სკანდალი: საქართველოზე კიბერშეტევის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვა დგას. და ეს პირველი შემთხვევა არ არის
მასშტაბური კიბერშეტევის უკან, რომლის დროსაც საქართველოს სამთავრობო საიტები, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდი გაიტეხა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (გრუ) დგას.
“ჩვენს მიერ ეს კიბერშეტევა აღიქმება როგორც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმა,” – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
ცნობილია გრუ-ს კონკრეტული ქვედანაყოფიც, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ იმუშავა: ეს არის რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური ტექნოლოგიების მთავარი ცენტრი (GTsST), რომელიც კიბერსივრცეში ცნობილია „ქვედანაყოფი 74455“-ის და ასევე „ჭიაყელას“ სახელით.
ეს სკანდალური ინფორმაცია 20 თებერვალს ერთმანეთის მიყოლებით გაავრცელეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიდი ბრიტანეთისა და აშშ საელჩოებმა.
შემთხვევა იმდენად რეზონანსულია, რომ მას პერსონალურად გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ასევე გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკ რააბი.
2019 წლის 28 ოქტომბერს დილიდან საქართველოში მრავალი ასეული ვებ-გვერდი გაითიშა.
კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური საიტიც. ასევე სასამართლოების, საკრებულოების, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდები.
ჰაკერული თავდასხმის შედეგად დროებით მაუწყებლობის შეჩერება მოუწია ტელეკომპანია “იმედსა” და “მაესტროს”. ჰოლდინგმა თავდასხმის შედეგად სოლიდური ფინანსური და ტექნიკური ზარალი მიიღო.
ყველგან ერთი და იგივე ხელწერა იყო:
პარალიზებულ საიტებზე ჩანდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით I’ll be back, „მე დავბრუნდები“.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უკვე დაზუსტებით დადგენილია, რომ თავდასხმა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, გამოძიება ქართულმა მხარემ გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ჩაატარა.
“აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას”, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
რუსეთის ბრალეულობას ადასტურებს ბრიტანული მხარეც.
„გრუ“ – რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური – პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე”,- ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებაში ჩართული იყო გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი (NCSC), რომელმაც დაადგინა, რომ “ძალიან დიდი ალბათობით (95 % +) “გრუ” პასუხისმგებელია საქართველოში კიბერშეტევებზე”.
„ეს კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გაერთიანებული სამეფო მკაფიოა იმაში, რომ „გრუ“-ს მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან.
საელჩო პირობას დებს საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დაუჭერს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში.
“ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“,- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
„ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვგმობთ ქართველი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ტვიტერზე.
We stand with #Georgia in condemning Russia’s cyber attack against its people and institutions. Russia must immediately cease this behavior in Georgia and elsewhere. The stability of #cyberspace depends on the responsible behavior of all nations. https://t.co/4RnWrSOlBp
— Secretary Pompeo (@SecPompeo) February 20, 2020
რუსეთის კიბერთავდასხმების ისტორია საქართველოზე
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი საქართველოს კიბერ-სივრცეს ესხმის თავს.
მეტიც, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც რუსეთის მხრიდან მასობრივი კიბერშეტევის სამიზნე გახდა. ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის მწვავე ფაზის პარალელურად.
2008 წლის 8 აგვისტოს თავდასხმის სამიზნე გახდა საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის საიტები, აგრეთვე, საინფორმაციო პორტალები და არაქართული, მაგრამ საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი ახალი ამბების საიტები (მაგალითად, kasparov.ru) და ფორუმები. 9 აგვისტოს განხორციელდა შეტევა TBC ბანკზე, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს უმსხვილეს კომერციულ ბანკს წარმოადგენდა. 11 აგვისტოს უკვე აღარ ფუნქციონირებდა არც ერთი სამთავრობო საიტი. პრეზიდენტის საიტზე განხორციელდა defacement-შეტევა და იქ განთავსდა ფაშისტური სიმბოლიკა და პრეზიდენტ სააკაშვილის ჰიტლერთან გამაიგივებელი ფოტოები. ამავე ტიპის შეტევა მოხდა ეროვნული ბანკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდებზე, სადაც გამოქვეყნდა მე-20 საუკუნის დიქტატორების ფოტოები.
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს წარმოებულ ჰაკერულ ომს რუსულმა გამოცემა “მედუზამ” რამდენიმე წლის წინ ვრცელი გამოძიება მიუძღვნა.
გამოცემა წერს, რომ სწორედ საქართველოში წარმოებული ჰაკერული თავდასხმების შემდეგ დაიწყეს რუსეთის სპეცსამსახურებმა პატრიოტულად განწყობილ ჰაკერებთან თანამშრომლობა. მას შემდეგ მათ აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ტიპის სამუშაოში – ზოგჯერ იძულებით, ზოგჯერ ნებაყოფლობით. საქართველოში აპრობირებული სქემით მოქმედებდნენ რუსული სპეცსამსახურები, როდესაც 2016 წელს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერები გატეხეს. ამ შემთხვევაშიც სწორედ ფრილანსერი პატრიოტი-ჰაკერები ჰყავდათ ჩართული.
გამოცემა წერს, რომ Dos თავდასხმები საქართველოს სამთავრობო საიტებზე რუსეთმა ომამდე ორი კვირით ადრე დაიწყო, როდესაც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ვითარება თანდათან მწვავდებოდა.
“მედუზა” წერს, რომ ომის დღეებში საქართველოს მთავრობის საიტებზე პირველი ჰაკერული თავდასხმა ხაბაროვსკელმა ჰაკერმა ლეონიდ სტოიკოვმა დაიწყო. თავდაპირველად იგი საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა – უყურა რუსულ ტელევიზიებს და გადაწყვიტა სამშობლოს დახმარებოდა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
“მედუზასთან” ინტერვიუში სტოიკოვი, იგივე R0id, ამბობს რომ სწორედ მან გატეხა საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი და იქ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო განათავსა ჰიტლერის ფოტოსთან ერთად მინაწერით: ისიც ასე დაამთავრებს.
9 აგვისტოს რუსმა პატრიოტულად განწყობილმა ჰაკერებმა სპეციალური ვებ-გვერდი შექმნეს სახელწოდებით Stopgeorgia.ru.
იქ ისინი წერდნენ რჩევებს სხვა რუსი ჰაკერებისთვის – თუ რომელ ქართულ საიტებზე უნდა მიეტანათ იერიში, დებდნენ ლინკებს საჭირო პროგრამებზე.
ამ საიტზე ოცდაათამდე ჰაკერმა მოიყარა თავი. საკუთარ თავს ისინი რუსული ჰაკ-ანდეგრაუნდის წარმომადგენლებს უწოდებდნენ და პატრიოტულ ლოზუნგებს ავრცელებდნენ.
Stopgeorgia.ru აგრძელებდა არსებობას ომის შემდეგაც. 2009 წელს, როდესაც ქუთაისში, პარლამენტის ასაშენებლად საბჭოთა მეომრის მემორიალი ააფეთქეს, ჰაკერებმა კვლავ მიიტანეს იერიში ქართულ სამთავრობო ვებ-გვერდებზე.
“ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ისტორიული წარსულის განადგურებას,” – წერდნენ ისინი და სხვა ჰაკერებსაც საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ომისკენ მოუწოდებდნენ.