ალიევის და ფაშინიანის შეხვედრა მიუნხენში: როგორ მოვაგვაროთ ყარაბაღის კონფლიქტი?
რა ხდება ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო? – ასე დაისვა კითხვა 15 თებერვალს, მიუნხენის კონფერენციაზე, უნიკალური დისკუსიის ორგანიზატორების მიერ, რომლის მთავარი მონაწილეებიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი იყვნენ.
დისკუსია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. დიალოგის მოდერატორი რუსულ-ამერიკული ფონდის დირექტორი, სელესტე ვალანდერი იყო.
მოსაზრებების გაცვლა და კითხვებზე პასუხები 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
საჯარო განხილვამდე, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის ხანმოკლე, წინასწარი დახურული შეხვედრა გაიმართა.
დისკუსიის ძირითადი თეზისები
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება“:
„თუკი ვინმე სხვანაირად ფიქრობს და მიაჩნია, რომ სამხედრო გზით გადაიჭრება – ვფიქრობ, ყარაბაღელი ხალხი უპასუხებდა, რომ კონფლიქტი უკვე გადაჭრილია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანი მსოფლიო გვჭირდება… ჩვენი ვალია – ძალისხმევა არ დავიშუროთ გლობალური მშვიდობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთი და ყარაბაღი მზად არიან, ამისთვის რეალური ძალისხმევა გასწიონ“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს კონფლიქტი ეტაპობრივ დარეგულირებას საჭიროებს:
„ტერიტორიის ნაწილი უნდა გათავისუფლდეს და იძულებით გადასახლებულები დაბრუნდნენ. მთიანი ყარაბაღის სტატუსი შეიძლება მოგვიანებით გაირკვეს. სტატუსი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს“.
სომხეთის პრემიერმა გაიმეორა ის, რასაც ადრეც ამბობდა – რომ მთიანი ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა ყარაბაღელ, სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს უნდა აკმაყოფილებდეს. და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ილჰამ ალიევი არ გამოეხმაურა ამ იდეას:
„წინააღმდეგი არ ვიქნები, თუკი პრეზიდენტი ალიევი სომეხ ხალხს დაელაპარაკება. მაგრამ ის უარს ამბობს მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებთან საუბარზე. როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა, მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებთან საუბრის გარეშე?“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „მთიანიყარაბაღელი ხალხი არ არსებობს:
„ყარაბაღის არმია სომხეთის მოქალაქეებისგან შედგება და არის აგრესორი ქვეყანა – სომხეთი. ჩვენ მზად არ ვართ მთიან ყარაბაღთან საუბრისთვის. ისინი კონფლიქტის მხარე არ არიან. ჩვენ ვესაუბრებით აგრესორს – სომხეთს. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება“.
ლიდერებმა თავი ვერ შეიკავეს იმისგან, რომ არ გაემეორებინათ „ისტორიული ცნობების“ ტიპური მაგალითები, რომელსაც სპეციალისტები პროპაგანდას უწოდებენ.
ილჰამ ალიევმა თქვა, რომ „მე-19 საუკუნეში, ერევნის მოსახლეობის 70 პროცენტს აზერბაიჯანელები შეადგენდნენ“.
ნიკოლ ფაშინიანმა საპასუხოდ გაიხსენა სომხეთის მეფის, ტიგრან დიდის პერიოდი (95-55 წწ. ჩვენს ერამდე):
„ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა რომაელ მხედართმთავარ პომპეუსთან ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი მსოფლიო რუკაზე საერთოდ არ არსებობდა. ჩემს კოლეგას ვურჩევდი, ისტორიას არ შეეხოს, სხვა შემთხვევაში შემიძლია უფრო შორსაც წავიდე და ჩვენს ერამდელი ამბები გავიხსენო“.
______________________________________________
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1962 წლიდან, ყოველწლიურად იმართება. 1998 წლიდან მას გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს.
ფორუმის მონაწილეები პირველი 30 წლის განმავლობაში, სამხედროები და ნატოს წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური ლიდერები, ასევე, პოლიტოლოგები და მედიის წარმომადგენლები იყვნენ.
1990-იანი წლებიდან კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, აგრეთვე, ჩინეთის, ინდოეთისა და იაპონიის წარმომადგენლები.
2020 წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ მუშაობა 14 თებერვალს დაიწყო. მასში მონაწილეობდნენ საფრანგეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, სომხეთის, კანადისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრები, ავსტრიის კანცლერი, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატოსა და ეუთოს გენერალური მდივნები.
• სამი წელი ყარაბაღის „აპრილის ომიდან“. რა შეცვალა მან?
• ფაშინიანისა და აზერბაიჯანელი „ბლოგერის“ დიალოგი მილანის სომხურ ეკლესიაში