
მთელი საქართველოდან შეკრებილი მოქალაქეების მცირე ნაწილმა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამდე დაიწყო წასვლა – გრძელი გზა ჰქონდათ თავიანთ რეგიონებამდე. დანარჩენები ივანიშვილის გამოსვლის დასრულებისთანავე, ისე გასაკვირად სწრაფად დაიშალნენ, თითქოს აორთქლდნენ.
ერთი ნაწილი თავისუფლების მოედნისკენ დაიძრა, მეორე – რესპუბლიკის მოედნისკენ, იმის მიხედვით, ვის სად ელოდებოდა ტრანსპორტი. გზად ისინი მსჯელობდნენ და ახსენებდნენ ერთმანეთს, ვინ სად უნდა მისულიყო და ვისთან სად უნდა ჩამოევლოთ.
რუსთაველის გამზირზე შინისაკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს ერთ-ერთი შენობიდან ხმამაღლა ასმენინებდნენ ჩანაწერს: “არა – რუსულ კანონს”, “არა – რუსულ მთავრობას”.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ხმა უწყვეტად ისმოდა მთელი აქციის განმავლობაში. ასევე კონტრაქციის მონაწილეებს ჩაურთეს საბჭოთა კავშირის დროინდელი სახალხო ყრილობებისთვის, ზეიმებისთვის დაწერილი სიმღერა “დიდება პარტიას”. აქციის მონაწილეების ნაწილი ამ დროს ვიდეოებს იღებდა, მეორე ნაწილი კი ილანძღებოდა და აგინებდა მათ ვინც მუსიკა ჩართო, ისროდნენ ბოთლებსაც.
აქცია დასრულდა, როგორც კი დამთავრდა ივანიშვილის გამოსვლა.
აქციის დასასრულს მთელი რუსთაველის გამზირიც, თავისუფლების მოედანიც სავსე იყო ათობით ათასი ლუდის, წვენის, წყლის ბოთლით, სიაგრეტის ნამწვებით, მზესუმზირის ნარჩენებით. ზოგ ადგილას ეყარა წყლის გაუხსნელი შეკვრებიც.