ექვსი კილომეტრი ყოველ დღე ფეხით. ტყიბულში კვლავ მეშახტეების გაფიცვაა
ორასზე მეტი მეშახტეა გაფიცული ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტზე.
ისინი კვლავ მძიმე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
როგორც მეშახტეები ამბობენ, სხვა პრობლემებს ბოლო ერთი კვირაა დაემატა ისიც, რომ გაფუჭდა ელმავალი, რომლითაც მეშახტეები გვირაბში, სამუშაო წერტილამდე გადაადგილდებოდნენ. ამის გამო ისინი ყოველ დღე ექვს კილომეტრს ფეხით გადიან.
“სამუშაო ადგილამდე გვაქვს მისასვლელად სამი კილომეტრი. სამიც იქიდან. არა ელმავალი და არაფერი. ტალახში, წყალში დადის ხალხი და იმის [ელმავლის] გაკეთებც არ უნდათ. ერთი კვირა ვიარეთ და რამდენ ხანს შეძლებს ადამიანი ექვსი კილომეტრის ფეხით სიარულს?!“ – უთხრა “რადიო თავისუფლებას” ძიძიგურის შახტის ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა ირაკლი ჩიხლაძემ.
• ტყიბული – სიკვდილს შეგუებული ქალაქი
მეშახტეების თქმით, ძიძიგურის სახელობის შახტში ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ უნდა გამოეცვალათ ბაგირი, რომლითაც მეშახტეები სამასი მეტრის სიღრმეში ჩადიან, თუმცა ის ამ დრომდე არ შეუცვლიათ. ნაცვლად ამისა, ადმინისტრაცია მათ სთავაზობს ძიძიგურის შახტში მინდელის შახტის გვირაბიდან იარონ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მანძილს და დროს.
გაფიცულები ეჭვობენ, რომ შახტების მფლობელი ახალი კომპანია, რომელიც აქ გასული წლის შემოდგომაზე გამოჩნდა, განგებ ართულებს საქმეს, რადგან აპირებს სამუშაო ადგილების შემცირებას.
მეშახტეთა პროფკავშირის წარმომადგენელმა, გაგა ისაკაძემ “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ ეჭვს აძლიერებს ის, რომ ბაგირის შესაცვლელად კომპანია თვეზე მეტს ითხოვს, მაშინ როცა ადრე ამავე საქმეს კვირაზე ნაკლები სჭირდებოდა.
თუმცა, ამ ვერსიას უარყოფს ადმინისტრაცია. გაფიცული მეშახტეების წარმომადგენელთან, გაგა ისაკაძესთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არათუ სამუშაო ადგილების შემცირებას არ აპირებენ, არამედ უსაფრთხოების ნორმების სრულყოფის შემდეგ ქვანახშირის მოპოვებას 1 200 000 ტონამდე გაზრდიან და, გრძელვადიან პერსპექტივაში, ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობასაც გეგმავენ.
ამ დაპირებებს არ სჯერათ მეშახტეებს. ისინი გარანტიებს ითხოვენ.
ძიძიგურის შახტის თანამშრომლები ბოლოს გასული წლის სექტემბერში გაიფიცნენ – მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გამოსწორება და ხელფასების დავალიანების მიღება იყო. მაშინ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, ტყიბულში პირადად ჩავიდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მეშახტეებს პრობლემების მოგვარებას დაპირდა. თურნავა გაფიცულ მუშებსაც შეხვდა და ადმინისტრაციასაც.
„მივაღწიეთ ძალიან დადებით შედეგს… მეშახტეების გაფიცვა შეწყდა. ინვესტორი კომპანია, რომელიც ტყიბულში შემოდის, მეშახტეებთან ერთად დაიწყებს შახტაში ჩასვლას და არსებული ვითარების შესწავლას“ – აცხადებდა მაშინ თურნავა ჟურნალისტებთან.
მინისტრის ვიზიტიდან ხუთი თვე გავიდა:
“მას შემდეგ ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა”, – ამბობენ დღეს გაფიცული თანამშრომლები.
მათი თქმით, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, სწორედ მას შემდეგ, რაც რაც ძიძიგურის სახელობის შახტაში ახალი ინვესტორი შემოვიდა, რომელზეც მინისტრი საუბრობდა.
„ექვს მილიონზე იყო, თუ არ ვცდები, საუბარი [ინვესტიცია, რომელიც ახალ ინვესტორს უნდა ჩაედო]. ექვსი ლარიც არ აქვთ ჩადებული,” – აღნიშნავს ჩიხლაძე.
ახალი ინვესტორი, რომელზეც მეშახტე საუბრობს Steel International trade company-ია. სწორედ ამ უკრაინულ-ქართულ ბიზნესჯგუფს გადასცა “საქნახშირის” აქტივები საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა (GIG), რომელიც მანამდე “საქნახშირს” 12 წლის განმავლობაში ფლობდა.
ცნობილია, რომ “საქნახშირის” ახალი ინვესტორი ქართული ბიზნესჯგუფია, რომლის მფლობელიც უკრაინული წარმოშობის ბიზნესმენები არიან და უკრაინაში ქვანახშირის შახტებს ფლობენ.
• საქართველოში, სადაც შრომითი უსაფრთხოების პრობლემა მრავალი მსხვერპლის მიუხედავად, აქტუალობას დღემდე ინარჩუნებს, მეშახტეობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და სახიფათო პროფესიაა. თუმცა ტყიბულის მცხოვრებლებისთვის, ეს ოჯახების შენახვის უალტერნატივო გზაა.
• მხოლოდ 2018 წელს საქართველოში შახტში უბედური შემთხვევების შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა.
• 2018 წლის ივლისში ტყიბულის შახტები საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით დაიხურა. შახტებმა მუშაობა არასრული დატვირთვით 2019 წლის ოქტომბრიდან განაახლეს. პრემიერის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოთხი მაღაროელის დაღუპვა.
• ტყიბულში, მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებში სულ 1400 ადამიანი მუშაობს.
• “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ინფორმაციით, ტყიბულის ტერიტორიაზე ნახშირის რეზერვების მოცულობა შეადგენს 331 მილიონ ტონას.
ფოტო: დავით მძინარიშვილი/REUTERS