"მათ ბოქლომი დაადეს ისტორიის შესწავლას". ვინ და რატომ აბრკოლებს საქართველოში საბჭოთა წარსულის კვლევას
კგბ-ს არქივი საქართველოში
საბჭოთა ისტორიის ქართველი მკვლევრები აცხადებენ, რომ საქართველოში წლიდან წლამდე ძნელდება წვდომა არქივებზე, სადაც საბჭოთა წარსულის შესახებ ინფორმაციაა დაცული. ისტორიკოსების თქმით, საბჭოთა წარსულის კვლევის პროცესს მიზანმიმართულად ართულებს ხელისუფლება.
შედეგად, ქვეყანაში საბჭოთა წარსულის შესახებ მწირი მეცნიერული კვლევებია, აცხადებენ ექსპერტები, სანაცვლოდ, კი, თავისუფლად ვრცელდება რუსული დეზინფორმაცია და საბჭოთა რესენტიმენტები.
_______________________________________________________
“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” იგივე სოვლაბი წლებია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მკვლევარია საბჭოთა წარსულის.
სულ ახლახან ამ ორგანიზაციის ხელშეწყობით, გამოვიდა წიგნი “საქართველო სტალინის წინააღმდეგ”, რომლის ავტორი მწერალი ლაშა ბუღაძეა.
წიგნი 1900-იანი წლებიდან 1922 წლამდე პერიოდს მოიცავს და დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიაში სტალინის აქტიურ ჩართულობას ეხება. ავტორის თქმით, ის გვიამბობს სტალინზე, როგორც დემოკრატიული საქართველოს მოწინააღმდეგეზე და იმაზე, თუ როგორ წაგვართვა მან მე-20 საუკუნე.
ბუღაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში საზოგადოება დღემდე მითების ტყვეობაშია სტალინთან დაკავშირებით. ამის მაგალითად მწერალს ბოლო შემთხვევა მოჰყავს, როდესაც სამების საკათედრო ტაძარში ერთ-ერთ ხატზე სტალინი იყო გამოსახეს და საზოგადოებს ერთმა ნაწილმა ამაში პრობლემა ვერ დაინახა:
“მორწმუნე სტალინი არის ოქსიმორონი. რანაირად შეიძლება იყოს მორწმუნე ადამიანი, რომელმაც 35 მილიონი მოკლა?! ეს ყველაფერი უვიცობისგან ხდება… ხალხმა არ იცის წარსული. შედეგად, რუსულ საბჭოთა მითებს საქართველოშიც ადვილად იჯერებენ და იმეორებენ,“ — ამბობს ბუღაძე.
იგი დარწმუნებულია, რომ სტალინიც რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია.
დახურული არქივები
მკვლევრები, რომლებიც საქართველოში საბჭოთა წარსულის შესწავლით არიან დაკავებული, თანხმდებიან, რომ საქართველო რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნეა. რუსეთი საქართველოში ცდილობს საერთო წარსულის შესახებ მითების გავრცელებას და ამ გზით გავლენის შენარჩუნებას.
მიუხედავად ამისა, რომ ეს ცხადი საფრთხეა, არაფერს აკეთებს მის გასანეიტრალებლად, ამბობენ ექსპერტები. ნაცვლად იმისა, რომ ხელს უწყობდნენ ქვეყნის შიგნით საბჭოთა წარსულის კვლევას და მეტი მეცნიერული ინფორმაციის გამოაშკარავებას ტოტალიტარულ წარსულზე, “ქართულ ოცნების” ხელისუფლება, პირიქით, დაბრკოლებებს უქმნის საბჭოთა წარსულის მკვლევრებს.
“ეს არა ბოლო თვეების ან წლების, არამედ დეკადის ტენდენციაა…, გაუმჯობესების ნაცვლად უფრო ჩაიკეტა სისტემა 2012 წლის შემდეგ… მანამდეც არსებობდა წინაღობები, კანონმდებლობაში შეუსაბამობები, მაგრამ პრაქტიკაში ნაკლებად მუშაობდა. ახლა კი, პირიქით, ვხედავთ რომ პრობლემა მწვავდება და მას აქვს გეგმაზომიერი ხასიათი”, — ამბობს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.
