აზერბაიჯანთან ჩაკეტილი საზღვრის გამო საქართველომ 1,5 მილიონი ტურისტი დაკარგა და 400 მილიონი დოლარი იზარალა
აზერბაიჯანის ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ მეზობელ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან დაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო საქართველოში 1.5 მლნ ტურისტი ვერ შემოვიდა და ქვეყანამ 400 მლნ დოლარი დაკარგა.
ამის შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა. მან თქვა, რომ აზერბაიჯანთან დაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო საქართველომ ვერ მოახერხა პანდემიის შემდეგ ტურისტული ნაკადების სრულად აღდგენა.
აზერბაიჯანმა საკუთარი სახმელეთო საზღვრები ყველა მეზობელთან (რუსეთი, საქართველო, ირანი, სომხეთი) ჩაკეტა ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე პანდემიის გამო. თუმცა, პანდემია ოფიციალურად 2023 წლის მაისში დასრულდა, აზერბაიჯანი კი სახმელეთო საზღვრების გახსნას არ ჩქარობს. ბოლოს, ბაქომ კარანტინი 2023 წლის დეკემბერში გაახანგრძლივა კიდევ 2024 წლის 2 აპრილამდე.
ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე თითქმის ოთხი წელია, აზერბაიჯანიდან საქართველოში მოხვედრა და პირიქით, მხოლოდ ავიარეისებითაა შესაძლებელი. პანდემიამდე ორ ქვეყანას შორის ავტობუსების გარდა დადიოდა მატარებელიც.
JAMnews-ის კორესპონდენტმა სპეციალური საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით კომენტარისთვის მიმართა პოლიტიკურ დამკვირვებელს გაჯი ნამაზოვს.
„რატომ ამბობს აზერბაიჯანი დაჟინებით უარს სახმელეთო საზღვრების გახსნაზე? დროთა განმავლობაში, ვფიქრობ, ესეც ყველასთვის ნათელი გახდა. აზერბაიჯანი არ ხსნიდან საზღვრებს ირანიდან და რუსეთიდან მომავალი საფრთხეების გამო. თუმცა, დღეს ირანთან ღია საზღვრების რაიმე მნიშვნელოვან რისკზე საუბარი მეტისმეტია. ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ნორმალურია. მაგრამ კვლავ აქტუალურია აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების რისკი . არ გვჭირდება შორს ვეძებოთ მაგალითები თუ რა უარყოფითი შედეგი აქვს ასეთ შემოდინებას – ეს ჩანს საქართველოშიც, სადაც ფაქტიურად ყველაფერზე, განსაკუთრებით კი უძრავ ქონებაზე, მოკლე დროში ზედმეტად გაიზარდა ფასები”, – ამბობს აზერბაიჯანელი ექსპერტი.
აზერბაიჯანში ხალხი ითხოვს, რომ საქართველოსთან მაინც გაიხსნას საზღვარი, რათა მეზობელ ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანელების ოჯახებმა თავიანთი ნათესავების მონახულება შეძლონ. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოსთან საზღვარს აზერბაიჯანი გამონაკლისის სახით ვეღარ გახსნის, რადგან მერე მოუწევს მიზეზის მოფიქრება, თუ რატომ არ ხსნის საზღვარს სხვა მეზობლებთან.
საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსაც კი მიმართეს თხოვნით საზღვარის გახსნის თაობაზე, რათა ხალხმა შეძლოს ნათესავების მონახულება. პეტიცია ქართველი უფლებადამცველის, ეთნიკურად აზერბაიჯანელი სამირა ბაირამოვას ინიციატივით შედგა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანთან ჩაკეტილი საზღვრის გამო საქართველოში ტურისტული ვიზიტები 92%-ით აღდგა და არა 100%-ით (პანდემიამდელ მდგომარეობასთან შედარებით).
“იმედს ვიქონიებთ, რომ ეს გადაწყვეტილება მალე შეიცვლება, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფაქტის გამო ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა 1,5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და დაახლოებით $400 მლნ-მდე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვიდრე აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვარს ჩაკეტავდა, 2019 წელს, აზერბაიჯანი საქართველოში ლიდერობდა ვიზიტორების რაოდენობით და რუსეთს, თურქეთსა და სომხეთს უსწრებდა. შარშან კი ის მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა. საქართველოს ტურიზმში მეზობელ ქვეყნებს ტრადიციულად ყველაზე დიდი წილი უკავიათ.
“აზერბაიჯანელების არყოფნა ძალიან დაგვეტყო” – რას ამბობე სასტუმროების მფლობელები
რადიო თავისუფლებასთან საუბარში აზერბაიჯანელი ტურისტების ნაკლებობის გამო მიყენებულ დიდ ზარალს უჩივიან სასტუმროების მფლობელებმაც.
სასტუმრო „წყალტუბო სპა რეზორტის“ დირექტორი ანდრო ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი სტუმრების ნაკლებობას განსაკუთრებით ბალნეოლოგიური კურორტები გრძნობენ.
„ბალნეოლოგიური კურორტებისთვის აზერბაიჯანი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სხეულის გაჯანსაღება მათთვის კულტურის ნაწილია. ახლა მხოლოდ ავიარეისითაა საქართველოში მოხვედრა შესაძლებელი... თბილისში ჩამოსვლის შემდეგ წყალტუბომდეც ხომ უნდა გადაიხადონ ფული. თან თვითმფრინავის ბილეთები ძვირია, ავტომანქანით კიდე ოთხი ადამიანი მაინც ჩამოდიოდა ერთად. ამიტომ ვიზიტორების რიცხვი ძალიან შემცირდა“, – ამბობს ის.
„ინ ჯგუფი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – გუდაურში, ბაკურიანში, ახალციხეში, გორში სასტუმროებს ფლობს. მისი აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია ასევე ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ტურისტების რიცხვი მათ სასტუმროებშიც ძალიან შემცირებულია.
„აზერბაიჯანიდან ჩამოსული ყველა ადამიანი შეიძლება სასტუმროში არ რჩებოდა, მაგრამ აქედან სტუმრები მაინც გვყავდა ხოლმე. მათთვის ბაკურიანი ძალიან პოპულარული ადგილი იყო. შესამჩნევიც არის იქ აზერბაიჯანელი დამსვენებლების კლება. ზოგადად, მათ უყვართ მთის და გამაჯანსაღებელი კურორტები“, – ამბობს კოკაია.