საქართველოს პრემიერმინისტრი აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს რუსულ კანონზე საჯარო დისკუსიას სთავაზობს
ირაკლი კობახიძე ელჩებს მიმართავს
საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძე აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს რუსულ კანონზე “საჯარო დისკუსიას” სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.
“ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ”, – აცხადებს კობახიძე.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული, თუმცა აქვე წერს, რომ უცხოელი დიპლომატები “განსაკუთრებით ინტენსიურად” ცდილობენ, შეითავსონ “კანონმდებლის” ფუნქცია:
“მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, ჩვენ მას გარკვეულწილად გაგებით შეგვიძლია მოვეკიდოთ. თუმცა, გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ.”
კობახიძე ამტკიცებს, რომ გასული დღეების განმავლობაში უცხოელი დიპლომატებისგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე გაჟღერებული კრიტიკული განცხადებები ყოველგვარ არგუმენტსა და დასაბუთებას მოკლებული იყო. მას ასევე მიაჩნია, რომ გამჭვირვალობა და საჯაროობა “მანკიერების თავიდან აცილების” საუკეთესო საშუალებაა.
“უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
● “პროპაგანდაა ის, თითქოს ერთი ბატონი მოვიშორეთ და მეორეს არ დავემონებით” – ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვა
● ოლაფ შოლცი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს საქართველო არ მიიღებს
● “ეს კანონი არ არის კარგი, ეს არ არის ევროპული, არ არის ამერიკული” – ევროკავშირის ელჩი
გამოხმაურება
საბა ბუაძე, პარტია “ლელო”: “ასეთი რაღაც საერთოდ საერთაშორისო ურთიერთობებში ვინმეს თუ უნახავს, ასეთი ფინაჩობა და მეჯღანეობა, ასეთი ტოტალური უცოდინარობა საერთაშორისო ურთიერთობების. როგორც ჩანს, ივანიშვილს თავისი ბუტკის ტრანზაქცია ჰგონია სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა და ჰგონია, რომ ასეთი შეთავაზებები შეიძლება გააკეთოს. შემდეგი რა იქნება? ჭორვილაში, სოფლის მოედანზე კობახიძე და ელჩები ერთმანეთს დაეჭიდებიან ტატამზე? ეს მსგავსი ტიპის შეთავაზება არის.”
შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი: “დიპლომატიური ტრადიცია ამჟამინდელი ფორმით, 30-წლიანი ომის შემდეგ, 1648 წლიდან იღებს სათავეს და ამ ხნის განმავლობაში, 2024 წლის 15 აპრილამდე, საჯარო დებატებში უცხოელი ელჩები არც ერთი ქვეყნის მთავრობას არ გამოუწვევია. კობახ, ბრატ, ეგ ელჩებია თუ ვნ ჩემი ისინია, ქურდებთან რო აიყვანო?”
ვახო სანაია, ჟურნალისტი: “ესენი მალე ელჩებისთვის წამლის ჩადებას და დაჭერას დაიწყებენ.”
გია ხუხაშვილი, ანალიტიკოსი: “დიპლომატებთან კანონზე საჯარო დისკუსიის შეთავაზება მხოლოდ ფსიქიატრიულის პაციენტს შეუძლია… მე მგონი უკვე იმ დაწესებულებაში ვიმყოფებით…”
ანა ნაცვლიშვილი, პარტია “ლელო”: “მეგობრებს დებატებში არ იწვევენ – ხვალ არის კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით.”
ბექა ლილუაშვილი, პარტია “საქართველოსთვის”: “ვერშემდგარი პრემიერი გასულია ადეკვატურობის სივრციდან. კაცი, რომელმაც ერთი ადამიანი, ვერც ქვეყნის გარეთ, ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც პირველ ჯერზე, ვერც მეორე ჯერზე, ვერ დაარწმუნა იმაში, რომ ის არ აკეთებს რუსული ინტერესების შესაბამის საქმეს, რომ ის არ ახდენს რუსული კანონის მიღებას, ახლა გამოდის და ამ პროცესში ცდილობს, შემოიყვანოს პირდაპირ, არა მხოლოდ კანონის დონეზე გამოაცხადოს ევროკავშირი მტრად, არამედ შემოიყვანოს დაპირისპირებულ მხარედ – საქართველოს ინტერესების შემლახველ მხარედ გამოიყვანოს და გააფორმოს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ოფიციალური წარმომადგენლები.”
● Freedom House: საქართველო ყალიბდება ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად
● Politico: ევროკომისიამ საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდა
● 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” მმართველი პარტია რუსულ კანონს ხელახლა აინიციირებს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
● ხელისუფლების მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. თუმცა, ამ არგუმენტის არც დამოუკიდებელ ექსპერტებს, არც ოპოზიციას და არც სამოქალაქო საზოგადოებას არ სჯერა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამგვარად “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ცდილობს და ნიადაგს იმზადებს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა ალტერნატიული აზრი ქვეყანაში ჩაახშოს.
● ერთხელ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონი საქართველოს მმართველმა პარტიამ უკვე დააინიციირა ზუსტად ერთი წლის წინ – გასული წლის მარტში. მაშინ კანონი პირველი მოსმენით პარლამენტში მიიღეს კიდეც, თუმცა “ოცნება” იძულებული გახდა კანონი გაეწვია, რადგან თბილისი მრავალათასიანმა პროტესტმა მოიცვა. ათასობით ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდა აღნიშნული კანონის მიღებას, რომელსაც საქართველოში “რუსული კანონი” უწოდეს, რადგან იგი რუსეთში მიღებული კანონის ანალოგია.