კატალოგების დამალვა და ამ გზით დოკუმენტების მოძიების გართულება; პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ბოროტად გამოყენება; მაღალი ფასები საარქივო მასალებთან მუშაობისას; შსს-ს არქივების დახურვა – ეს და სხვა ფორმალური თუ არაფორმალურ შეზღუდვები დაასახელეს სოვლაბის მკვლევრებმა ამ თემაზე გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.
ირაკლი ხვადაგიანი და გიორგი კანდელაკი
ფოტო — თამუნა გეგიძე / JAMnews
სოვლაბის პროექტების მენეჯერს, გიორგი კანდელაკს მაგალითად მოჰყავს ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა მასობრივი სამარხების ადგილმდებარეობის კვლევა. მისი თქმით, ამგვარი სამარხი ბევრია, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ერთია გახსნილი, რადგან “ლოკაციების პოვნა გართულებულია იმ მიზეზით, რომ მკვლევრებს რუკებზე წვდომას არ აძლევენ”.
შსს-ს არქივი
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საარქივო ფონდი, სადაც საბჭოთა დროინდელი დოკუმენტებია დაცული, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივია. ეს არქივი კომუნისტური პარტიის და სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ ანუ ე.წ. კგბ) დოკუმენტებს მოიცავს და მთავარი სამუშაო სივრცეა მათთვის, ვინც საბჭოთა წარსულისა და ტოტალიტარიზმს იკვლევს.
“ჩვენი არქივი, რომელიც მოიცავს საბჭოთა პარტიულ და უშიშროების საარქივო მასალებს, ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის – მკვლევრებისთვის, ჟურნალისტებისთვის, თუ წარსულის შემეცნებით და ინტერესებული ადამიანისთვის,” – აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ოფიციალურ გვერდზე, გრაფაში, სადაც საუბარია არქივის მიზნებსა და მისიაზე.
მიუხედავად ამ განცხადებისა, უკვე რამდენიმე თვეა, არა თუ საზოგადოების ნებისმიერ წევრს, არამედ მკვლევრებსაც შეზღუდული აქვთ წვდომა აქ დაცულ უნიკალურ მასალებზე.
არქივი სრულად დახურულია. ოფიციალურ მიზეზად დასახელებულია რეორგანიზაცია, თუმცა ისტორიკოსები ამ მიზეზის არ სჯერათ.
“თუ რეორგანიზაციაა, რატომ არ გვეუბნებიან, რა ტიპისაა, რატომ ხდება ის საზოგადოებისგან ფარულად?! ან რა შუაშია რეორგანიზაცია არქივის ფუნქციონირების სრულად შეჩერებასთან? თუ არსებულ ტენდენციას გავითვალისწინეთ, გვაქვს მოლოდინი, რომ სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, ან ფორმალურად გახსნიან, მაგრამ გაუარესდება პირობები“, – ამბობს ხვადაგიანი.
“ სინამდვილეში არანაირი რეორგანიზაცია ამ დაწესებულებაში არ მიმდინარეობს და ეს შეზღუდვა არის წმინდად პოლიტიკური შინაარსის, როგორც რუსეთში“, — ამბობს ისტორიკოსი, ბადრი ოყუჯავა.
JAMnews-მა არქივის დაკეტვის მიზეზის დადგენა შსს-ს პრესსამსახურში სცადა. იქ გვითხრეს, რომ ინფორმაცია წერილობითი ფორმით უნდა გამოგვეთხოვა. თუმცა, კანონით დადგენილი 13 დღიანი ვადის გასვლის შემდეგაც ვერ მივიღეთ პასუხი, რატომ არის დახურული არქივი და როდის იქნება იგი ხელმისაწვდომი.
ფოტო — შსს-ს არქივი
ოყუჯავა ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები უკვე თვეებია ვერ ახერხებენ საბჭოთა წარსულის კვლევასთან დაკავშირებულ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას:
„ახლა გვაქვს პროექტი, რომელსაც ილიას უნივერსიტეტთან ერთად ვაკეთებთ და რომლის ერთ-ერთი დონორი აშშ-ის საელჩოა. პროექტის მიზანია რეგიონის ექვსი ქალაქის შესახებ საბჭოთა ტერორის კონტექსტში გარკვეული კონტენტის შექმნა. ამ ყველაფერში პირდაპირ შეგვიშალა ხელი ამ შეზღუდვებმა. ქალაქების შესახებ, მათ შორის ანტისაბჭოურ აჯანყებებზე ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიძიებთ“, — ამბობს მკვლევარი.
მსგავსი პრობლემის წინაშე დგას ისტორიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი, ნოდარ ჩხაიძეც:
„ ახლა კონკრეტულ საკითხზე ვმუშაობ, მაგრამ ვერ დავასრულებ, რადგან კგბ-ს არქივი სრულად დაიხურა. თუ ასე გაგრძელდა შეიძლება წლობით გადაიდოს კვლევები“.
ნოდარ ჩხაიძე
ფოტო — კადრი ვიდეოდან მთავარი
“მე-19 და მე-20 საუკუნის ისტორია ფაქტობრივად თავიდან იწერება. თუ არ მიეცათ მკვლევრებს საშუალება, როგორ დაწერენ? მაშინ რიგითმა ადამიანებმა უნდა ისარგებლონ პროპაგანდისტულად შემოდინებული, გაურკვეველი მითოლოგიებით”, —აღნიშნავს ჩხაიძე.
სხვა დაბრკოლებები
გარდა ე.წ. კაგებეს არქივის დახურვისა, მკვლევრები სხვა დაბრკოლებებსაც ასახელებენ, რომლებსაც წლების განმავლობაში საბჭოთა წარსულთან მუშაობის დროს აწყდებიან.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებად მკვლევრები ეროვნულ არქივში მომსახურების მაღალ ტარიფს ასახელებენ. მაგალითად, მე-19 საუკუნის დოკუმენტის ქსეროასლის გადაღება და დამოწმება კი განაცხადის შეტანიდან 24 საათის შემდეგ ერთი გვერდი სამი ლარი ღირს.
სოვლაბის მკვლევარი ბადრი ოყუჯავას თქმით, ზოგჯერ ერთი კვლევისთვის ორი და სამი ათასი გვერდის ასლია საჭირო.
“როცა მკვლევრის ჰონორარი რაღაც პროექტში 1200-1500 ლარია, აბსურდული ფასებია და ცოტა წარმოუდგენელია ჩვენივე წინაპრების ისტორიაში ფულს რატომ ვიხდით და რატომ არ არის ეს ყველაფერი ყველასთვის ღია და უფასო”, — აცხადებს ოყუჯავა.
ბადრი ოყუჯავა
ფოტო — კადრი ვიდეოდან / ფორმულა
კიდევ ერთი დაბრკოლება არქივებში მუშაობისას, რასაც მკვლევრები წლებია ებრძვიან, კანონია.
“თითქოსდა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით პირდაპირ ზღუდავენ ყველა დოკუმენტზე წვდომას, რომელიც უფრო ახალგაზრდაა ვიდრე 70 წლის. თუ ასეთ დოკუმენტს გამოვითხოვთ, შიგნით არსებული ყველა პერსონალური მონაცემი არის დაშტრიხული, ” – ამბობს გიორგი კანდელაკი.
მისი განმარტებით, ამის გამო ისეთი საკვანძო მნიშვნელობის მოვლენების კვლევა რთულდება, როგორიც 1989 წლის 9 აპრილი ან 1978 წლის 14 აპრილია.
სოვლაბს ეროვნულ არქივთან 2017 წლიდან სასამართლო დავაც ჰქონდა. კერძოდ, მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ითხოვდა საბჭოთა რეჟიმის მიერ მასობრივად დეპორტირებული მოქალაქეების ნაწილის მონაცემებს, რომლებიც გულაგს ცოცხლები გადაურჩნენ, თუმცა ინფორმაცია დაშტრიხულად მიიღო.
მკვლევრები პრობლემას ხედავენ იმაში, რომ საარქივო პოლიტიკას ქვეყანაში განაგებენ ძალოვანი უწყებები:
„საარქივო სისტემა იუსტიციის სამინისტროს და შსს-ს დაქვემდებარებაშია ,” – ამბობს გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არაფორმალურად აკონტროლებს სხვადასხვა არქივს და წყვეტს, ვის მიეცემა დაშვება და ვის არა.
წესით, დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა ჰქონდეს ინტერესი, რაც შეიძლება ფართოდ გასაჯაროვდეს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულები, თუმცა პრაქტიკაში ყველაფერი პირიქითაა, აღნიშნავს კანდელაკი:
„ისინი თავს განიხილავენ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეებად და პრინციპული დამოკიდებულება აქვთ, რომ ეს ინფორმაცია არ გახდეს საჯარო“.
ფოტო — ეროვნული არქივი
მკვლევრების მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისთვის JAMnews-მა ეროვნულ არქივს მიმართა. ჩვენ საარქივო ინფორმაციის გამოყენების პროცედურებით დავინტერესდით. წერილობით პასუხში მათ ხაზი გაუსვეს, რომ საქმიანობისას, მათ შორის საარქივო დოკუმენტებთან ან/და მათ ასლებთან დაინტერესებული პირის დაშვების დროს, კანონით ხელმძღვანელობენ.
რა მიზანი აქვს შეზღუდვებს
“რას ემსახურება ეს? პოლიტიკური განათლების დონე წარსულის, რუსული იმპერიალიზმის, ტოტალიტარიზმის შესახებ რჩება დაბალი,” – ამბობს ხვადაგიანი. მეორე მხრივ, მისი თქმით, ვხედავთ “უწყვეტ რუსულ პროპაგანდას, რომლის შორსმიმავალი გეგმა არის, სრულიად მოხდეს ამ დანაშაულის დავიწყება, ან გადაკეთება და მორგება იმ მიზნებზე, რაც აქვს რუსეთის საინფორმაციო ომის მანქანას”.
“გრძელვადიანი მიზანი არის საქართველოში საზოგადოების დეზორიენტირება, ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და პრორუსული სიმპათიებს ზრდა, რასაც ხელს უწყობს წარსულის არცოდნა და არაინფორმირებულობა რუსული იმპერიალიზმის და ტოტალიტარული წარსულის შესახებ“, — ამბობს ხვადაგიანი.
ქართველი მკვლევრები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვების პრაქტიკა ძალიან ჰგავს რუსულს და გამოთქვამენ ეჭვს, რომ ეს ქმედებები კოორდინირებულია რუსულ ინსტიტუტებთან.
„როდესაც არქივები ღიაა, გამჭვირვალეა და ამ ყველაფერზე არის წვდომა, რა თქმა უნდა, ცხადად და შეულამაზებლად ჩანს რუსული ოკუპაციის და ტოტალიტარიზმის რეალური სახე. ეს სტრატეგიულად ამ ხელისუფლებას არ აწყობს, რადგან პრორუსულია და საინფორმაციო მანიპულაციებში, ანტიდასავლურ რიტორიკაში, პრორუსულ სენტიმენტებში არის ჩართული. შესაბამისად, თუკი ინფორმაცია მოქალაქეების თვალწინ იქნება, ეს სერიოზულ გამოწვევას შეუქმნის მათ“, — აღნიშნავს ირაკლი ხვადაგიანი.
“დაწესებული შეზღუდვები იმდენად ხელოვნურია, რომ აჩენს ეჭვს, მიზანმიმართულად არის შექმნილი, რადგან საბჭოთა წარსულის ზედმეტი ქექვა აღიზიანებთ. და რა თქმა უნდა ეს შეზღუდვები ზემოდან მოდის,” – ამბობს ნოდარ ჩხაიძე.
მწერალი ლაშა ბუღაძეც მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ბოქლომს ადებს ისტორიის იმგვარ შესწავლას, რომელიც მათი აღქმით გარკვეული კულტების კრიტიკას გულისხმობს.
“აგერ გამოჩნდა, რომ სტალინის ფაქტორიც კი მათთვის სათუთია, ხმას ვერ იღებენ. სტალინის არათუ კრიტიკა, არამედ ფენომენის ანალიზი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხდება რუსეთში და შესაძლოა იგივე ტენდენციასთან გვქონდეს საქმე“, — ამბობს ბუღაძე.
მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიანი ხატი, რომელიც სამებაში შეიტანეს
მწერალი განმარტავს, რომ საბჭოთა წარსულის გადაწერის ან დამალვის ინტერესი ახალი არ არის და ის, რაც ჩვენთან ახლა იკრებს ძალას, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში დიდი ხანია დაიწყო. მიზეზი კი მარტივია — კონტროლის მექანიზმის მოპოვება.
“დიქტატორებს და ტირანებს ყოველთვის ეშინიათ მეხსიერების, ისტორიკოსების, მწერლების, ჟურნალისტების, იმიტომ, რომ ისინი ერთგულები არიან იდეის, რომ არაფერი არ ქრება. ეს ხდება ახლაც“, — აღნიშნავს ლაშა ბუღაძე.